სასამართლოს მესიჯბოქსი

11.04.2023

სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე მნიშვნელოვან გავლენას ამ სისტემის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები. ასეთ დროს გარკვეული წარმოდგენა იქმნება იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია სასამართლო. ამ მხრივ საინტერესოა მიმოვიხილოთ მოსამართლეების განცხადებები, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის, თუ როგორ ფორმირდებოდა სასამართლოს მესიჯბოქსი და რა გზავნილები ჰქონდათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სხვადასხვა დროს.

2013 - 2017 წლები

2012 წელს „ქართული ოცნების" ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მმართველმა პარტიამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს. მას ამჟამად მოსამართლედ მუშაობის უწყვეტი 18-წლიანი გამოცდილება აქვს; ხოლო, 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ამავე პერიოდში „ქართულ ოცნებასა" და სასამართლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდა, რაც შემდგომში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების მკვეთრად ზრდის საფუძველი გახდა. საბოლოოდ, ძალაუფლების დაბალანსების მექანიზმების არარსებობამ ნეგატიური გავლენა იქონია მთლიანად სასამართლო სისტემაზე, განსაკუთრებით კი სასამართლოს მიმართ ნდობაზე. 2013-2017 წლებში ლევან მურუსიძე, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მთავარი სპიკერი გახდა, ცდილობდა შეექმნა ილუზია, რომ გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ამის პარალელურად ის საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ. 

„ჩვენი მიზანი არის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სტაბილური სასამართლო ინსტიტუცია. მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებდნენ განუხრელად, ობიექტურად, კანონის დაცვით და იყვნენ აბსოლუტურად მიუკერძოებელნი, ანუ თავისუფალნი ყოველგვარი ზეგავლენისგან და ზუსტად აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება აღნიშნული შეხვედრა“, - ლევან მურუსიძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდგომ, 2013 წ. 

„ჩვენ, ყველა კოლეგას გვაქვს საერთო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, ალბათ, ჩათვალეს, რომ ყველაზე კარგად მე შევძლებდი… ეს ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ვეცდები, რომ მათი ნდობა გავამართლო”, - ლევან მურუსიძე მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს, 2013 წ.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ბატონმა ირაკლიმ თავისი მობრძანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის, ხელისუფლების პოზიცია, რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა. მე ბატონ პრემიერს ვთხოვე, მოვახსენე და ვუთხარი, რომ იუსტიციის სამინისტროსთან უფრო მეტი ჩართულობა გვქონდეს და ჩვენი შეხვედრა კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს ეხება, არ მოხდეს მარტო პრეზენტაციაზე, არამედ სანამ პრეზენტაცია მოხდება და გაიმართება, მანამდე იყოს მაქსიმალური ჩართულობა”, – ლევან მურუსიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდგომ, 2014 წ.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლის, რომ შეხვედრის თაობაზე ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა. საუბარი გვქონდა სასამართლო სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც პირველ რიგში გამომდინარეობს საკანონმდებლო დონეზე სტაბილურობიდან. მე ვუთხარი ბატონ პრემიერს, რომ გავაგრძელებთ პარლამენტში ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას. ასევე გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოს შესახებ აზრის გამოხატვის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, მეტიც, საქმეებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ თავიანთი პოზიციის გამოხატვისგან", - ლევან მურუსიძე მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, 2015 წ. 

„შევხვდი ივანიშვილს და გავაცანი ჩემი ხედვები მოსამართლეების ხელფასებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სისტემაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა. ყველა ვთანხმდებით, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან იყო ჩარევები და გავლენები. დღეს სასამართლო უფრო დამოუკიდებელია ვიდრე იყო ადრე”, - ლევან მურუსიძე, 2016 წ.

„არ გვინდა ეს აგრესიული ტონი. შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, რა დგას ამის უკან, როგორ დგას, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე ხომ არ ვისაუბრებთ ახლა”, - მურუსიძე NGO-ების საბჭოს საქმიანობის წლის ანგარიშზე, 2016 წ.

„ჩინჩალაძესთან და ცერცვაძესთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მაგრამ მე ვარ იუსტიციის საბჭოს მდივანი და, რაც შეეხება სასამართლოს ინტერესებს და ზოგადად იუსტიციის საბჭოს საქმიანობას, ვმოქმედებ ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. მე ვარ კონფერენციის მიერ არჩეული საბჭოდ მდივანი და გარწმუნებთ, ლევან მურუსიძეს აქვს იმის უნარი, შნო და ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია საჭიროდ", - ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძესა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ვალერი ცერცვაძესთან გარიგების შესახებ ბრალდებაზე, 2016 წ. 

„დღეს მეტად გამჭვირვალე, მეტად ღია და ეფექტურია სასამართლო სისტემა. ეს ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო წინა საბჭოს მიერ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს პოზიტივები გაგრძელდეს. არ დავზოგავთ დროს და ენერგიას, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი სასამართლო სისტემა როგორც ღია, გამჭვირვალე და ეფექტური", - ირაკლი შენგელია, 2017 წ.

„ჩვენი წერილის სულისკვეთება მიმართულია არა მაინცდამაინც სანქციისკენ, არამედ იმ პრობლემის მოგვარებისაკენ, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების პრესტიჟი", - ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა იმ ჟურნალისტების სანქცირებას, რომელთა საქმიანობა სასამართლოს კრიტიკისკენ იყო მიმართული, 2017 წ.

„გამოხატვის თავისუფლება უნდა დარჩეს, მაგრამ ღვარძლს ბოლო ხომ უნდა მოეღოს?”, - ლევან მურუსიძე, 2017 წ.

 
 

2018 - 2020 წლები

2018 - 2020 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძე აღარ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ის საკუთარ თავს სასამართლო ხელისუფლების ლიდერად მიიჩნევდა, რასაც ხელს უწყობდა მისი კოლეგების საჯარო განცხადებების ამის შესახებ. ამავე დროს მოსამართლეთა ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ სასამართლო არის ერთი ოჯახი და გუნდი. ისინი ინტენსიურად იცავდნენ ერთმანეთს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ინტერესთა კონფლიქტს ან ნეპოტიზმს ეხებოდა. 


„ლევან მურუსიძე ღირსეული ადამიანი და უმაღლესი დონის მოსამართლეა”, - დიმიტრი გვრიტიშვილი, 2018 წ.

„მიმაჩნია, რომ მოსამართლეები ჩემი ოჯახის წევრები არიან”, - ლევან მურუსიძე, 2018 წ.

„სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს, ლიდერი მე ვარ”, - ლევან მურუსიძე, 2018 წ.

„მე და მურუსიძემ იმდენ ზეწოლას გავუძელით, ამასაც ღირსეულად გავუმკლავდებით”, - დიმიტრი გვრიტიშვილი კამპანიაზე “აიცილე ლევან მურუსიძე”, 2019 წ.

„ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი არა მარტო საკუთარი პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე (მას [შეეძლო] ყველა მოსამართლესთან მისულიყო და არა შანტაჟით და დაშინებით, არამედ გულწრფელად, ერთ პოზიციაზე დაეყენებინა ადამიანები) და როგორც საბჭოს მდივანმა, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები”, - დიმიტრი გვრიტიშვილი, 2019 წ.

„ეს არის გუნდი, ერთიანი სულისკვეთებით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის ინტერესების დაცვაზე, მისი დამოუკიდებლობის დაცვაზე და შემდგომ განვითარებაზე, ეს არის ის, რასაც კლანს გვეძახიან", - დიმიტრი გვრიტიშვილი, 2019 წ.

“თუ თვლის ის ადამიანი თავს ლიდერად, მე ამ ლიდერს განვმარტავ როგორც სასამართლოს აქტივისტი", - თამარ ალანია მურუსიძეზე. 2019 წ.

„კანონში არ წერია, რომ ცოლის ძმა უზენაესის კანდიდატად აცილების საფუძველია", -ლევან თევზაძე მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან შენგელია მისი ცოლის ძმა იყო, 2019 წ.

„მურუსიძე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანია”, - პაატა სილაგაძე 2019 წ.

„ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია! კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ ხართ ამ უკანონობის პასიური მაყურებლის როლში!!! ”, - სერგო მეთოფიშვილი სამოქალაქო სექტორზე, 2019 წ.

„ბატონი შალვა არის გულწრფელი თავის პასუხებში, ამიტომ ახლა ტერმინებზე, სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით", - დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის, გასაუბრების პროცედურისას, 2019 წ.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ქცევის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით! დიახ! მათ შორის დაჯარიმებაც!!!”, - სერგო მეთოფიშვილი ადვოკატებზე, რომლებიც კამპანიის "აიცილე ლევან მურუსიძე” მომხრეები იყვნენ, 2019 წ. 

„ბატონ ირაკლი შენგელიას და მე გვყავდა საერთო წინაპარი", - თამარ ღვამიჩავა მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემდგომ, მაშინ როდესაც, ირაკლი შენგელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილებას ახორციელებდა, 2020 წ.

2021 - 2023 წლები

2021 - 2023 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ მოსამართლეთა რიტორიკა მკვეთრად აგრესიული გახდა; აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლების განცხადებებში თანდათან უფრო გაძლიერდა ანტიდასავლური ნარატივი. უცვლელი დარჩა ლევან მურუსიძის როლი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს. 

„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა - ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად”, - რევაზ ნადარაია, 2021 წ.

„სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს." - დიმიტრი გვრიტიშვილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდეს, 2021 წ.

„სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე”, - დიმიტრი გვრიტიშვილი სამოქალაქო სექტორთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს, 2022 წ.

„უპასუხისმგებლოები, უზრდელები, ლეგიონია მათი სახელი”, - ლევან მურუსიძე NGO-ებზე, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს, 2022 წ.

„თუ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ აღქმები, მობრძანდნენ საბჭოში, იგნორირებული რომ აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულ იგნორს რომ უკეთებენ” , - ლევან მურუსიძე საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკაზე, 2022 წ.

“სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?”, - დიმიტრი გვრიტიშვილი, 2022 წ.

„საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე”, - დიმიტრი გვრიტიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის Საჯარო სანქცირებასთან დაკავშირებით, 2023 წ.

„იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება”, - ირაკლი შენგელია მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მის სანქცირებაზე ინფორმაცია გაავრცელა, 2023 წ.

„ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება”, - ლევან მურუსიძე მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მის სანქცირებაზე ინფორმაცია გაავრცელა, 2023 წ.

„მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემ კოლეგებს, ბატონ ლევანს, ბატონ მიხეილს, ბატონ ირაკლის. მართლა გულწრფელად ვიტყვი, რომ სრულიად გაუგონარი ენით აღუწერელი რამ მოხდა. ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბადრი შონიამ ბრძანა, ეს არათუ ამერიკულ სტანდარტში, არამედ არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ხელაღებით ადამიანს ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო - ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს მართლა გაუგონარია”, - თემურ გოგოხია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის Საჯარო სანქცირებასთან დაკავშირებით, 2023 წ.

„არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა, ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა, თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ რაა", - ლევან მურუსიძე მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მის სანქცირებაზე ინფორმაცია გაავრცელა, 2023 წ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოს სისტემის წარმომადგენლების განცხადებები ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში მწვავე პრობლემას კორპორატივიზმი წარმოადგენს, რომელიც ხელს უშლის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ფუნდამენტური სიახლეების დანერგვას სასამართლო სისტემაში. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი