გზა მოსამართლეობისკენ

15.05.2023

იმის დასადგენად, თუ რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა ხელისუფლების სხვა შტოებისაგან, სხვა ფაქტორებს შორის, ყურადღებას ამახვილებენ მოსამართლის დანიშვნის წესზე.1 მყარად დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მოსამართლეთა პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა ეყრდნობოდეს, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კანდიდატების კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა. საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლის დანიშვნის წესი, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, არაერთხელ მოექცა საკანონმდებლო ფოკუსში და სხვადასხვა ცვლილებას დაექვემდებარა. ხელახალი ფორმირებების გზით, ის უფრო მეტად აღწევდა აღიარებულ სტანდარტებთან ფორმალურ შესაბამისობას, თუმცა, ეს არასოდეს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სინამდვილეში ისე წარმართულიყო, რომ შედეგად, საზოგადოების ნდობა მოეტანა სასამართლო ხელისუფლებისთვის. 

რა მოეთხოვებოდათ მოსამართლეობის კანდიდატებს? 

დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებასთან ერთად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის ორგანულმა კანონმა დაადგინა მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის წესი, საჯარო კონკურსის მეშვეობით. მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევდა და შერჩეულ კანდიდატურებს წარუდგენდა საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასამტკიცებლად. იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად აუცილებელი პირობა იყო, რომ კანდიდატი ყოფილიყო მინიმუმ 30 წლის, ჰქონოდა 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ჩაებარებინა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. კონკურსის ჩატარების პირობები დადგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2007 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს “ექსკლუზიური” უფლებამოსილება გახდა. საბჭო მოსამართლეებს „საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, წარდგენილი საკითხების თავისუფლად და მიუკერძოებლად შეფასების უნარის გამოვლენის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით“ ირჩევდა. კონკურსის პროცედურები გაწერილი იყო საბჭოს დებულებით კანდიდატთა შერჩევის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 4 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, რომლითაც დასწიეს ზღვრული ასაკი - მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა შესაძლებელი გახდა 28 წლის ასაკიდან. ამასთან, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წინაპირობა გახდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა. მხედველობაში იღებდნენ რიგით ნომერს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას. სიახლეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატს იწვევდნენ სხდომაზე და უტარებდნენ გასაუბრებას.2 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განაახლა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატების შერჩევის შესახებ ითვალისწინებდა კონკურსის ჩატარების პროცედურებს, როგორიცაა საკონკურსო განაცხადების წარდგენის წესი, კონკურსის პირობები, საბუთების წარდგენის ვადა, და, მათ შორის, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები თანამდებობაზე შესარჩევად. კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია განსაზღვრულ ქულათა სკალით ფასდებოდა. ერთი შეხედვით, საკანონმდებლო ნორმები სათანადოდ არეგულირებდა პროცესს, თუმცა კითხვები მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხი დგებოდა. 

მაგალითისთვის, 2009 წელს სამჯერ ჩატარდა კონკურსი, მეორე ეტაპის კონკურსანტები გამოვლინდნენ საბჭოს თებერვლის, მაისის და სექტემბრის გადაწყვეტილებებით. სწორედ ამ პერიოდში პირველად გამწესდნენ მოსამართლის თანამდებობებზე სერგო მეთოფიშვილი, რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო. ამავე პერიოდში მოსამართლე ლელა კალიჩენკოს, რომელსაც 1999 წლიდან მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და 2009 წელს ამოეწურა უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, იგი მოსამართლედ აღარ დანიშნეს. კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ კონკურსში არაერთხელ მონაწილეობისა და რამდენიმე უარის შემდეგ, ის თანამდებობაზე 7 წლის შემდეგ, 2016 წელს გამწესდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლელა კალიჩენკოს დანიშვნა ერთ-ერთი მაგალითია იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი, მოსამართლეობის 10-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, კონკურსში რამდენიმე უარის შემდეგ დანიშნეს მოსამართლის თანამდებობაზე. 

რა შეცვალა რეფორმის სამმა ტალღამ?

2012 წლიდან, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. თუმცა, გასაკვირია, რომ სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღების დღის წესრიგში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ბუნდოვანი პროცედურების გამოსწორების საკითხი არ დამდგარა.

მხოლოდ 2014 წელს რეფორმირების პროცესმა მოიცვა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი და სხვა მნიშვნელოვან თემები, როგორიცაა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება და ა.შ. 2014 წელს დაწყებული სამუშაო პროცესის დიდხანს გაგრძელდა და ორგანულ კანონში ცვლილებები 2017 წლის დასაწყისში შევიდა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით არაერთი სიახლე დაინერგა, თუმცა მოგვიანებით პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიახლეებს მოსამართლეების დანიშვნების პრაქტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ მოუხდენია.
 
ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში განხილვა დაიწყებოდა, პროექტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და პოზიტიურად მიიჩნია ნათელი და განჭვრეტადი კრიტერიუმების შემოღება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. ამასთან, რამდენიმე პრობლემური გარემოება გამოყო: 

  • მიიჩნია, რომ უნდა დაზუსტებულიყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ისეთი ობიექტური კრიტერიუმების გამოყენება, როგორიცაა მოსამართლეთა პროფესიული უნარები, შესაძლებლობები და პატიოსნება და არა პოლიტიკური შეხედულებები;
  • არ დაეთანხმა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, რადგან შესაძლოა ამას კანდიდატების დისკრიმინაცია გამოეწვია;
  • მისი მოსაზრებით, ხარვეზიანი იყო კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების წესი, რომელიც ფინანსების თაობაზე წვდომასაც ითვალისწინებდა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს ქმნიდა;
  • მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა, არ მოიწონა ის, რომ კანონპროექტი გამორიცხავდა წარუმატებელი კანდიდატის შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა საბჭოს გადაწყვეტილება.


რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებები პროცედურული დარღვევით და რეალურად მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დასანიშნად მიიღო პარლამენტმა, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ვენეციის კომისიის მოწონებული ვერსია რამდენჯერმე შეიცვალა პარლამენტში და საბოლოოდ მივიღეთ სრულიად განსხვავებული შინაარსის მქონე საკანონმდებლო პაკეტი. მდგომარეობას უფრო ამძიმებდა კანონის მიღება პროცედურული დარღვევებით - საკანონმდებლო ინიციატივის მესამე მოსმენით განხილვისას კანონპროექტის ტექსტში განხორციელდა შინაარსობრივი ცვლილება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა მხოლოდ რედაქციული სახის ცვლილებები.

არსებითი ცვლილებები შეეხებოდა ორგანული კანონის 351-ე მუხლს და 364-ე მუხლის მეორე პუნქტს, რის საფუძველზეც, უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები თავისუფლდებოდნენ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლისგან მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისას. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებოდნენ. ამ საგამონაკლისო წესის დამატება პროექტში დაემთხვა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. იგი თანამდებობაზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნა, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისგან განსხვავებით, რომელთაც, ასევე, სამოსამართლო საქმიანობის 3 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ. იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო მხოლოდ უზენაეს სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს (2017 წლის 11 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა დაინიშნა უვადოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში), სხვა გამოცდილი მოსამართლეები თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა გადიოდნენ გამოსაცდელ ვადას, რაც სრული აბსურდი იყო. 

გარდა მიხეილ ჩინჩალაძისა, რომელიც საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, უვადოდ დაინიშნა, სადავო ჩანაწერით სარგებლობას ელოდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც 2018 წლის ბოლოს უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ამავდროულად, სხვა მოსამართლეები, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის გამოცდილება არ ჰქონდათ ინიშნებოდნენ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, სახელდობრ:

  • ილონა თოდუა, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 2007 წლიდან, საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
  • თეა ძიმისტარაშვილი მოსამართლის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა, საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • მოსამართლე თამარ ზამბახიძე, 2007 წლიდან მოსამართლის თანამდებობას იკავებდა, საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • მოსამართლე ნანა დარასელია, 2007 წლიდან მოსამართლის თანამდებობას იკავებდა, საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

    სია გრძელია, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საბჭოს გადაწყვეტილება 2017 წლის 11 მაისს თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეების შესახებ. 

 
გარდა იმისა, რომ ზემოთ აღწერილი საკანონმდებლო ცვლილება, პროცედურული დარღვევით მიიღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოცდილების მქონე მოსამართლეების 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესების შესახებ დებულება არაკონსტიტუციურად ცნო, რის შემდგომაც კვლავ შევიდა ცვლილება ორგანულ კანონში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 794-ე მუხლი) მოსამართლეების დიდი ნაწილი ეტაპობრივად გაამწესა უვადოდ მოსამართლის თანამდებობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არაერთხელ შევიდა ცვლილება ორგანულ კანონში, დღეისათვის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები, კვლავ ტოვებს შესაძლებლობას, რომ მოსამართლეები დაინიშნონ ისეთი არაფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა გავლენიანი ჯგუფების მიმართ ლოიალობა, ერთგულება, სანდოობა ან მორჩილება.

სასამართლო სისტემაში დღეს მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილია შესავსები, თუმცა კონკურენცია დაბალია. მაგალითად, 2022 წლის 25 ნოემბერს გამოცხადებული იყო კონკურსი 76 ვაკანტურ ადგილზე რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში. საბოლოოდ თანამდებობაზე მხოლოდ 1 ახალი მოსამართლე დაინიშნა. შესაბამისად, საჭიროა ისეთი ზომების გატარება, რომელთა საფუძველზეც შესაძლებლობა გაუჩნდებათ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ახალ კადრებს, რომ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა.

სქოლიო:

1. მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპების კომენტარები, პუნქტი 26.
2. მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 1998 წლის 25 მარტის, #176.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.