პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დანიშნა

15.07.2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 15 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე კახა წიქარიშვილი დანიშნა. 

კახა წიქარიშვილი ერთ-ერთია იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ გაუწია რეკომენდაცია. მეორე კანდიდატი კი გიორგი ბურჯანაძე იყო. 

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ”- ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის დანიშვნა.  ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავაა, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 21 ივნისს მიღებული განკარგულებით გამოცხადდა კონკურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:  

  • გურამ იმნაძე  - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი;
  • ქეთევან ერემაძე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ბესიკ ლოლაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პროფესორი;
  • ნონა ქურდოვანიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თამარ ლალიაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი დავითური - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ზურაბ ვარდიაშვილი - ონლაინგამოცემა "პუბლიკას" დირექტორი. 

კომისიის წევრებს შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავების მიზნით დაევალათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება კვალიფიკაციის, რეპუტაციის, დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ  პრეზიდენტი არ იყო ვალდებული გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინა კომისიის შეფასებები, რომელიც კომისიის შეფასება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია 2024 წლის 1-ელ ივლისს დასრულდა. კონკურსში სულ დარეგისტრირდა 5 პირი:

  • დიმიტრი გაბუნია
  • გიორგი ბურჯანაძე
  • კახა წიქარიშვილი
  • მანუჩარ კაკოჩაშვილი
  • თამარ ალფაიძე

კანდიდატებთან გასაუბრება 2024 წლის 11 ივლისს გაიმართა. გასაუბრების პროცესს აგრეთვე ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ექსპერტები, რომლებსაც გასაუბრების დასრულების შემდგომ ევალებოდათ შესაბამისი ანგარიშის მომზადება. 

გასაუბრების დაწყებამდე კომისიის წევრებმა კანდიდატებს ჰკითხეს ხომ არ სურდათ, კომისიის რომელიმე წევრის აცილება. არცერთ კანდიდატს კომისიის რომელიმე წევრის მიმართ აცილება არ განუცხადებია. ამის შემდეგ კანდიდატებისთვის განისაზღვრა რამდენიმე წუთი, იმისათვის, რომ მოკლედ ესაუბრათ მათ პროფესიულ გამოცდილებაზე. ავტობიოგრაფიის წარდგენის შემდეგ კომისიის წევრებმა კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს.

შეკითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: სასამართლო სისტემაში, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული გამოწვევები და კანდიდატების ხედვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ფარგლები, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, ვეტინგის პროცედურა და სხვა. 

კანდიდატების უმრავლესობამ ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო, დაუბალანსებელი ძალაუფლების პრობლემას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის ნაკლებობასა, ასევე მოსამართლეთა ე.წ „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის საჭიროებას. 

გიორგი ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯაროობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში, ის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ასევე ისაუბრა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე და 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების პრობლემურობაზე, რომლითაც არაერთი საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ხოლო „ვეტინგის“ მექანიზმის  დანერგვის იდეას  მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ „ეს არის კარგი საშუალება, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა იყოს აღდგენილი.“ 

დიმიტრი გაბუნიამ ისაუბრა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე, მოსამართლის მივლინების საკანონმდებლო წესით გამოწვეულ რისკებზე, საქმის ელექტრონული განაწილების წესის ხარვეზიანობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჭარბი ძალაუფლების პრობლემაზე, მისი განცხადებით „დღევანდელ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამონებული ჰყავს მთლიანად სასამართლოს სისტემა.“

მანუჩარ კაკოჩაშვილმა პრობლემად დაასახელა სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა შეუვსებელი ვაკანსიები, სასამართლოს გადატვირთულობა, საქმეთა გაჭიანურების პრობლემა, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის არასწორად გამოყენება. 

კახა წიქარიშვილმა გასაუბრებისას ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობასა და აგრეთვე იმას, რომ აღნიშნული მექანიზმის დანერგვა პირველ რიგში, მოითხოვს შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობას. წიქარიშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა სასამართლოში კლანური გავლენების არსებობასა და საქმეთა გაჭიანურებაზე. 

თამარ ალფაიძემ გასაუბრებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გაიმიჯნოს იუსტიციის უმაღლეს სკოლისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებიდან. მისი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის კვალიფიკაცია და არამოსამართლე წევრების შემთხვევაში ისინი აკადემიური ხაზით უნდა აირჩეოდნენ. აგრეთვე აღნიშნა, რომ საბჭოს წევრად დანიშვნის შემთხვევაში ის ეცდება რომ იყოს „ხმაურიანი“ და კრიტიკული საბჭოს წევრებთან მიმართებით. 

თუ ახლადდანიშნული არამოსამართლე წევრის კახა წიქარიშვილის გასაუბრებაზე გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ მოსალოდნელია, რომ ის თავისი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება აღნიშნულ თანამდებობაზე, რადგან  მოქმედ წევრს, თამარ ღვამიჩავას არათუ განსხვავებული მოსაზრებები, ინიციატივებიც კი არ წარმოუდგენია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე.