აუთვისებელი თანხები და შეუსრულებელი პრიორიტეტები სასამართლო სისტემაში 

10.01.2023
საერთო სასამართლოების დაფინანსება წლებია მუდმივად იზრდება, თუმცა თავად სასამართლოსადმი ნდობა უარესდება.

სასამართლო სისტემისთვის საკმარისი სახსრების გამოყოფა აუცილებელია მისი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობისათვის, რაზეც არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია მითითებული. გაეროს ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ სასამართლო უზრუნველყონ ადეკვატური რესურსებით, რათა სისტემამ შეძლოს თავისი ფუნქციების სწორად შესრულება. მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულ ქსელის (ENCJ) თანახმად, სასამართლო ხელისუფლების სათანადო დაფინანსება სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის ძირითადი ელემენტია. 

სასამართლო ხელისუფლების დაფინანსება ფართო საკითხია, რაც მოიცავს ფინანსების გამოყოფას და ამ რესურსების მართვას. სწორედ ამიტომ „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შეისწავლა ბოლო წლებში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, ასევე, მონაცემები ბიუჯეტით გათვალისწინებული რესურსების ხარჯვის შესახებ.

ბოლო 10 წლის (2012-2022) განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის დასაფინანსებლად 1,387,806,200 ლარი გამოიყო, რომელიც მოიცავს უზენაეს სასამართლოს, საერთო სასამართლოებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება წლების განმავლობაში უმეტესწილად იზრდებოდა.

2022 წლის მონაცემები გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი.





სასამართლო სისტემის ბიუჯეტი 2012-2022 წლებში ცალ-ცალკე:

  • უზენაესი სასამართლო
  • საერთო სასამართლოები
  • იუსტიცის უმაღლესი საბჭო




2012-2021 წლების განმავლობაში სასამართლო სისტემამ მისთვის გამოყოფილი თანხები სრულად ვერასდროს აითვისა და ამ პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში ოცდაათ მილიონ ლარზე მეტი დარჩა დაუხარჯავი. 



საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სასამართლო ხელისუფლებისთვის გამოყოფილ თანხებთან ერთად ყოველწლიურად განისაზღვრება პრიორიტეტები და პროგრამები. ბოლო რამდენიმე წლის დაკვირვების შედეგად რამდენიმე საყურადღებო საკითხი გამოიკვეთა. 


სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც წინა წლებში, პრიორიტეტად მითითებულია სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც გულისხმობდა „პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან თავისუფალ სასამართლოს“. 2017 წლიდან დღემდე პოლიტიკური გავლენებისგან სასამართლოს გათავისუფლება პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ბოლო წლებში ამ პრიორიტეტის დეკლარირება საჭიროდ აღარ მიიჩნია.

საზოგადოების ნდობა 

სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა წლების პროგრამებში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა მას განსხვავებული ფორმულირებით ვხვდებით.

2016 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმირებას და გამართული ფუნქციონირებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას და მის ჩართულობას, 2017 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩნდება მთავრობის ვალდებულების შესახებ ჩანაწერი, რომელიც მომდევნო წლებშიც მეორდება (2018-2020):
„საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებისკენ.“ 

ხოლო, 2021 წლიდან, ყოველწლიურად, მათ შორის 2023 წლის ბიუჯეტშიც, მოცემულია ახალ ფორმულირება:
„გაგრძელდება სასამართლო სისტემის გაძლიერება, განმტკიცდება მისი დამოუკიდებლობა და ყველაფერი გაკეთდება სასამართლოსადმი მოსახლეობის მაღალი ნდობის მოსაპოვებლად.“

4-წლიანი ციკლი: ტექნიკური შეცდომა თუ ზედაპირულობა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სასამართლო სისტემის პრიორიტეტებში მითითებულია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება. 

მიუხედავად იმისა, რომ 4-წლიანი ვადის ათვლა 2017 წელს დაიწყო, იდენტურ ფრაზას ვხვდებით შემდგომი წლების ბიუჯეტებშიც. შესაბამისად, გაუგებარია, ყოველ მომდევნო წელს თავიდან რატომ იწყებოდა 4-წლიანი ციკლის ათვლა და რატომ ეწერა 2017, 2018, 2019 წლების ბიუჯეტებში ეს ერთი და იგივე წინადადება:

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“


კომერციული კოლეგიებისა და პალატების შექმნა 

2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრა საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული კოლეგიებისა და პალატების შექმნა, რომლებიც სპეციალიზებული იქნებოდა კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში აღნიშნული ვალდებულება მითითებული იყო, 2021 წელს ეს საკითხი ისე გაქრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ კომერციული კოლეგიები და პალატები არც კი შექმნილა. 
ეს საკითხი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნით შემოიფარგლა.


მოსამართლეთა ვაკანსიების შევსება

2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში „მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების ეტაპობრივად შევსება“ პრიორიტეტად იყო დასახელებული, ხოლო 2018 წლიდან ის ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღეს.

თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების ეტაპობრივი შევსების მიზნით საანგარიშო პერიოდში ჩატარდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 88 ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2021 წლის 17 ივნისს თანამდებობაზე 47 მოსამართლე გამწესდა. აქედან, 25 არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე, რომლებიც უვადოდ გამწესდნენ მოსამართლის თანამდებობაზე, ხოლო 22 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რომლებიც თანამდებობაზე გამწესდნენ 3 წლის ვადით.“ 

ეს ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს ვაკანტური ადგილების შევსების საკითხის აქტუალობაზე და რომ სასამართლო სისტემაში გამოცხადებული კონკურსები ადეკვატური შედეგებით არ სრულდება. 
დღესაც სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, რაზეც ამ წლების განმავლობაში მოსამართლეთა შეუვსებელი ვაკანსიები მიუთითებს.

2022 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა 76 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მხოლოდ 21-მა მსურველმა გააკეთა განაცხადი. 

ახალი პრიორიტეტები

2021 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში, სასამართლო სისტემის შესახებ პროგრამულ ნაწილში პრიორიტეტების განსხვავებული ფორმულირება ჩნდება, რაც 2022-2023 წლებშიც მეორდება.
სასამართლოს მიმართ ნდობის მოსაპოვებლად:

  • „განხორციელდება სასამართლოების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული შემდეგი ღონისძიებები: გაიზრდება მოსამართლეთა და სასამართლოთა აპარატების მოხელეთა რაოდენობა; გაუმჯობესდება სასამართლოების ინფრასტრუქტურა; დაიხვეწება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა და სხვა;
  • შემუშავდება და დაინერგება დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამა; 
  • შეიქმნება სასამართლოთა გადაწყვეტილებების სრულყოფილი ელექტრონული ბაზა;
  • დაიხვეწება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მისი გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.“


ბოლო წლების სასამართლოსთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებმა, პრიორიტეტებმა და პროგრამებმა გამოკვეთა მინიმუმ რამდენიმე პრობლემა:

  • სახელმწიფო ბიუჯეტით დადგენილი პრიორიტეტები და პროგრამები სათანადოდ არ ასახავს სასამართლო სისტემის წინაშე მდგარ საჭიროებებს;
  • სათანადოდ არ სრულდება მითითებული პრიორიტეტები და პროგრამები;
  • უამრავი გამოწვევის მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხას სრულად ვერ ითვისებს სასამართლო ხელისუფლება.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 



ავტორი: სალომე კვირიკაშვილი