19.09.2022

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დომინანტური როლი იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში


2019 წლის 13 დეკემბერს სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი გაუქმდა და სკოლის მართვასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში აისახა.  მართალია დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები იერარქიულად უპირატესი ძალის მქონე ნორმებით რეგულირდება, მაგრამ მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებრივ ბალანსთან დაკავშირებით არსებითად არაფერი შეცვლილა. 

თუმცა, ვიდრე მათი უფლებამოსილების ურთიერთმიმართების საკითხზე ვიმსჯელებთ, საჭიროა ერთი ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულირების პრობლემა განვიხილოთ.  „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის რეგულირება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პირის მსმენელად ჩარიცხვასთან და სტატუსთან დაკავშირებით ორაზროვანია. 

პირის მსმენელად ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ორგანული კანონის ნორმებით ორ სხვადასხვა ორგანოს ენიჭება:

  • ერთი მხრივ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პირის მსმენელად ჩარიცხვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს უფლებამოსილებებს მიაკუთვნებს;1 
  • მეორე მხრივ კი, იუსტიციის მსმენელის სტატუსთან დაკავშირებით კანონი განმარტავს, რომ ესაა პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად.2   
საგულისხმოა, რომ ორგანული კანონში იუსტიციის მსმენელის სტატუსთან დაკავშირებით ნორმის რედაქცია არ შეცვლილა, რაც საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობას იწვევს.

ევროპაში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მრავალი განსხვავებული სისტემაა შექმნილი და როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, „არ არსებობს ერთი ცალკეული მოდელი, რომელიც მიესადაგება ყველა ქვეყანას. უფრო ძველ დემოკრატიებში აღმასრულებელ ხელისუფლებას  ზოგჯერ გადამწყვეტი გავლენა აქვს სასამართლო დანიშვნაზე. ასეთი სისტემები შესაძლოა, კარგად მუშაობდეს პრაქტიკაში და ქმნიდეს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რადგან მათი უფლებამოსილება შეზღუდულია სამართლებრივი კულტურითა და ტრადიციებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა; მაგრამ ახალ დემოკრატიებს ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, განევითარებინათ ტრადიციები, რომლებიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას ახდენს“.3

ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ყველაზე შესაფერისი გზა იუსტიციის საბჭოს ჩამოყალიბებაა, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილებები და ავტონომია  უზრუნველყოფილია კონსტიტუციური გარანტიებით“.4  საქართველოში მართლმსაჯულების  ხარისხზე, ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობაზე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოა პასუხისმგებელი, რაც, თავისთავად, მისაღები მოდელია, მაგრამ ვენეციის კომისიის შეფასებითვე რომ ვიხელმძღვანელოთ, ქვეყანაში, სადაც ძალაუფლების დაბალანსებას ისტორიულად ჩამოყალიბებული სამართლებრივი კულტურა და ტრადიციები არ განაპირობებს, მნიშვნელოვანია „მკაფიო კონსტიტუციური და სამართლებრივი გარანტიები“,5  რომლებიც  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან დაგვიცავს.

სპეციფიკა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების მართვის მოდელს გამოარჩევს, არის უფლებამოსილებათა აკუმულირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მაშინ, როდესაც არ არის დაცული  ვენეციის კომისიის მოსაზრებაში გამოხატული ფუნდამენტური მოთხოვნა: „ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თვითადმინისტრაციას,  მეორე მხრივ კი, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას შორის, რათა თავიდან იქნას არიდებული სასამართლო ხელისუფლების შიგნით კორპორატიზმის ნეგატიური შედეგები“.6    


იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის უფლებამოსილებები

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ინტერესს იწვევს  სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების ურთიერთმიმართება და მათი მანდატი სკოლის მართვასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

მოსამართლეობის კანდიდატებისა და მოქმედი მოსამართლეების სათანადო პროფესიულ მომზადებასა და არსებული პროფესიული უნარების სრულყოფას სპეციალური პროფილური სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს.  ამ მიზნით 2006 წელს საქართველოში იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაარსდა.

სკოლის მუშაობის წესს, უფლებამოსილებასა და სტრუქტურულ მოწყობას, ამასთანავე, სკოლაში მიღებასა და სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ 2005 წელს მიღებული კანონი განსაზღვრავდა.  

სკოლის მართვის ორგანოებს წარმოადგენს: სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია.7

დამოუკიდებელი საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც ამტკიცებს სკოლის სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს და იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით; 

ხოლო სკოლის დირექცია არის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და მის შემადგენლობაში შედიან: სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი.8


იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღამდე

სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესი და შემადგენლობა 2005 წლის კანონის მიღებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად დამოუკიდებელი საბჭო 6 წევრისგან შედგებოდა და მის შემადგენლობას ამტკიცებდა საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტს დამოუკიდებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შემდეგნაირად წარუდგენდნენ: სამ მოსამართლე წევრს წარადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ორ წევრს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ერთს - გენერალური პროკურორი.9 თავმჯდომარის თანამდებობა იყო არჩევითი და მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრები ირჩევდნენ თავიანთი შემადგენლობიდან.

2008 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეცა, აგრეთვე, დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეობის (შესაბამისად, წევრობის) უფლებამოსილებაც.10 

2013 წლიდან დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო თავმჯდომარეობისა და წევრობის უფლება აღარ აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს თანამდებობა კვლავ არჩევითი გახდა და მას 3 წლის ვადით ირჩევდა მოსამართლეთა კონფერენცია.11  

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის შემდეგ

სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა 7 წევრამდე, რომელთაგან 4 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრია. შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 3 წევრს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია (თითო მოსამართლე სამივე ინსტანციიდან), 4 წლის ვადით; 2 წევრს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი შემადგენლობიდან (ერთი მოსამართლე და ერთი არამოსამართლე წევრი); დანარჩენ 2 წევრს – იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისგან,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრის წარდგინებით. დამოუკიდებელი საბჭოს წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს უმრავლესობით.12 

შეიცვალა სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და მას მოსამართლეთა კონფერენციის ნაცვლად ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან. ამასთან, დამოუკიდებელი საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის არჩევა დასაშვებია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.13

დამოუკიდებელი საბჭოს წევრების გათავისუფლება კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა, მათ შორის, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრების. რაც შეეხება დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს,  მას თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეთა კონფერენცია.14  
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრაში მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეობა გაიზარდა, დომინანტურ პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს იუსტიციის უმაღლესმა საბჭო: ის ირჩევს თავმჯდომარეს და წევრთა უმრავლესობას. 

გაუგებარია, რატომ არ შეუძლია დამოუკიდებელ საბჭოს, სხვა კოლეგიურ ორგანოთა მსგავსად, თავად აირჩიოს თავმჯდომარე თავისი შემადგენლობიდან.


იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსი

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღამდე

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა და კონკურსს მართავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.15 საბჭოვე იღებდა გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პირის მსმენელად ჩარიცხვის შესახებ.

თავდაპირველი წესით, სკოლაში მისაღები კონკურსის გამართვა გათვალისწინებული იყო ზეპირი გასაუბრების ფორმით.16  2008 წლის საკანონმდებლო ცვლილებების  შემდეგ კი, კონკურსის ფორმა დაკონკრეტებული აღარ არის. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას ამტკიცებდა სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.17 


სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის შემდეგ

ორგანული კანონის ნორმებით, სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თუმცა  მისაღები კონკურსის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პირის ჩარიცხვის თაობაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. 

სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას სკოლას დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

შესაბამისად,   სკოლაში მისაღებ კონკურსთან დაკავშირებით  იუსტიციის უმაღლესი სკოლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ტექნიკურ აღმსრულებლად გვევლინება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დომინანტური როლი იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში მხოლოდ ერთი შრეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ფართო უფლებამოსილებების მთლიანი კონსტრუქციისა. დასახელებული პრობლემის ანალიზმა კიდევ ერთი რაკურსით გამოავლინა დისბალანსი, რომელიც ამ ინსტიტუციის ძალაუფლებასა და ანგარიშვალდებულებას შორის არსებობს და რომელიც გავლენას ახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე.   

სქოლიო
1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“,  663 მუხლი,  მე-7 პუნქტი,  „გ“ ქვეპუნქტი
2. იგივე, 6616  მუხლი.
3. CDL-AD(2007)028-e Judicial Appointments - Report adopted by the Venice Commission at its 70th Plenary Session (Venice, 16-17 March 2007); https://www.venice.coe.int/webforms/documents/CDL-AD(2007)028.aspxp.10
4. Ibid.
5. Ibid.
6. Ibid.
7. საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხ. 662
8. იგივე, მუხ. 666, პუნქ. 1
9. საქართველოს კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ, 2006 წლის 20 იანვრის რედაქცია (პირველადი), მუხ. 3, პუნქ. 3 და 4
10. საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუხ.1, პუნქ. 2
11. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხ.1, პუნქ.1
12. საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხ. 663, პუნქ. 4
13. იგივე, პუნქ. 5
14. იგივე, მუხ. 664,  პუნქ. 2
15. საქართველოს კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ, მუხ.11, პუნქ. 3   და  მუხ. 13, პუნქ. 1
16. საქართველოს კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ, 2006 წლის 20 იანვრის რედაქცია (პირველადი), მუხ. 13, პუნქ. 1
17. იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 14


---
ფოტო: unsplash.com
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ქეთი გაჩეჩილაძე