რეალობა, რომელიც ბრალდების შესახებ დადგენილებას გამამტყუნებელ განაჩენს უტოლებს

06.02.2023
ბრალდების მხარეს ენიჭება ზედმეტად ფართო შესაძლებლობა, მარტივად, ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, მოითხოვოს შეეცვალოს ბრალდებულს გირაო პატიმრობით.

საქართველოში სისხლის სამართლის საქმეთა, დაახლოებით 50%-ში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფარდებენ და ეს სტატისტიკა წლებია, მნიშვნელოვნად არ იცვლება. გირაო ერთ-ერთია აღკვეთის ღონისძიების სახეებს შორის, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული. ზოგადად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება შემდეგი მიზნით:

  • ბრალდებულმა არ აარიდოს თავი სასამართლოში გამოცხადებას;
  • აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა; 
  • უზრუნველყოფილი იქნეს განაჩენის აღსრულება.


„თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით“. ანუ იმისათვის, რომ შეიცვალოს გირაო (როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე) უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, საჭიროა ორიდან ერთ-ერთი საფუძვლის არსებობა:

  1. ბრალდებულმა არ შეასრულოს პირობა, რაც შეიძლება გამოიხატოს გირაოს გადაუხდელობაში ან სასამართლოს მიერ დადგენილი გირაოს გამოყენების პირობის შეუსრულებლობაში; 
  2. ბრალდებულმა დაარღვია კანონი, მაგალითად, ჩაიდინა ახალი დანაშაული; ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში დაარღვია კანონის მოთხოვნები.

ამდენად, ამ ორი საფუძვლიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით

სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს, თუკი ბრალდებულის სათანადო ქცევის მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. ამდენად, პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის საკითხი დგას, ის როგორც წესი იცვლება პატიმრობით, რადგან აღკვეთის ღონისძიებების სხვა სახეები (შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა, რომელიც მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეს ეხება) თავისი შინაარსითა და ადამიანის უფლებებში ჩარევის ინტენსივობით არათუ უფრო მკაცრი, არამედ გაცილებით მსუბუქია.

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და კანონის დარღვევის (მაგალითად ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) გამო შეეცვალა გირაო პატიმრობით. 

საინტერესოა, რა იგულისხმება „ახალი დანაშაულის ჩადენის“ ქვეშ? კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ ბრალდების შესახებ დადგენილება?

ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის თანახმად, პირი დამნაშავედ (ამ შემთხვევაში, ახალი დანაშაულის ჩადენაში) მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიჩნიონ, როდესაც მისი ბრალეულობა დადგინდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული პროცესი იმდენად დიდ დროს მოითხოვს, რომ ამ საკითხის საბოლოოდ გარკვევას ვერც ბრალდების მხარე და ვერც სასამართლო ვერ დაელოდება. ამიტომაც, პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას ახალი დანაშაულის ჩადენას ადგენს არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, არამედ ბრალდების შესახებ დადგენილება. ბრალდების შესახებ დადგენილების გათანაბრება გამამტყუნებელი განაჩენთან იმდენად წინააღმდეგობრივ რეალობას ქმნის, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეუძლებელი ხდება. 

მეორე მხრივ, თუკი ბრალდების შესახებ დადგენილება უტოლდება კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს, ეს ნიშნავს კანონის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ განმარტებას, რაც არასამართლიანია. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს ენიჭება ზედმეტად ფართო შესაძლებლობა, მარტივად, ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, მოითხოვოს შეეცვალოს ბრალდებულს გირაო პატიმრობით.

თეორიულად, ამ პირობებში, საუკეთესო იქნებოდა, თუკი ბრალდების მხარე, ყველა შემთხვევაში, ყოველმხრივ გამოირკვევს საქმის გარემოებებს და მის ხელთ არსებულ ზემოაღნიშნულ ბერკეტს ბოროტად არასოდეს გამოიყენებს. მაგრამ, ეს მხოლოდ თეორიაა. და ამ თეორიის დაშვებითაც კი, ყოველ ჯერზე, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო იცვლება პატიმრობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კანონიერების პრინციპის დაცვა. 

ზოგადად, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მკაცრია, როდესაც სასწორზე ადამიანის ძირითადი უფლება – თავისუფლება დევს. აუცილებელია, სამართლებრივი ნორმა იყოს კანონიერიც და სამართლიანიც და ამასთან, ცხადი. 

განხილული დებულება განსაზღვრავს პირობას, რომლის დადგომის შემთხვევაშიც, აღკვეთის ღონისძიება ვეღარ აღწევს მიზანს – ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და, ამ მოტივით, ის იცვლება ადამიანის დაპატიმრებით, რაც ლოგიკურია და მიზანშეწონილი; მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საკმარისად გასაგებად არ ადგენს, როგორ უნდა შევაფასოთ, რომ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის პირობა (კანონის დარღვევა) დადგა. 

---

საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’

სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ავტორი: მეგი შამათავა