იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ევოლუცია - ნაწილი II

11.11.2022

სარჩევი

ბოლო წლებში სასამართლოს ინსტიტუციური ავტონომიის, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გასაზრდელად საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა, თუმცა, ამის პარალელურად, განისაზღვრა ისეთი პირობები, რამაც საბოლოოდ შეასუსტა მათი დადებითი ეფექტი და პროცესებზე სრული კონტროლის შესაძლებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადასცა.


საბჭოს ახალი კომპეტენცია: მოსამართლის შეფასება მის უვადოდ დანიშვნამდე


2014 წლიდან, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ამოქმედდა მოსამართლეთა უვადოდ (65 წლის ასაკამდე) დანიშვნის წესი. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დემოკრატიულ ქვეყნებში გავრცელებული პრაქტიკაა და ზოგადად მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საშუალებად მიიჩნევა. 

საქართველოში განსხვავდება ყოფილი მოსამართლისა და სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირების დანიშვნა. მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება პირდაპირ უვადოდ დაინიშნოს ყოფილი მოსამართლე, თუ მისი სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული.

სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირის უვადოდ დანიშვნა გარკვეულ წინაპირობებს ითვალისწინებს. ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება თანამდებობაზე ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნება. მისი უვადოდ გამწესება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეფასდება მისი საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ.

 

დამოუკიდებელი ინსპექტორი - დამატებითი თანამდებობა საბჭოს გავლენის ქვეშ 


2017 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომლის მიზანია მოსამართლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევა და წინასწარი შემოწმება. დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნა და გათავისუფლება იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა. 


საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი - ახალი ბერკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში


2017 წლიდან ამოქმედდა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, რომელიც მოსამართლეებზე საქმეთა განაწილების შემთხვევით პრინციპს გულისხმობს. ამგვარი წესი აღიარებული და მოწონებულია დასავლური სტრუქტურების მიერ, როგორც მოსამართლეთა შორის საქმეების სამართლიანი და ობიექტური განაწილების, მათი თანაბარი დატვირთულობის და მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის მექანიზმი. საქართველოში ვერც ეს სისტემა ამუშავდა ნაკლოვანებების გარეშე და პროცესზე გავლენის ბერკეტები ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს თავმჯდომარეების ხელში აღმოჩნდა. 

საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის N1/56 გადაწყვეტილებით. საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. გარდა ამისა, საბჭო განსაზღვრავს იმ საგამონაკლისო შემთხვევების ფართო ჩამონათვალს, რომელზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი.

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლით


2018 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. 2018 წლის 21 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებით, იმავე წლის დეკემბერში ამოქმედდა ახალი წესი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების (პარლამენტისთვის წარდგენის) უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების უდიდესი ნაწილი იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე არიან არჩეულები საქართველოს პარლამენტის მიერ. კანდიდატების ნომინირების და არჩევის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე ამჯერად არ შევჩერდებით.


სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გაზრდილი უფლებამოსილება 


2018 წლის მარტის ცვლილებების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციები. რასაც მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ერთპიროვნულად მიენიჭა ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის უფლება. ამის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს საქმეთა განაწილების პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ოფიციალურად გაუჩნდა. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე


დღეისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ სკოლაში მისაღებ კონკურსთან დაკავშირებითაც კი არ იღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. კონკურსის გამოცხადების და მსმენელთა რაოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

რაც შეეხება სკოლის მართვის ორგანოს - დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქაც წამყვანი როლი აქვს პროცესში. იგი ირჩევს სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობას (7-იდან 4 წევრს), რომელთაგან ორს ირჩევს საკუთარი შემადგენლობიდან, ხოლო ორს აკადემიური წრეებიდან. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილებაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 


2021 წლის 30 დეკემბრის ცვლილებები და საბჭოს გაზრდილი ძალაუფლება


2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რამაც სამოსამართლო საქმიანობაზე ზემოქმედების ბერკეტები გააძლიერა და მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხელყოფის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ვინაიდან მათი უმეტესი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება, საბჭო მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემცირების ხარჯზე გაძლიერდა. ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებს:


მოსამართლეთა მივლინება


მოსამართლის მივლინებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეზღუდული აღარ არის მოსამართლის სავალდებულო თანხმობით (სხვა ინსტანციის სასამართლოში გადაყვანისას) და სასამართლოს გეოგრაფიული მდებარეობით (მოსამართლის მივლინება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სასამართლოში). მეტიც, საბჭოს შეუძლია ამავე გზით სააპელაციო სასამართლოდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანოს მოსამართლე, რაზეც მოსამართლის თანხმობა სავალდებულო აღარაა.

გარდა იმისა, რომ ამით საფრთხე ექმნება მოსამართლის დამოუკიდებლობას, ამავდროულად ირღვევა მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ასევე რამდენიმე საერთაშორისო სარეკომენდაციო დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეთა შეუცვლელობა აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი გარანტია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისათვის.“
გაიზარდა მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ვადა. იუსტიციის საბჭოს შეუძლია ერთი წლის ნაცვლად ორი წლით გადაიყვანოს მოსამართლე სხვა სასამართლოში, რაც ერთჯერადად შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ ორი წლის ვადით; რაც ვენეციის კომისიის მიერ შემდეგნაირად შეფასდა:

„მოსამართლის თანხმობის გარეშე 4 წლის ვადით მისი მივლინება აშკარად არაპროპორციულია.“

 „...ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებას მოსამართლეებთან მიმართებით და წარმოადგენს არსებით ჩარევას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დაცვაში.“
მივლინების წესის ამგვარი რეგულირება ქმნის მოსამართლეზე ზემოქმედების ბერკეტებს და საფრთხეს უქმნის მის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. ვენეციის კომისიის ხედვით „მოსამართლის ნების წინააღმდეგ მათი გადაყვანის ასეთი ფართო და შეუზღუდავი უფლებამოსილება გადაჭარბებული და გაუმართლებელია.“


მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების საფუძვლები


„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს, კერძოდ მიუკერძოებლობის პრინციპთან დაკავშირებულ გადაცდომებს, მიემატა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. საგულისხმოა, რომ მოსამართლის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული საკითხები მანამდეც რეგულირებული იყო ამავე მუხლის მე-8 (ე) პუნქტით, რომელიც კრძალავს „მოსამართლის მიერ პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვას.“ ტერმინი „პოლიტიკური შეხედულების გამოხატვა“ უფრო მკაფიო ფორმულირებაა, ვიდრე „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა,“ რომელიც ნაკლებად კონკრეტულია და შესაბამისად იუსტიციის საბჭოს მიერ ფართო ინტერპრეტაციის რისკებს ქმნის. ამდენად, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მეტი საფუძველი იქმნება. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოსამართლეთა მიუკერძოებლობის რეგულირებისას ბალანსი უნდა იყოს ნაპოვნი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასა და სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს შორის, უზრუნველყოს მიუკერძოებელი და აპოლიტიკური სასამართლო სისტემა. ასეთი დისციპლინური საფუძვლის არსებობა კი მოსამართლეთა ,,გაჩუმების’’ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 


ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატის ხელახლა კენჭისყრა


იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამ წევრს უფლება აქვს იმ მოსამართლეობის კანდიდატის თანხმობით, რომელიც მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდა, მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე, რათა მას ხელახლა ეყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ამრიგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მანიპულირების დამატებითი საშუალება მიეცა.


საბჭოს ამჟამინდელი უფლებამოსილება

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს.
იუსტიციის საბჭო
  • თანამდებობაზე ნიშნავს:
1) საქალაქო (რაიონულ) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს. 
2) საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს და თავმჯდომარის მოადგილეებს, შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან. 
3) საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებს. 
4) სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს.
5) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს. 
6) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. 
7) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 4 წევრს. 
8) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს. 
9) მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კომისიის წევრებს. 

  •  იღებს გადაწყვეტილებებს:
1) მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებასთან დაკავშირებით. 
2) საქალაქო (რაიონულ) სასამართლოში სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიების შექმნის და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ. 
3) მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. 
4) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემასთან ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
5) მოსამართლეთა წახალისების შესახებ. 
6) საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ სადისციპლინო კოლეგიისთვის მიმართვის თაობაზე. 
7) იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით. 
8) სააპელაციო და საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. 
9) მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების შესახებ.
10) სასამართლო სისტემაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და სხვ.

  • განსაზღვრავს:
1) საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას. 
2) სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას. 
3) საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა სპეციალიზაციას. 
4) მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას. 
5) საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს. 
6) მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს. 
7) იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობას. 
8) საქალაქო (რაიონულ) და სააპელაციო სასამართლოში აპარატის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესს. 
9) საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს დანამატს და სხვ.

1997 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების და კონსტიტუციური სტატუსის (პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან დამოუკიდებელ ორგანომდე) ცვლილება სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერების გარანტად უნდა ქცეულიყო. თუმცა, ინსტიტუციური საკითხების დარეგულირებამ მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყო. 

საგულისხმოა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის  სტანდარტები ფორმალურად გაუმჯობესდა, მაგრამ საფუძვლიანი პროგრესი მაინც არ იქნა მიღწეული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების არაპროპორციულად ზრდამ და ძალაუფლების დაბალანსების მექანიზმების არარსებობამ ნეგატიური გავლენა იქონია მთლიანად სასამართლო სისტემაზე, განსაკუთრებით კი სასამართლოს მიმართ ნდობაზე.


ამავე თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ევოლუცია - ნაწილი I.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: vecteezy.com 
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე