ტერმინი „საქმის წონა“ თავდაპირველად 1970 წელს, აშშ-ში გამოიყენეს, რომელიც განსხვავებული კატეგორიის საქმეთა სირთულეს განსაზღვრავს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება მათზე დახარჯული სამუშაო დროისა და სამუშოს მოცულობის მიხედვით.
საქმის წონის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის სწორად დასადგენად, მათი თანაბარი დატვირთულობის უზრუნველსაყოფად და, ზოგადად, სასამართლოს ეფექტიანობის გასაზრდელად. თუმცა, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დღემდე არ არის დადგენილი მოდელი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საქმის წონა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ერთ-ერთი მოვალეობა საერთო სასამართლოების დატვირთულობის შესწავლაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია საქმეთა წონის განსაზღვრა. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ.“ აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე ნორმა ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეთა თანაბარ დატვირთულობაზე. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეისწავლის მოსამართლეთა ინდივიდუალური დატვირთულობას და ამასთანავე არ განსაზღვრავს კონკრეტული კატეგორიის საქმეების წონას.
სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ საქმის წონის მნიშვნელობას, მის არსსა და საქმის წონის მოდელების ძირითად მახასიათებლებს.
„საქმის წონის“ სისტემის დანერგვა თავდაპირველად მოსამართლეთა საჭიროებების განსაზღვრას ემსახურებოდა. მას შემდეგ სისტემა განვითარდა და დღეს უკვე გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, როგორიცაა:
საქმის წონის სისტემის განვითარება, აგრეთვე, შეიძლება საფუძველი იყოს შემდგომი ანალიზისა და ქმედებებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სასამართლო პრაქტიკაში კრიტიკული საკითხების იდენტიფიცირება, მოსამართლეთა კარგი პრაქტიკის გამოვლენა საქმეთა მენეჯმენტთან დაკავშირებით და აგრეთვე შესაბამისი პროგრამების დანერგვა, პროცესების ხანგრძლივობების შემცირების მიზნით.
საქმის წონა შეიძლება სხვადასხვა გზით განისაზღვროს. როგორც წესი, სასამართლო წონის განსაზღვრისას გამოიყენება რიცხობრივი მაჩვენებელი. ის წარმოაჩენს ცალკეული კატეგორიის საქმეებზე დროის საშუალო ხანგრძლივობას, რომელიც ასახავს უშუალოდ საქმესთან დაკავშირებული ქმედებებისთვის დახარჯულ დროს (წუთებსა და საათებს).
ამ შემთხვევაში „საქმესთან დაკავშირებული ქმედებები“ შეიძლება იყოს:
მაგ.: თუ მცირე ტიპის დავის წონა არის "1", ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კატეგორიის საქმეების აქტივობების განხორციელებას, საშუალოდ, 1 საათი სჭირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რთულ საქმეებს შეიძლება დასჭირდეს 5 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 რთული საქმე უდრის 5 მარტივი საქმის წონას.
გარდა ამისა, საქმის წონის აღნიშვნა შეიძლება რიცხვებით ან ასოებითაც, თუმცა აღნიშვნები გამოხატავს არა კონკრეტულ დროს რომელიც, საქმის განხილვას სჭირდება, არამედ კონკრეტული კატეგორიის საქმის წონას. მაგ.: 1 ან A შეიძლება შეესაბამებოდეს საქმეთა იმ კატეგორიას, რომელიც მოითხოვს ყველაზე ნაკლებ სამუშაო დროს. სხვა კატეგორიის საქმის წონა კი უნდა განისაზღვროს ყველაზე მცირე წონის საქმესთან მიმართებით.
როგორც უკვე ითქვა, საქმის წონის მოდელები საქმის წონებს დროის ერთეულის გამოყენებით ან რელევანტური რიცხობრივი/ანბანური აღნიშვნების მიხედვით აფასებენ.
როდესაც საქმის წონა დროის ერთეულის მეშვეობით ფასდება, შეიძლება განისაზღვროს:
ა) სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა წონებს შორის თანაფარდობა;
ბ) საქმეთა განსახილველად საჭირო დრო და შესაბამისი სხვაობები;
გ) საქმეზე საჭირო სამუშაო დროის გათვალისწინებით მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის დადგენა.
მაგ. თუ სამოქალაქო საქმეების წონა არის 80 წუთი, ხოლო სისხლის საქმეებისა - 40 წუთი, თანაფარდობა ამ შემთხვევაში 1/2-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სამოქალაქო სამართლის მოსამართლე განიხილავს 1 საქმეს, მაშინ სისხლის სამართლის მოსამართლემ უნდა განიხილოს 2 საქმე იმისათვის, რომ უზრულნველყოფილი იქნას მოსამართლეთა თანაბარი დატვირთულობა. მონაცემი შეიძლება გამოყენებული იყოს იმის განსაზღვრისთვის, საშუალოდ რა დრო დასჭირდება განსახილველად სასამართლოში შესულ საქმეებს. მაგ. თუ შესულია 100 სამოქალაქო საქმე (80*100) და 100 სისხლის სამართლის საქმე (40*100), გამოდის, რომ ჯამურად შემოსული საქმეების განხილვას დასჭირდება 12 000 წუთი. თუ აღნიშნულ მონაცემს შევაფარდებთ მოსამართლეთა სამუშაო დროსთან, მივიღებთ მოსამართლეთა იმ რაოდენობას, რომელიც შეძლებს აღნიშნული რაოდენობის საქმეების განხილვას.
მეორე შემთხვევაში, საქმის წონა დგინდება კოეფიციენტებით. მაგ.: სამოქალაქო საქმისა და სისხლის სამართლის საქმეების პროპორცია შეიძლება იყოს 2,2/1. თუმცა აღნიშნული სისტემა არ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, საშუალოდ რა დრო სჭირდება მოსამართლეს კონკრეტული კატეგორიის საქმის გადასაწყვეტად.
იმისათვის, რომ განისაზღვროს კონკრეტული კატეგორიის წონა, პირველ რიგში, საჭიროა მონაცემთა შესაბამისი დამუშავება. ამ მხრივ გამოიყოფა მონაცემთა დამუშავების 3 სხვადასხვა მოდელი:
საქმის წონის გამჭვირვალობა საქმის წონების მოდელის დეტალურობისა და სიზუსტის ერთ-ერთი ინდიკატორია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდელები, რომლებიც იყენებენ გამჭვირვალე წონებს, განიხილება, როგორც უფრო დეტალური და ზუსტი, ვიდრე სხვები. ამის მაგალითია "აქტივობებზე დაფუძნებული საქმის წონის ფორმულა", რომელიც მუშაობს აშშ-ში, სერბეთსა და ისრაელში. ეს მეთოდი მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, სასამართლო ცალკეული აქტივობების დრო იანგარიშონ ჯამურად და გამოავლინონ ის აქტივობა, რომელსაც ყველაზე მეტი დრო სჭირდება.
ცალკეული საქმეების დარგისა და კატგორიის მიხედვით დახარისხების მიზეზი არის ის, რომ საქმეებს, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს განსხვავებული წონა. აღნიშნული ემსახურება იმას, რომ საქმის წონა განისაზღვროს უფრო დეტალურად და ზუსტად. რაც უფრო მრავალრიცხოვანია საქმეთა კატეგორია, მით უფრო ზუსტად არის განსაზღვრული საქმეთა წონა. მაგ.: გერმანიაში გამოიყოფა საქმეთა 70 კატეგორია, ლიეტუვაში - 45.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქმის წონის სისტემის დანერგვა, პირველ რიგში, ქართული სასამართლო სისტემის ინტერესი უნდა იყოს, ვინაიდან ამ ინსტიტუციის ფარგლებში საქმის წონის სისტემის არსებობა დროის მენეჯმენტის, მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის, ნაკადის მართვის და, ამდენად, სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.