2024 წლის 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი), მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე ლექსო სხვიტარიძის პროცესი გაიმართა.
ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს წარმომადგენელი ითხოვდა ლექსოს სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ - მის მიერ 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენება) მუხლის პირველი ნაწილის ჩადენის ფაქტის დადგენას.
ლექსოს არასამთავრობო ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელი რატი თინიკაშვილი და კერძო ადვოკატი დავით ლომთაძე იცავდნენ.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით (რომლის ჩვენება ეყრდნობოდა სამართალდამცველების მიერ შედგენილ ოქმს), პოლიციელებმა ლექსო მეტროში ჩასვლის დროს იდენტიფიცირების მიზნით გააჩერეს, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილდა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
ლექსომ უარყო სამართალდარღვევათა ოქმში გადმოცემული გარემოებები და განმარტა, რომ მისთვის უცხო პირებმა მოსთხოვეს გაყოლა, რასაც არ დაემორჩილა და სთხოვა, წარედგინათ შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. როდესაც მათ წარუდგინეს პოლიციელის მოწმობები, ლექსო მოთხოვნას დაემორჩილა და იდენტიფიცირების მიზნით პოლიციელებს პირადი ნომერი უთხრა. ლექსოს განმარტებით, მისი მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
დაცვის მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ლექსოს ჯანმრთელობის პრობლემაზე (მას ასთმა აქვს). ამასთანავე, პროცესზე მხარემ ყურადღება გაამახვილა ლექსოს ფინანსურ ვალდებულებებზე, რის გამოც ის ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციას პირის სახდელისგან განთავისუფლება წარმოადგენდა.
სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც ლექსო დააკავეს და ოქმი შეადგინეს. მოწმეებმა დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებები. კერძოდ ის, რომ იდენტიფიცირების მოთხოვნაზე ლექსომ უარი განაცხადა და შეურაცხყოფაც მიაყენა. მოწმეების ჩვენებებიდან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ორივე მათგანმა აღნიშნა, თუ როგორ შეიცვალა ლექსოს ქცევა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა პოლიციელის მოწმობა წარუდგინეს. მათ ლექსოს პიროვნება დადებითად შეაფასეს.
გარდა ამისა, მოწმეების ჩვენებებს შორის იყო შეუსაბამობა. კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ერთდროულად მივიდნენ ლექსო სხვიტარიძესთან, ხოლო მეორის განმარტებით, ჯერ ერთი მივიდა და მოგვიანებით - მეორე.