იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, მოსამართლედ განწესებაზე უარის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, დაუსაბუთებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები ორგანული კანონით განსაზღვრულია, საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, წესით, მათგან უნდა გამომდინარეობდეს, არ არის საკმარისად ცხადი და დამაჯერებელი.
კითხვებს იწვევს ის გარემოება, რომ კანდიდატებს, რომლებსაც უარი ეთქვათ დანიშვნაზე, რამდენიმე ხანში იუსტიციის საბჭო მათ ისე ნიშნავს თანამდებობაზე, რომ კანდიდატების ბიოგრაფიაში არსებითად არაფერი იცვლება. მაშინ რატომ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მათ თანამდებობაზე, თუ ერთხელ მათი კანდიდატურა არ მოიწონეს? რა ხდება მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმიდან დანიშვნამდე პერიოდში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი პრაქტიკა შეისწავლა.
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ორგანული კანონით დაზუსტდა საბჭოს აქტების სამართლებრივი ბუნება. გადაწყვეტილებები მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე/ან მასზე უარის თქმის თაობაზე, მიღებულია განკარგულების სახით და წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა, ისევე როგორც უარი, უნდა დასაბუთდეს წერილობით, ასევე მიეთითოს შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა მოსამართლის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების სტანდარტი: „დასაბუთებულობა უკავშირდება თანამდებობაზე განწესების მთელ პროცესს (როგორ წარიმართა ეს პროცესი და რამ განაპირობა ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნა ან დანიშვნაზე უარის თქმა). ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს შეფასების როგორც კრიტერიუმების, ასევე მთლიანად შეფასების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე მაქსიმალურად აგებას და სუბიექტური კრიტერიუმების მინიმუმამდე დაყვანას.“ საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ „საბჭოს მიერ ნათლად უნდა იყოს ახსნილი კანდიდატის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები... მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადამოწმება არის შესაძლებელი, და არა ფორმალურად შედგენილი „შაბლონურად“ დასაბუთებული აქტის“.
წინამდებარე სტატიაში სამ ჯგუფად არის დაყოფილი მოსამართლის თანამდებობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებები, მათი დასაბუთებულობის გასაანალიზებლად:
საერთო სასამართლოების სისტემაში არიან მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მიუხედავად, არ გაამწესეს მოსამართლის თანამდებობაზე ან დანიშნეს რამდენიმეგზის უარის მიღების შემდეგ.
ასეთია მოსამართლე ზვიად ესებუას შემთხვევა, რომელიც 1993 წლიდან მუშაობს სასამართლო სისტემაში და თავდაპირველად სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუგრძელდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე. ამ აქტის მიღებიდან 1 წლისა და 9 თვის შემდეგაც, მოსამართლეს არ ჰქონდა დასრულებული საქმეების განხილვა. 2015 წლის 21 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლო სისტემის გამართულად საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ესებუა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
მოგვიანებით, 2017 წელს, ზვიად ესებუამ მონაწილეობა მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში და მას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი უთხრეს. ვითარება შეიცვალა 2020 წელს, როდესაც საბჭომ ბატონი ესებუა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა. საბჭოს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მითითებულია, რომ მოსამართლე ზვიად ესებუას სამოსამართლო საქმიანობის 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მას არ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი და არც დისციპლინური დევნა დაწყებულა მის მიმართ.
გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები 2013-2015 წლების ვითარება, როდესაც ის საქმეების განხილვას აჭიანურებდა. საინტერესოა, რა გახდა თანამდებობიდან გათავისუფლებული და შემდეგ ერთხელ უარით გასტუმრებული მოსამართლის 2020 წელს მოულოდნელად სისტემაში დაბრუნების მიზეზი. მის მიერ წარდგენილ ბიოგრაფიაში არ ფიქსირდება რაიმე სახის პროფესიული წინსვლა, რომელიც მისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემის და, მით უმეტეს, უვადოდ განწესების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
მოსამართლე ზვიად ესებუას ბიოგრაფია წარდგენილი საბჭოში მოსამართლის კონკურსში მონაწილეობის დროს, ანალოგიურია 2018 წლის და 2020 წლების ბიოგრაფიები.
შემდეგი საინტერესო მაგალითია მოსამართლე ლელა კალიჩენკოს შემთხვევა. მან 1999 წელს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაიწყო მუშაობა. 2009 წლის საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ამ პერიოდში მოსამართლე კალიჩენკო მონაწილეობდა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში, თუმცა უარი უთხრეს თანამდებობაზე განწესებაზე. მოგვიანებით, 2015 წლის ივლისსა და ნოემბერში გამართულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა – უშედეგოდ. ის სისტემაში მხოლოდ 2016 წელს დაბრუნდა და განწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ჩნდება შეკითხვა, რატომ დაუწუნა საბჭომ კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება მოსამართლეს 2009-2015 წლებში, ხოლო 2016 წელს დადებითად შეაფასა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში დამატებითი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები/კურსები არ გაუვლია.
აღნიშნული შემთხვევების საპირისპირო მაგალითია საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან დუგლაძის მიმართ. ქალბატონი დუგლაძე 1999 წლიდან მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, 2010 წლიდან – თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოგვიანებით, 2019 წელს, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქეთევან დუგლაძემ 2019, 2020, 2021 წლებში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი უთხრეს. 2021 წელს მას განცხადება წარდგენილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, გორის რაიონული სასამართლოსა და სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე. მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გაურკვეველი რჩება მიზეზი, რატომ არ განაწესეს თანამდებობაზე, 20-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მიუხედავად. ანალოგიურია მოსამართლე ლეილა კოხრეიძის შემთხვევაც, რომელმაც მოსამართლედ დანიშვნაზე უარი მიიღო, მიუხედავად ხანგრძლივი სამოსამართლო გამოცდილებისა (ის ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრია).
ცალკეულ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს თავდაპირველი მცდელობებისას უარი უთხრეს მოსამართლედ განწესებაზე. მაგალითად, ლელა ჭინჭარაული იუსტიციის უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა მოსამართლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა 2018 წელს საბჭომ მას უარი უთხრა თანამდებობაზე დანიშვნაზე, მხოლოდ 2019 წლიდან დანიშნეს. მსგავსი იყო მოსამართლეების ნინო გოგატიშვილის და ალექსანდრე ლომიძის შემთხვევებიც - უარის მიღების შემდეგ დანიშნეს თანამდებობებზე.
განსხვავებული იყო მოსამართლე ია ბარამიძის დანიშვნა, რადგან მას სკოლის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი ვადით მოუწია ლოდინი, ვიდრე მოსამართლედ განაწესებდნენ. იგი 2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. ბარამიძე მოსამართლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 2014 წლიდან მონაწილეობდა. საბჭომ მხოლოდ 2020 წელს დანიშნა ის თანამდებობაზე. საინტერესოა, რატომ ეუბნებოდა საბჭო უარს მოსამართლის პოზიციაზე დანიშვნაზე სკოლის მსმენელს 5 წლის განმავლობაში. მის ბიოგრაფიულ მონაცემებში არაფერი შეცვლილა ამ წლების განმავლობაში. მოსამართლე ია ბარამიძის ბიოგრაფიები უცვლელი იყო, რომლებიც მან 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში წარადგინა საბჭოში.
2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, მოსამართლეები თანამდებობაზე არა 10 წლის ვადით, არამედ უვადოდ განწესდებიან. ამასთან, კონსტიტუციაში დარჩა მოსამართლის უვადოდ განწესებამდე მისი არაუმეტეს 3 წლით დანიშვნის შესაძლებლობა. აღნიშნული ჩანაწერის კრიტიკის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ „საცდელი ვადების განსაზღვრამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსამართლეების დამოუკიდებლობას, ვინაიდან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ წნეხის ქვეშ, მიიღონ გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გზით. [...]“
საგულისხმოა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ვრცელდებოდა იმ მოსამართლეების მიმართაც, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება ჰქონდათ. გაუგებარი რჩებოდა, რა მიზანს ემსახურებოდა პირის მოსამართლედ ხელმეორედ განწესება განსაზღვრული ვადით. გამოსაცდელი ვადის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლის თანახმად, მოსამართლის წარსული საქმიანობა სრულად იძლევა მისი ობიექტურად შეფასების საშუალებას და გამოცდილების მქონე მოსამართლეების 3 წლით თანამდებობაზე განწესება არ წარმოადგენს აუცილებლობას.
შექმნილი საკანონმდებლო მოცემულობის გამოსასწორებლად ცვლილება მომზადდა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს 794-ე მუხლი დაემატა. ახალი ჩანაწერის თანახმად, 3-წლიანი და მეტი გამოცდილების მქონე მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიემართათ საბჭოსთვის უვადოდ (გა)დანიშვნის თაობაზე.
აღნიშნული დებულება იუსტიციის საბჭომ ისე გამოიყენა, რომ მოსამართლეთა ნაწილი იმავე პოზიციასა და იმავე სასამართლოში დანიშნა უვადოდ, ნაწილს კი უარი უთხრა, დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე. აღნიშნული მოსამართლეები იძულებულნი გახდნენ, კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, რადგან გამოსაცდელი ვადა ეწურებოდათ. ეს პროცესი კი ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეწოლის ხელსაყრელი საშუალება გახდა, რის საფრთხესაც თავიდანვე პროგნოზირებდა ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, როცა ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეების გარკვეული ვადით თანამდებობაზე განწესებას ჯერ კიდევ 2010 წელს.
ფაქტები ასე გამოიყურება:
გამოკვლეული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევები უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. სივრცე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩება თვითნებური გადაწყვეტილების მისაღებად ამ პროცესში, შეუთავსებელია დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების იდეასთან. ამ პროცესის გაჯანსაღება ინტეგრალური ნაწილია სასამართლო რეფორმისა, რომელსაც ევროკომისია საქართველოსგან მოელის.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.