მოსამართლეთა თანაშემწეები მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ,,კომპეტენტურ თანაშემწეებს შეუძლიათ ღირებული მხარდაჭერა გაუწიონ მოსამართლეებს და მონაწილეობა მიიღონ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებაში.’’
თანაშემწეები ეხმარებიან მოსამართლეებს, როგორც სამოსამართლო, ისე ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებაში. ისინი ამზადებენ გადაწყვეტილების პროექტებს, კომუნიკაციას აწარმოებენ მხარეებთან, აწვდიან ინფორმაციას სამართალწარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ფაქტობრივად, ისინი წარმოადგენენ შუამავალს მხარესა და მოსამართლეს შორის,1 რადგან საქართველოს კანონმდებლობით, მხარეს, სასამართლო პროცესს მიღმა, მოსამართლესთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს. აქედან გამომდინარე, მოსამართლის თანაშემწეებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ.
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს შეფასებით, იმ ქვეყნებში, სადაც მოსამართლეთა თანაშემწეები აქტიურად მუშაობენ და ჩართული არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსამართლეები ახერხებენ, რომ უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა უფლებების სრულყოფილად დაცვა.
მოსამართლის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად მთავარი მოთხოვნები უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლაა. ეს უკანასკნელი 2-თვიან სწავლებას გულისხმობს და მისი საფასური 800 ლარია. სასწავლო კურსის გავლის მსურველმა ჯერ მისაღები გამოცდა უნდა ჩააბაროს, ხოლო კურსის გავლის შემდეგ, ფინალური გამოცდა, სადაც 100-დან სულ მცირე, 70 სწორი პასუხი უნდა მოაგროვოს.
სპეციალური სასწავლო კურსის გავლა არ დასჭირდებათ კანდიდატებს, რომელთაც მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
საერთო სასამართლოების სისტემაში განასხვავებენ ორი სახის თანაშემწეს: მწერალ თანაშემწეს და თანაშემწეს.
მწერალი თანაშემწის პოზიცია გათვალისწინებულია მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში, სააპელაციო სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოში.
საქალაქო (რაიონული) სასამართლოების შემთხვევაში, მწერალი თანაშემწეები წარმოადგენენ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თანაშემწის ხელფასი განსხვავებულია რუსთავისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანაშემწის ხელფასებისგან.თბილისის საქალაქო სასამართლოს თანაშემწის თანამდებობრივი სარგო 2420 ლარი, ხოლო რუსთავის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანაშემწისა - 1760 ლარია.
სააპელაციო სასამართლოების მწერალ თანაშემწეებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ - 2750 ლარი და, საქალაქო სასამართლოების მსგავსად, წარმოადგენენ მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. თანაშემწის თანამდებობრივ სარგოების სხვაობა თბილისსა და ქუთაისს სააპელაციო სასამართლოებს შორის არ არის. უზენაესი სასამართლოს მწერალი თანაშემწის შრომის ანაზღაურება კი 3850 ლარია.
მეორე კატეგორიის თანაშემწეები მეორადი სტრუქტურული ერთეულის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს წარმოადგენენ. ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში მათი თანამდებობრივი სარგო 1650 ლარია ანუ მწერალი თანაშემწეების ხელფასზე 100 ლარით ნაკლები; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაშემწის თანამდებობრივი სარგო განსხვავებულია და 2090 ლარს შეადგენს.
საინტერესო ფაქტია, რომ ზოგიერთ სასამართლოს აპარატში (ამბროლაურის რაიონული სასამართლო, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო და ცაგერის რაიონულ სასამართლო) თანაშემწის შტატი არ არის გათვალისწინებული, მხოლოდ სხდომის მდივანი უწევს დახმარებას მოსამართლეს საქმიანობის განხორციელებაში.
კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, ეცნობა მათ საჩივრებსა და განცხადებებს რეაგირების მიზნით, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს დაკავშირებულ სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით, ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.2
სამუშაო აღწერილობების მიხედვით, რომელთაც სასამართლოს თავმჯდომარეები ამტკიცებენ, მწერალი თანაშემწეებისგან განსხვავებით, თანაშემწეები შინაარსობრივთან ერთად, ტექნიკურ ფუნქციებსაც ასრულებენ; მწერალი თანაშემწეები კი მხოლოდ გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებაზე არიან პასუხისმგებელნი.
(დანართი #1)
1. ახორციელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ეცნობა მათ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
2. მოსამართლის დავალებით ადგენს სასამართლო აქტების, ასევე სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების პროექტებს, უზრუნველყოფს მათ სრულყოფას და სიზუსტეს და წარუდგენს მოსამართლეს.
3. ახორციელებს საქმისწარმოებას, მათ შორის: მიღებული კორესპონდენციის შენახვას, მხარეებისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს სასამართლო დოკუმენტაციის გადაცემას, სასამართლო სხდომისათვის საქმის მომზადებას;
4. უზრუნველყოფს მხარეთათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინებას, აგზავნის სასამართლო უწყებებს, აკონტროლებს უწყებათა სასამართლოში დაბრუნებას და აწვდის ინფორმაციას მოსამართლეს ადრესატისთვის მათი ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ, უწყებების ჩაუბარებლობის შემთხვევაში ახდენს ადრესატების ინფორმირებას სხდომის თაობაზე სხვა ალტერნატიული გზით. ასევე ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს პროცესის მონაწილეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე;
5. ადგენს სასამართლოს სხდომების გრაფიკებს;
6. უზრუნველყოფს საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნებას;
7. უზრუნველყოფს ნივთიერ-მტკიცებულებათა შენახვას;
8. უზრუნველყოფს საქმის დაცვა/შენახვას;
9. აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მხარეთათვის გადასაცემ დოკუმენტაციას;
10. უზრუნველყოფს საქმის მასალების ქრონოლოგიურ აღწერას და შეკერვას;
11. ახდენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების აღსრულებას;
12. უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული, დამთავრებული საქმეების კანცელარიისთვის გადაცემას, მათ სრულყოფას და სიზუსტეს;.
13. უზრუნველყოფს ზუსტი და დროული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისი სამსახურისთვის მომზადებას და გადაცემას;
14. ახორციელებს საპროცესო დოკუმენტების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში განთავსებას და დაშტრიხვას სათანადო წესით;
15. მოთხოვნისამებრ და კომპეტენციის ფარგლებში აცნობს სამუშაო პროცესებს ახალ თანამშრომელს ან/და სტაჟიორს;
16. საჭიროების შემთხვევაში, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ასრულებს სხდომის მდივნის ფუნქცია-მოვალეობებს.
17. კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებებს;
18. ახორციელებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
(დანართი #2, დანართი #3)
2022 წელს გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსამართლეთა თანაშემწეებს მინიმალური სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ, 1 ან 2 წლით იურისტად მუშაობის ვალდებულება. უცხო ენის ცოდნა, ძირითადად, თბილისში გამოცხადებულ ვაკანსიებშია მითითებული, რეგიონებში უცხო ენის ცოდნა არ მოითხოვება.
გასათვალისწინებელია, რომ ახლახან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიეთითება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილები.3 შესაბამისად, თანაშემწეებს, როგორც გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, უნდა მოეთხოვებოდეთ უცხო ენის ცოდნა, რადგან ევროსასამართლოს პრეცედენტები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე ქვეყნდება. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართული თარგმანს ახორციელებს, მაგრამ, ცხადია, არ ფარავს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს სრულად.
2022 წელს თანაშემწის ვაკანსიაზე გამოცხადებული საკონკურსო განცხადების მიხედვით, ბოლნისის საქალაქო სასამართლოს თანაშემწის კანდიდატის, და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანდიდატის მიმართ ანალოგიური იყო.
რაც შეეხება მცხეთის საქალაქო სასამართლოს, გურჯაანის და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თანაშემწეებს, მათ მიმართაც მსგავსი მოთხოვნები იყო წაყენებული, გარდა ინგლისური ენის ცოდნისა.
უცხო ენის ცოდნა არ ყოფილა მოთხოვნილი უზენაესი სასამართლოს მწერალი თანაშემწეობის ვაკანსიის დასაკავებლად. ასევე, სხვა განცხადებებისგან განსხვავებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნას მაგისტრის ხარისხი წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2022 წლის ვაკანსიის მიხედვით:
მოსამართლეთა თანაშემწეები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების სისტემა და მოთხოვნები; ხოლო, სამსახურებრივ მოვალეობათა არასათანადო შესრულებისას, ზოგადი ქცევის წესის დარღვევის ან სხვა გადაცდომის ჩადენისას - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა. სამუშაო აღწერილობის მიხედვით, მოსამართლის თანაშემწეები სამსახურებრივად ექვემდებარებიან მოსამართლეებს და სწორედ ისინი აფასებენ მათ საქმიანობას.4
მოსამართლეთა თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი აღჭურვა უახლესი ინფორმაციით სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციაა, მოსამართლეთა თანაშემწისთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ამ მიზნით იუსტიციის უმაღლესი სკოლა ყოველწლიურად ამტკიცებს მოსამართლეთა და სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამას.
სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მხოლოდ საბაზისო საკითხებს მოიცავს და სათანადოდ არ ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ აუცილებელ კომპონენტს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
ასევე, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს და დაზუსტდეს სასამართლოს მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მაგალითად, მწერალი თანაშემწის შემთხვევაში ერთ-ერთ მოთხოვნად დაემატოს უცნო ენის ცოდნა, რათა მოხელეს ჰქონდეს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, მოსამართლეთა თანაშემწეების საქმიანობაში მნიშვნელოვანია გამოწვევაა, ონლაინ ბაზების მისაწვდომობა, რომელთა საშუალებით, ისინი მოიძიებენ ინფორმაციას საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის თაობაზე. აღნიშნული საკითხი მოსაწესრიგებელია, რათა თანაშემწეებმა შეძლონ სასამართლო გადაწყვეტილებების პროექტებში მოძიებული პრეცედენტების მითითება და გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.