იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ევოლუცია - ნაწილი I

09.11.2022
როგორ იქცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალაუფლების ცენტრად.

სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის მართვის სამი ძირითადი მოდელი დომინირებს:

  • იუსტიციის სამინისტროს მოდელი;
  • მართლმსაჯულების (იუსტიციის) საბჭოები;
  • სასამართლო სერვისის მოდელი (მაგ. ირლანდია).  


საერთაშორისო თუ ევროპულ სტრუქტურებში გავრცელებული მოსაზრებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვის და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველაზე ქმედითად  იუსტიციის საბჭოს მოდელი მიიჩნევა.  

იუსტიციის საბჭოები ევროპაში პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა -  ზოგ ქვეყანაში ნებაყოფლობით (ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები), ზოგიერთ ქვეყანაში კი - ევროკავშირისა და  ევროპის საბჭოს გავლენით (ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები).1   ევროკავშირის წევრობის კანდიდატებისთვის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) მართლმსაჯულების საბჭოები არა მხოლოდ რეკომენდებული იყო, არამედ შეთავაზებული იყო, როგორც უალტერნატივო, „ერთადერთი თამაშის წესი“ სასამართლოს დამოუკიდებლობის, ხელისუფლების დანაწილებისა და მოსამართლეთა ემანსიპაციის  ხელშეწყობის მიზნით.2  
 
ბოლო წლებში არაერთ ქვეყანაში აშკარად შეინიშნებოდა მართლმსაჯულების საბჭოების გაძლიერების და გავლენის  ზრდის ტენდენცია. ამ მოდელის მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები სწრაფად და ეფექტიანად აღმოიფხვრებოდა. თუმცა,  პროცესმა  აჩვენა, რომ  ერთი ორგანოს ხელში ასეთი ფართო უფლებამოსილების თავმოყრა, ძალაუფლების დამაბალანსებელი მექანიზმების და სათანადო ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა სასამართლოს ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის დაბრკოლებად იქცეს.


1997-2007 წლები


საქართველოში იუსტიციის საბჭო  „საერთო სასამართლოების შესახებ“  1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე შეიქმნა. იგი პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო და მისი უფლებამოსილებაც, ძირითადად, პრეზიდენტისთვის სხვადასხვა საკითხებზე წინადადებების წარდგენით შემოიფარგლებოდა.3  

შექმნის დღიდან რამდენიმეჯერ შეიცვალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი. 

თავდაპირველად საბჭო 12 წევრისგან შედგებოდა, შემდეგ მისი რაოდენობა 9 წევრამდე შემცირდა, მაგრამ არ შეცვლილა წარმომადგენლობითი ბალანსი და წლების განმავლობაში საბჭოს უმრავლესობას პოლიტიკური  ფიგურები - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეადგენდნენ. სხვადასხვა დროს საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები და გენერალური პროკურორი. სასამართლო ხელისუფლებას საბჭოში თავდაპირველად მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები წარმოადგენდნენ.

2005 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა   სასამართლოს წარმომადგენლობის  გაფართოების ხარჯზე; კერძოდ,  მას 8 მოსამართლე წევრი შეემატა, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა.4  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირები კი კვლავ საბჭოს შემადგენლობაში დარჩნენ.  


იუსტიციის საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო

2007 წლამდე პირველი და მეორე ინსტანციის  სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო იუსტიციის საბჭოს, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს მთავარი ფუნქცია პრეზიდენტისთვის მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების წარდგენა იყო. 
გარდა ამისა, იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს მიმართავდა წარდგინებით  მოსამართლის დაწინაურების ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; განსაზღვრავდა მოსამართლეთა სპეციალიზაციას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში; ახორციელებდა დისციპლინურ სამართალწარმოებას მოსამართლეთა მიმართ და სხვა უფლებამოსილებებს.


2007 წლის რეფორმის შემდეგ


2007 წლის 19 ივნისის საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. იგი  პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ ორგანოდ იქცა და მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა. მათ შორის:

  • პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება. 
  • საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა.
  • საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის დამტკიცება.
  • მოსამართლეთა წახალისებაზე გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

საბჭო დისტანცირდა სხვა უწყებებისგან, კერძოდ იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი თანამდებობრივად აღარ იყვნენ საბჭოს წევრები. მისი შემადგენლობა 15 წევრამდე შემცირდა, წარმომადგენლობითი ბალანსი კი სასამართლო ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვალა - საბჭოს წევრთა უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე შეადგენდნენ.  

მართალია იუსტიციის საბჭო უწყებრივად ჩამოშორდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლობა 2013 წლამდე დარჩა საბჭოში.  


2009 წელი - ახალი ორგანული კანონი 


2009 წლის 8 დეკემბერს ამოქმედდა ახალი ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და ძალადაკარგულად გამოცხადდა 1997  წლის ორგანული კანონი; თუმცა საბჭოს შემადგენლობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით არსებითად არაფერი შეცვლილა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა გამოაცხადა. სასამართლო რეფორმის პირველი ეტაპი (ე.წ. პირველი ტალღა), ძირითადად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეხებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და პროგრესული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური გამიჯვნა საკანონმდებლო ხელისუფლებისგან - 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღარ არიან პარლამენტის წევრები.

2013 წლის 1 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით:

  • განისაზღვრა, პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის 2/3-ით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსივე არამოსამართლე წევრის არჩევა, არა პარლამენტის წევრთაგან, არამედ აკადემიური წრეებიდან, ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ან/და არასამეწარმეო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატებისგან.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლება შეეზღუდათ სასამართლოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს.
  • მოსამართლეთა დასანიშნად და სადისციპლინო საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის თანხმობა გახდა საჭირო.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრის დამტკიცება, რომელთაც მანამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავდა.

2013 წლის 1 ნოემბერს ისევ შევიდა ცვლილება ორგანულ კანონში და საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლება დაუბრუნდა. ამ დროიდან საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი.

2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისათვის საჭირო კვოტა გაიზარდა და კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ პარლამენტი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ირჩევს 3/5-ის უმრავლესობით.

რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტი იუსტიციის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიაც და ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც მართლმსაჯულების საბჭოს წევრის ერთჯერადად არჩევას ემხრობა და აღნიშნავს: „ხელახლა არჩევის წესი, უმჯობესია შეიცვალოს უფრო ხანგრძლივი უცვლელი ვადით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დამოუკიდებლობა.“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების პარალელურად მიმდინარეობდა მისი ძალაუფლების ზრდის უწყვეტი პროცესი, რომელსაც დეტალურად შემდგომ სტატიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ევოლუცია - ნაწილი II განვიხილავთ.



სქოლიო

1. K. Sipulova, S. Spac, D. Kosar, T. Papouskova, V. Derka; “Judicial Self-Governance Index: Towards better understanding of the role of judges in governing the judiciary;” Regulation and Governance (2022); Page. 1
2. იქვე.
3. საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“,  მე-60 მუხ., 1-ლი პუნქ.
4. საქართველოს  ორგანული კანონი  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ,  25.11.2005, მუხ. 1;  #2125.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ფოტო: vecteezy.com

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე