სულ რამდენიმე დღეში ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს. თუმცა, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ისევე როგორც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნას გავეცნობით, მარტივად დავინახავთ რაოდენ პრობლემური მდგომარეობაა პირობების შესრულების თვალსაზრისით მართლმსაჯულების სისტემაში.
სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც მიმართულია სისტემის რეალური გაჯანსაღებისაკენ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემის ფორმირებისაკენ, ერთ-ერთია 12 პირობიდან, რომლის შესრულებაც გამოწვევად რჩება. მიუხედავად სასამართლო რეფორმის ტალღებისა, გაწეული ფინანსური და ადამიანური რესურსისა, მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. მათ შორის, ეფექტიანი და არაფასადური რეფორმების განხორციელებაზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
მიმდინარე მოვლენების ფონზე საინტერესოა, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას 2024 წელს. ბუნებრივია, რეფორმები და, განსაკუთრებით, სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული კომპლექსური ცვლილებები ფინანსურ რესურს საჭიროებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის, ბიუჯეტისთვის გადაგვეხედა. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია უკვე წარუდგინა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად სასამართლოს დაფინანსება იზრდება. 2024 წლის გეგმის მიხედვით, 17,200,000 ლარი იქნება ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის, უზენაესი სასამართლოს დაფინანსება, რაც გასული წლის გეგმასთან შედარებით 1.1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
დაფინანსება კიდევ უფრო იზრდება საერთო სასამართლოებისთვის, 2024 წელს ამ მიმართულებით 122,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც 5 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის გეგმას, 117,000,000 ლარს. რაც შეეხება სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაფინანსება, 2024 წლის გეგმის თანახმად, 8,300,000 ლარით განისაზღვრა, გასული წლის გეგმა 7,900,000 ლარს შეადგენდა.
საერთო ჯამში, სასამართლო სისტემის 3 ორგანოს დაფინანსება 2024 წელს 147,500,000 ლარი იქნება, რაც 6.5 მილიონი ლარით მეტია გასული, 2023 წლის გეგმასთან შედარებით.
თუმცა, დაფინანსების პარალელურად საინტერესოა, რა პრიორიტეტები აქვს მთავრობას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლო სისტემა წელსაც უცვლელად რჩება სახელმწიფოს პრიორიტეტების სიაში. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2024 წელს გაგრძელდება სასამართლო სისტემის გაძლიერება, განმტკიცდება მისი დამოუკიდებლობა და ყველაფერი გაკეთდება სასამართლოსადმი მოსახლეობის მაღალი ნდობის მოსაპოვებლად. ამ მიზნით:
სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტის დოკუმენტში განსაზღვრული ეს პრიორიტეტები სიტყვა-სიტყვით მეორდება 2022 და 2023 წლების ბიუჯეტის დოკუმენტში, სასამართლო სისტემის პრიორიტეტების ნაწილში (2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები; 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები). განსხვავებით 2022-2024 წლებისაგან, სასამართლო სისტემის პრიორიტეტული საკითხების ნარატიული ნაწილი სხვაგვარად გაიწერა 2021 და 2020 წლების ბიუჯეტში.
სასამართლო სისტემა - გაძლიერდება ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემისადმი ნდობის ამაღლებისკენ. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქის და კერძო სექტორის რწმენის განმტკიცება. ხელი შეეწყობა ინსტიტუციურ დონეზე სასამართლოს დამოუკიდებლობას. დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესები და დისციპლინური წარმოების პროცედურები. საქმეები შემთხვევითობის წესით, ელექტრონული ფორმით განაწილდება.
საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმებით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, დამკვიდრებასა და განვითარებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და ეკონომიკის წინსვლას.
გაძლიერდება ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებისკენ. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქის და კერძო სექტორის რწმენის განმტკიცება. ხელი შეეწყობა ინსტიტუციურ დონეზე სასამართლოს დამოუკიდებლობას. დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და დისციპლინური წარმოების პროცედურები. საქმეები, შემთხვევითობის წესით, ელექტრონული ფორმით განაწილდება. საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები და პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. რეფორმის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდება კომერციულ და საგადასახადო დავებზე მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმებით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, დამკვიდრებასა და განვითარებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და ეკონომიკის წინსვლას.
შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს პრიორიტეტები და გეგმები სასამართლო სისტემის მიმართ ძირითადად უცვლელი რჩება. თუმცა, გამოწვევა არა წლიდან-წლამდე სიტყვის შეუცვლელად გადმოტანილი პრიორიტეტებია, არამედ მათი შეუსრულებლობა. როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, 2020-2024 წლების განმავლობაში მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს სასამართლოსადმი მოქალაქეთა რწმენის/ნდობის ამაღლება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, თუმცა ბოლო წლებში გატარებული არაერთი საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა ჯერ კიდევ დაბალია და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხიც კვლავ აქტიურ გამოწვევად რჩება.
პარალელურად კი სასამართლოს ფუნქციონირებასა და გაუმჯობესებისაკენ მიმართული ფინანსური დანახარჯების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
აქვე ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზრდილი დაფინანსების პარალელურად, როგორც ჩანს, სასამართლო სისტემისთვის მარტივ ამოცანას არც მისთვის გამოყოფილი რესურსის/თანხების სრული ათვისება წარმოადგენს. როგორც „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ადრეც წერდა, წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის სამივე ორგანოს რჩება აუთვისებელი თანხები (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო).
2023 წლის შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე, მხოლოდ 6 თვის ბიუჯეტის ათვისების სტატისტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება 2022 წელს, ინფორმაცია სრულად საჯაროა, და როგორც მოსალოდნელი იყო, გასული წლების ტრადიცია არც 2022 წელს დარღვეულა და კვლავ აუთვისებელი დარჩა თანხები ბიუჯეტიდან. მაგალითად 2022 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაზუსტებული ბიუჯეტი 6,840,000 ლარი იყო, საიდანაც მხოლოდ 4,597,300 ლარი, ანუ 67.2% აითვისა. უკეთ აითვისა თანხები საქართველოს საერთო სასამართლოებმა, რომელმაც დაზუსტებული ბიუჯეტიდან თანხების 89.2%, ჯამში 88,384,400 ლარი დახარჯა. ყველაზე მაღალი ათვისება კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰქონდა, რომელმაც მისთვის გამოყოფილი თანხების 98.9%, 14,186,300 ლარი დახარჯა.
საბოლოოდ კი, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ 2024 მთავრობის პრიორიტეტები იგივე რჩება, სასამართლოს დაფინანსება კი იზრდება. თუმცა, რამდენად სრულად შეძლებს სასამართლო სისტემა მისთვის გამოყოფილი რესურსების ათვისებას, მთავრობა და პარლამენტი კი ქმედითი რეფორმების გატარებას და დასახული პრიორიტეტების მიღწევას, ჯერ კიდევ უცნობია.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.