რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაისში

01.06.2023
2023 წლის მაისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 5-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 3- ჯერ (სხდომები დაიწყო 1 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 2-ჯერ.

ძირითადი მიგნებები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თითქმის ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • ყველა სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.

5 მაისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 28 აპრილს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ 5 მაისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 37 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი: 

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები
  2. განკარგულების პროექტი - „სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
  3. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
  4. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  6. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტს სურს მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვოს 900,000 ლარი იმისთვის რომ სასწავლო შეხვედრები დაიგეგმოს მოსამართლეებისთვის. საბჭომ გასცა ნებართვა აღნიშნულის თაობაზე. სხდომაზე ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ ამ თანხის გამოყოფა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც დონორების დაფინანსებული შეხვედრებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში სემინარებისა და ტრენინგების შინაარსის განსაზღვრა „თვითონ“ შეეძლებათ.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილული კიდევ ერთი წერილის შინაარსი შეეხებოდა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მზადებას, საორგანიზაციო საკითხს და თანხების გამოყოფას.
  • სხდომაზე ასევე განიხილეს მსმენელთა რაოდენობის შესახებ წარდგინების მომზადების საკითხი სკოლისათვის. სასამართლოში სულ 101 ვაკანტური თანამდებობაა, 2024 წლის ბოლოს 7 მოსამართლეს ეწურება ვადა, და შესაბამისად წლის ბოლოს 108 ვაკანტური ადგილი იქნება, ვაკანსიაზე 20% -ით მეტი მსმენელი უნდა იყოს სკოლაში. შესაბამისად სრული ხმების რაოდენობით გადაწყვიტეს სკოლისთვის წარდგინების გაგზავნა მსმენელთა რაოდენობის შესახებ.
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, რადგან საკითხი შეეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის ფორმირებას/განსაზღვრას.
  • საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურს სამივე სპეციალიზაციის მოსამართლეთა შეხვედრის ორგანიზება, არსებული/დადგენილი პრაქტიკის განხილვის მიზნით. 

24 მაისი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 1 საათი და 35 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქ. კოპალიანის წერილი;
  4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები;
  5. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
  6. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  7. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  8. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი შეეხებოდა ლია ორკოდაშვილის მიმართ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მოსამართლე ქრისტინე კოპალიანის წერილი, რომელიც შეეხებოდა საცხოვრებელი ბინის ქირის ცვლილების საკითხს.
  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი, ასევე შეეხებოდა სასამართლოში სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში დამატებითი თანხის გამოყოფის საკითხს.
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა მოსამართლეების: გიორგი ბუხრაშვილი, ციცინო როხვაძეს, სერგო მეთოფიშვილის, მანუჩარ ცაცუას განცხადებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაყვანის შესახებ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არც ერთი კანდიდატის გადაყვანის არ დაუჭირა მხარი.
    ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ვაკანსიაზე მოსამართლე ეკატერინე მაღრაძის განცხადება განიხილა ასევე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არ დაუჭირეს მხარი 37-ე მუხლით გადაყვანას.
    ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გადაყვანის შესახებ გულიკო კაჟაშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 1 ხმით 11 ხმის წინააღმდეგ.
    ასევე, ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილის განცხადება გადაყვანაზე არ დაკმაყოფილდა.
    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გამოაცხადა კონკურსი თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში:
    სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და საგამოძიებო კოლეგიაში.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, შეწყვეტილად გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 ივნისის განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული მსმენელთა კონკურსი სკოლაში.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6 და მე-7 საკითხები გადაიდო, გადადების მიზეზების განმარტებების გარეშე.
  • საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში განიხილეს ბადრი შონიას განცხადება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ბადრი შონიას განცხადება დაკმაყოფილდა და დამოუკიდებელი საბჭოს წევრად აირჩიეს დიმიტრი გვრიტიშვილი.

29 მაისი, 2023

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 10 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა სასამართლოებში სარემონტო ხარჯების გაზრდის საკითხს, რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად განაცხადეს თანხმობა.
  • მეორე საკითხი - „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა;
  • საორგანიზაციო საკითხები მოიცავდა, საერთო სასამართლოების შესახებ 37-ე მუხლის ფარგლებში გამოცხადებული ვაკანსიებზე განცხადების წარდგენის ვადის გაზრდას, ასევე, ვაკანტური ადგილები გამოცხადდა მცხეთის და თიანეთის სასამართლოებში.
  • ნიკოლოზ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა შეხვედრები პროფესიული მიზნით დადებითად შეფასდა მოსამართლეთა მიერ და გამოითქვა მსგავსი შეხვედრების კვლავ ჩატარების სურვილი.
  • საორგანიზაციო საკითხების განხილვისას სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, რა საკითხი უნდა განხილულიყო არ განუმარტავთ.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა