იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა

13.07.2023

 საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს დიდი დატვირთვა აქვს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ვინაიდან ის წარმოადგენს ორგანოს, რომელსაც სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ვალდებულებას სათანადოდ ვერ შეასრულებს, თუ ის იმ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ დააკმაყოფილებს, რომელიც დანიშნული სხდომის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს თავიდან აირიდოს დამკვირვებლები და ჩაკეტილად, ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები. ამის ერთ-ერთი მაგალითია 10 ივლისს 17:00 საათზე დანიშნული სხდომა, რომელიც დაიწყო დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ რაც ყველა დამკვირვებელი წავიდა საბჭოდან.  ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები როგორც წესი დღის წესრიგით განსაზღვრულ დროს არ იწყება. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი სხდომაზე დასასწრებად, რაც რიგ შემთხვევებში 5-6 საათსაც კი აღწევს.

გარდა ამისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დაკვირვებით, იკვეთება ძირითადი შედეგები:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრების არჩევის შემდგომ კვლავ გაგრძელდა ყველა გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პრაქტიკა. გარდა ამისა, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ ფიქსირდება;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ აქვეყნებს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ; რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბჭოს აპარატს უმეტეს შემთხვევაში ინფორმაცია არ აქვს სხდომის ჩატარების ან გადადების შესახებ. რიგ შემთხვევებში, საბჭოს ცხელი ხაზი და ოფიციალური ტელეფონის ნომერი დაკავებულია, ან გათიშულია/გასულია მომსახურების ზონიდან.
  • სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ორგანული კანონის  დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად ზოგადად. “საორგანიზაციო საკითხები”, “სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი”, “მოსამართლე სახელი/გვარი წერილი/განცხადება” და მსგავსი ფორმულირებით ჩამოყალიბებული საკითხები არ არის განჭვრეტადი, არ წარმოაჩენს ძირითად შინაარსს და იძლევა შესაძლებლობას საბჭომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილოს დაინტერესებულ პირთა მონიტორინგის გარეშე.  ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ხშირად გათვალისწინებული საკითხები “ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” და “ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ”, თუმცა საბჭოს მდივანი თითოეულ სხდომაზე ხსნის აღნიშნულ საკითხებს ისე, რომ მიზეზებს არ ასახელებს.
  • სხდომების გადადებას აქვს ინტენსიური ხასიათი. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, სულ დაინიშნა 118 სხდომა, აქედან კი მხოლოდ 42 სხდომა ჩატარდა 76 კი გადაიდო. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ინიშნება, ნაცვლად იმისა, რომ ამ სხდომის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი არსებობდეს, არსებობს მხოლოდ სხდომის გადადების მოლოდინი, ვინაიდან დანიშნული სხდომის ჩატარება  სამწუხაროდ საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჩატარებული სხდომების უმრავლესობას არ ესწრება. მაგალითად, 2023 წელს სულ 18 სხდომაა ჩატარებული და ამ 18 სხდომიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე არ ესწრებოდა 12 სხდომას და მხოლოდ 6 -ს დაესწრო. სხდომას ასევე ხშირად არ ესწრება საბჭოს წევრი ქეთევან ცინცაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე); ის საბჭოს სხდომებს 6 შემთხვევაში არ დაესწრო.
  • პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების საკითხიც, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შერჩევითი მიდგომა და ამავდროულად ვებგვერდზე გონივრულ ვადებში არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები.
  • გარდა ამისა, 2023 წელს ჩატარებული სხდომის ოქმები (აუდიო ფაილის სახით) საერთოდ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მხოლოდ სხდომაზე დასწრების ან საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქმიანობის გამჭვირვალედ და სათანადო პასუხისმგებლობით განხორციელებას. ამასთან, აღმოფხვრას ის პრობლემები, რომლებიც დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული.

  1. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია