რას საქმიანობს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა

10.04.2023

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია 1999 წლის 9 ივლისს დაფუძნდა და საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლეს აერთიანებს. დღეისთვის ასოციაციის თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა, აღმასრულებელი დირექტორი (ამავდროულად წევრი) კი მოსამართლე ხატია არდაზიშვილი, ხოლო გამგეობის სხვა წევრები არიან: ივერი აბაშიძე; ირაკლი ბონდარენკო; ნინო ბუაჩიძე; თემურ გოგოხია; არჩილ კოჭლამაზაშვილი; ალექსანდრე წულაძე და ნანა ჭიჭილეიშვილი. საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შეისწავლა მონაცემები ასოციაციის გადაწყვეტილებების შესახებ, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი:

  • ლევან მურუსიძე მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას მესამე ვადით იკავებს.
  • ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს ასოციაცია და რამდენად ასრულებს მისი წესდებით განსაზღვრულ ამოცანებს.

ასოციაციის წესდების თანახმად, მის ძირითადად ამოცანას სასამართლო სისტემის საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა წარმოადგენს; აღნიშნული გაერთიანების საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ნებაყოფლობითობა, დემოკრატიულობა, თვითმმართველობა, კანონიერება და საჯაროობა.

ასოციაციის წესდება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციამ 1999 წლის 26 ივნისს მიიღო, რომელმაც მოგვიანებით გარკვეული ცვლილებები განიცადა. წესდების დღევანდელი რედაქციის თანახმად, ასოციაციას აქვს შემდეგი მიზნები

  • მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ხელშეუვალობის, მიუკერძოებლობის, პროფესიული, მატერიალური და სოციალური ინტერესების დაცვა;
  • სასამართლოს ხელისუფლების და მოსამართლეთა პრესტიჟისა და საზოგადოებაში მათი როლის ამაღლება;
  • საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების გარეშე მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გამოწვევის დაუშვებლობის პრინციპის განუხრელად დაცვა;
  • ხელის შეწყობა მოსამართლეთა შერჩევაში მხოლოდ მაღალზნეობრივი, უნარიანი, პრინციპული, სამართლის სფეროში სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისგან;
  • თითოეული მოსამართლის უფლების დაცვა;
  • იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;
  • უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით სემინარების, ტრენინგებისა და სხვადასხვა კურსის ჩატარება.

ასოციაციას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს გამგეობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ასოციაციის საერთო კრების წინაშე. ასოციაციის გამგეობას ირჩევს საერთო კრება, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. გამგეობის წევრობის ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. ასოციაციის ჩამოყალიბების დროს მისი დამფუძნებლები შეადგენდნენ გამგეობას, რომლის თავმჯდომარე სოსო მუმლაძე იყო, ხოლო მოადგილე - ზაურ გურგენიძე. 

ასოციაციაში გაწევრება შეუძლია საქართველოს მოქმედ მოსამართლეს. წევრად მიღების საკითხს წყვეტს ასოციაციის გამგეობა. შესაძლებელია ასოციაციის წევრის გარიცხვაც, თუკი არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: 

  • ასოციაციის წესდების უხეში დარღვევა;
  • დადგენილი წესით 3 თვის საწევრო შესატანის არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობა;
  • სამოსამართლო საქმიანობისთვის შეუსაბამო საქმიანობა.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან: მზია თოდუა, ზაურ გურგენიძე, დავით დოიჯაშვილი, ბანდო ვათიაშვილი, ნინო ვაშაყმაძე, ნანა კალანდია, მამუკა მამალაძე, სოსო მუმლაძე, მამუკა ნოზაძე (მოქმედი მოსამართლე), დავით სულაქველიძე, მადი ჩანტლაძე (მოქმედი მოსამართლე).

საჯაროდ ხელმისაწვდომია ასოციაციის მიერ გამართული სხდომების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, 2000, 2002, 2006, 2009, 2011-12, 2014-15, 2017-18 და 2020-21 წლების სხდომის ოქმები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, წინამდებარე სტატიაში განხილულია ის სხდომები, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი.

2022 წლის 23 ოქტომბერი 

საერთო კრებას დაესწრო მოსამართლეთა ასოციაციის 217 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ლევან მურუსიძე, მდივანი კი - ხატია არდაზიშვილი.

სხდომაზე აირჩიეს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრები:

  • ლევან მურუსიძე 216 ხმით;
  • ხატია არდაზიშვილი 215 ხმით;
  • ივერი აბაშიძე 213 ხმით;
  • ნანა ჭიჭილეიშვილი 213 ხმით;
  • ირაკლი ბონდარენკო 215 ხმით;
  • თემურ გოგოხია 216 ხმით;
  • ნინო ბუაჩიძე 215 ხმით;
  • არჩილ კოჭლამაზაშვილი 214 ხმით;
  • ალექსანდრე წულაძე 214 ხმით.

იმავე დღეს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარედ ლევან მურუსიძე მესამედ აირჩიეს, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად მეორე ვადით - ხატია არდაზიშვილი.

2019 წლის 5 ოქტომბერი

საერთო კრებას დაესწრო მოსამართლეთა ასოციაციის 181 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ლევან მურუსიძე, მდივანი კი - მირანდა ერემაძე.

სხდომაზე აირჩიეს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრები:

  • ლევან მურუსიძე 181 ხმით; 
  • გიორგი მიროტაძე 178 ხმით;
  • ხატია არდაზიშვილი 171 ხმით;
  • ლეილა მამულაშვილი 172 ხმით;
  • გიორგი გოგინაშვილი 168 ხმით;
  • ივერი აბაშიძე 161 ხმით;
  • ირაკლი ბონდარენკო 181 ხმით;
  • ნანა ჭიჭილეიშვილი 172 ხმით;
  • ნიკოლოზ მარსაგიშვილი 176 ხმით.

იმავე დღეს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარედ ლევან მურუსიძე მეორედ აირჩიეს, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად - ხატია არდაზიშვილი.

2016 წლის 9 ივლისი

საერთო კრებას დაესწრო მოსამართლეთა ასოციაციის 177 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო მირანდა ერემაძე, მდივანი - თამარ ბურჯანაძე. კრებაზე დაამტკიცეს ასოციაციის საქმიანობის წლიური ანგარიში და აირჩიეს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრები.

გამგეობის წევრებად აირჩიეს: 

  • ლევან მურუსიძე 139 ხმით;
  • ლევან თევზაძე 133 ხმით;
  • დავით მამისეიშვილი 133 ხმით;
  • მირანდა ერემაძე 126 ხმით;
  • გიორგი მიროტაძე 121 ხმით;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • თემურ გოგოხია 117 ხმით;
  • ვასილ როინიშვილი 114 ხმით;
  • ირაკლი შენგელია 113 ხმით.

იმავე დღეს გამგეობის სხდომაზე საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარედ ლევან მურუსიძე პირველად აირჩიეს, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად - მირანდა ერემაძე.

მანამდე კი, ამავე წლის 19 აპრილიდან, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გამგეობის თავმჯდომარე იყო მირანდა ერემაძე.

2013 წლის 21 ივლისი 

საერთო კრებას ესწრებოდა მოსამართლეთა ასოციაციის 132 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ზაზა მეიშვილი, მდივანი კი – ნინო სანდოძე. კრებაზე დაამტკიცეს ასოციაციის საქმიანობის წლიური ანგარიში და აირჩიეს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრები.

გამგეობის წევრებად აირჩიეს:

  • დავით მამისეიშვილი 113 ხმით;
  • ზაზა მეიშვილი 126 ხმით;
  • ირაკლი ბონდარენკო 110 ხმით;
  • მირანდა ერემაძე 117 ხმით;
  • გოჩა აბუსერიძე 113 ხმით;
  • გიორგი გოგინაშვილი 113 ხმით;
  • ლევან ნუცუბიძე 112 ხმით;
  • გიორგი არევაძე 113 ხმით;
  • პაატა ქათამაძე 98 ხმით.


ამავე დღეს გამგეობის კრებაზე აირჩიეს: გამგეობის თავმჯდომარედ მეორე ვადით - ზაზა მეიშვილი, აღმასრულებელ დირექტორად - გიორგი გოგინაშვილი.

2010 წლის 15 მაისი

საერთო კრებას დაესწრო ასოციაციის 207 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ზაზა მეიშვილი, მდივანი – ნინო სანდოძე. კრებაზე დაამტკიცეს ასოციაციის საქმიანობის წლიური ანგარიში და აირჩიეს ასოციაციის გამგეობის წევრები, ვინაიდან გამგეობის 8 წევრს დასრულებული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა. 

გამგეობის წევრებად აირჩიეს:

  • პაატა სილაგაძე 145 ხმით;
  • ზაზა მეიშვილი 170 ხმით;
  • ნინო სანდოძე 160 ხმით;
  • მალხაზ ოქროპირაშვილი 142 ხმით;
  • გიორგი არევაძე 143 ხმით;
  • პაატა ქათამაძე 159 ხმით;
  • ლევან თევზაძე 143 ხმით;
  • მამუკა ახვლედიანი 175 ხმით.

ამავე წლის 18 მაისს გამგეობის სხდომაზე ასოციაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ზაზა მეიშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად - პაატა სილაგაძე.

2008 წლის 27 დეკემბერი

საერთო კრებას დაესწრო 233 მოსამართლე/ასოციაციის წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ზაზა მეიშვილი, მდივანი - პაატა სილაგაძე.

კრებაზე დამტკიცდა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის საქმიანობის შედეგები. ასევე, ასოციაციის წევრებმა ასოციაციის გამგეობის წევრობის კანდიდატებად დაასახელეს ნაირა გიგიტაშვილი, გიორგი ჩემია და ლაშა ქოჩიაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა კენჭისყრა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ნაირა გიგიტაშვილმა მიიღო78 ხმა;
  • გიორგი ჩემიამ მიიღო 119 ხმა;
  • ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო 47 ხმა.

შესაბამისად, მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრად აირჩიეს გიორგი ჩემია.

2007 წლის 24 მარტი

გამგეობის კრებას ესწრებოდა ასოციაციის 9 წევრი, მათ აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარედ - ზაზა მეიშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად – ვახტანგ თორდია.

ამავე დღეს ჩატარდა ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა 171 წევრი. სხდომის თავმჯდომარე იყო ქეთევან დუგლაძე, ხოლო მდივანი - ხათუნა არევაძე. სხდომაზე გადაწყდა, რომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა კავშირის გამგეობას და სარევიზიო კომისიას, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული; ასევე, კავშირის წესდებაში შევიდა ცვლილებები, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

კავშირის გამგეობის წევრად აირჩიეს: 

  • ზაზა მეიშვილი (158 ხმა);
  • მარინა ფარცვანია (95 ხმა);
  • ვახტანგ თორდია (114 ხმა );
  • პაატა ქათამაძე (108 ხმა);
  • დიანა ბერეკაშვილი (87 ხმა);
  • პაატა სილაგაძე (96 ხმა);
  • დავით დვალი (102 ხმა);
  • მევლუდ ხათაშვილი (86 ხმა);
  • ნინო სანდოძე (92 ხმა).

2005 წლის 11 დეკემბერი

გამგეობის კრებაში მონაწილეობდა ასოციაციის 9 წევრი, 13 წევრიდან. გამგეობის კრებაზე იმ დროისთვის მოქმედმა თავმჯდომარემ, მზია თოდუამ განმარტა, რომ 2005 წლის 1 ნოემბრიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება, აქედან გამომდინარე, მოითხოვდა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტას. გამგეობამ ერთხმად დაადგინა მზია თოდუასთვის გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა. ამავე სხდომაზე აირჩიეს გამგეობის ახალი თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე.

2004 წლის 28 თებერვალი

საერთო კრებაში მონაწილეობდა ასოციაციის 271 წევრიდან 171 წევრი. კრებას უძღვებოდა გამგეობის თავმჯდომარე მზია თოდუა. საერთო რიგგარეშე კრებაზე კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ვაჟა ხახუტაშვილი, ხოლო კრების მდივნად - მადონა ღიბრაძე; ხმის დამთვლელ კომისიაში ერთხმად აირჩიეს მალხაზ ენუქიძე, თამაზ კილანავა, ნანა კალანდაძე; კრებაზე მოისმინეს, ასევე, ასოციაციის საქმიანობის ანგარიში და მოსამართლეთა ასოციაციის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გაერთიანებული რეგიონული ფილიალის საკითხიც გადაწყვიტეს; ამავე კრებაზე გამგეობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 15 წევრით.

2003 წლის 29 ივნისი

საერთო კრებას ესწრებოდა ასოციაციის 116 წევრი. სხდომას თავმჯდომარეობდა კავშირის პრეზიდენტის მოადგილე, ზაურ გურგენიძე, ხოლო მდივანი იყო აღმასრულებელი დირექტორი, თამუნა დიდიძე. კრებაზე მოისმინეს ასოციაციის საქმიანობის 3 წლის ანგარიში, ასევე, სარევიზიო კომისიის ანგარიში და იყო მოსამართლეთა გამოსვლები. აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. 

გამგეობის წევრებად აირჩიეს:

  • მზია თოდუა 92 ხმით;
  • ნინო გვენეტაძე 100 ხმით;
  • სოსო მუმლაძე 76 ხმით;
  • მარინა ფარცვანია 81 ხმით;
  • მადონა ღიბრაძე 93 ხმით;
  • ინგა თოდრია 80 ხმით;
  • ბონდო ვათიაშვილი 85 ხმით;
  • ნუგზარ კვარაცხელია 79 ხმით;
  • ქეთევან დუგლაძე 76 ხმით;
  • ნუგზარ სხირტლაძე 86 ხმით;
  • მაია ახალაძე 79 ხმით.

სარევიზიო კომისიის წევრებად კი აირჩიეს:

  • აკაკი თოიძე 74 ხმით;
  • ჯემალ ლეონიძე 76 ხმით;
  • მარინა გლოველი 74 ხმით.

2001 წლის 23 ივნისი 

სხდომას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო მუმლაძე თავმჯდომარეობდა. საერთო კრებაზე განიხილეს ასოციაციის ბოლო 2 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე ქ. ქუთაისის ფილიალის გახსნის საკითხი და წესდებაში შესატანი ცვლილებები. 
ქუთაისის ფილიალის გახსნას და მის თავმჯდომარედ შალვა ხაჭაპურიძის დანიშვნას საერთო კრებამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

1999 წლის 26 ივნისი

ასოციაციის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა სოსო მუმლაძე. კრებაზე განხილული იყო ასოციაციის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების საკითხები. გარდა ამისა, აირჩიეს გამგეობის წევრები:

  • მზია თოდუა;
  • მამუკა ნოზაძე;
  • დავით დოიჯაშვილი;
  • მამუკა მამალაძე;
  • ზაურ გურგენიძე;
  • სოსო მუმლაძე;
  • დავით სალუქვაძე;
  • ნინო ვაშაყმაძე;
  • მადი ჩანტლაძე;
  • ნანა კალანდაძე;
  • ბონდო ვათიაშვილი.

კავშირის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს:

  • აკაკი თოიძე;
  • ნუგზარ სხირტლაძე;
  • მარინა ფარცვანია.

ჩვენი ყურადღება ასევე მიიქცია ერთმა გარემოებამ, რომ ასოციაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ 2019 წელს ასოციაციის ინგლისურ ვერსიაში სახელწოდებად მიუთითა "Sakartvelos Mosamartleta Asotsiatsia", რომელიც 3 წლის შემდეგ, 2022 წელს თარგმნეს და შეიტანეს ცვლილებები რეესტრის ამონაწერში.


 

ხოლო ასოციაციას ოფიციალურად მითითებული აქვს რუსული ელ. ფოსტა: ledi_gogoladze49@mail.ru

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა