ერთი დღე გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში

27.10.2023

გარდაბანში არასოდეს ვყოფილვართ, შესაბამისად, გვქონდა მოლოდინი, რომ გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში ვიზიტი საინტერესო იქნებოდა. დილით თბილისიდან ავტობუსს გავყევით, რომელმაც გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს შენობასთან მიგვიყვანა. 

როგორც ვებგვერდზე წინასწარ ვნახეთ, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში სხდომა 13:30 საათზე იყო ჩანიშნული, ჩვენ კი 11:00 საათზე უკვე სასამართლოსთან ვიყავით და ვინაიდან ბევრი დრო გვქონდა, ირგვლივ ტერიტორია ფეხით მოვიარეთ. 

სასამართლოს შენობა ძალიან პატარაა - ორსართულიანია და სიგანეში ვიწრო. საპარკინგე სივრცეც არ არის გამოყოფილი მიმდებარე ტერიტორიაზეც, თუმცა პანდუსის საჭიროებაზე აქაც უფიქრიათ. 

შენობაში ბევრი ადამიანი ერთდროულად ფიზიკურად ვერ შევა, ვინაიდან შიდა სივრცე ამის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ მხოლოდ ორნი ვიყავით და სასამართლოშიც მხოლოდ ერთი მანდატური დაგვხვდა, ამიტომ ამ სახის პრობლემა არ გვქონია. მანდატურს ძალიან გაუკვირდა, რომ გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში ვინმე მივიდა, თანაც - მხოლოდ სხდომაზე დასასწრებად, გაკვირვებისგან ჯერ ისიც ვერ გვითხრა, სხდომა რომელ საათზე იყო ჩანიშნული. შემდეგ პირადობების ასლები დაიტოვა, თან რამდენჯერმე გაგვამეორებინა, ვინ ვიყავით, იქ რატომ მივედით, უფრო ახლოს სხვა სასამართლო ვერ ვნახეთ?! 

სასამართლოს შენობის შესასვლელში არანაირი ინფორმაცია არ იყო განსახილველ საქმეებზე - არც კედელზე გამოკრული განცხადებების და არც ელექტრონული სახით. საერთოდაც, ალბათ პირველები ვიყავით, ვინც ამ სასამართლოში ისე მივიდა, რომ უშუალოდ მხარე არ ყოფილა. 

სასამართლოს მისაღებ სივრცეში ჩვენი ყურადღება მიიქცია ცალკე მდგარმა მაგიდამ, რომელიც ადაპტირებული იყო ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, რაც ძალიან გვესიამოვნა.

საპირფარეშო საერთო იყო ქალებისა და კაცებისთვის, უფრო შემაწუხებლად კი ის მოგვეჩვენა, რომ საპირფარეშო საკუჭნაოს ფუნქციასაც ითავსებდა, რადგან იქვე იყო განთავსებული დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები, კიბე, ძველი ხელსაწყოებიც კი. ერთადერთი დადებითი ის იყო რომ კედელზე ხელების დაბანის წესების გამოკვრაზე იფიქრეს. მართალია სრულიად დაკუჭულ ფურცელზე იყო დატანილი აღნიშნული წესები, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებდი მაინც შეძლებდი ინსტრუქციის მიყოლას.

ვინაიდან სასამართლოს შესასვლელში სივრცე ძალიან პატარაა, მანდატურმა მოსაცდელად სხდომის დარბაზში შეგვიყვანა და გვითხრა, რომ როდესაც სხდომა დაიწყებოდა (მეორე დარბაზში) დაგვიძახებდნენ. 

მეორე დარბაზი უფრო პატარა იყო, თუმცა მხარეებთან ერთად ჩვენც მოვახერხეთ შესვლა. სხდომის მდივანმა ჯერ დააზუსტა, ნამდვილად სტუდენტები ვიყავით თუ არა (თითქოს, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სასამართლოში შესვლა) და შემდეგ გვკითხა, სანამ გარდაბნამდე ჩავიდოდით, გზად სხვა სასამართლო ვერ ვნახეთ? მისი ეს შენიშვნა ისე ისმოდა თითქოს ვიღაც ამბობდა - „აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილოო“. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა და თარჯიმანიც უზრუნველყოფდა, რომ ყველაფერი გაეგო სამართალდამრღვევ პირს, თუმცა ამ ნაწილში პრობლემა შევნიშნეთ სხდომის დარბაზის გარეთ - სანამ სხდომის დაწყებას ველოდებოდით, სასამართლოს შენობაში ერთი ქალი შემოვიდა, რომელსაც ქართული არ ესმოდა, თან ხელში რაღაც დოკუმენტები ეჭირა. ცდილობდა, მანდატურისთვის ეთქვა, რატომ იყო იქ და რა უნდოდა. თავის მხრივ მანდატურიც ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ქალის ნათქვამიდან არაფერი ესმოდა, არადა სასამართლოში ინფორმაციის მიღება ყველას უნდა შეეძლოს და ამას ენობრივმა ბარიერმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ის ქალბატონი რამდენიმე მცდელობის შემდეგ უპასუხოდ გავიდა შენობიდან. 

სხდომის დარბაზში მეტ-ნაკლებად დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, მაგრამ ფანჯრის გასაწმენდ შუშაში მზის სხივი ძლივს აღწევდა, თან ფანჯრის რაფაზე ეწყო ჩაის ჭიქა, ჩაის ყუთი და ყვავილი, არაჟნის ქილაში. ცოტა უცნაური სურათია სასამართლოსთვის, მაგრამ თავს ისე იგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.

გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც ასევე არასოდეს ვყოფილვართ ადრე.

გარდაბნიდან რუსთავამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ, ფეხზე ძლივს ვიდექით, სუნთქვაც შეუძლებელი იყო იმდენი ადამიანი მგზავრობდა. წინ მარნეულის მაგისტრატი სასამართლო გველოდებოდა.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა