სისხლისსამართლებრივი სასჯელის და აღკვეთის ღონისძიების გამიჯვნა

08.05.2024

სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიება ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც არსობრივად, ასევე იმ მიზნით, რა მიზნითაც ისინი გამოიყენება. სასჯელსა და აღკვეთ ღონისძიებას შორის განსხვავება შეიძლება რამდენიმე ნიშნით დაიყოს:

  • სასჯელი ინიშნება იმის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული და ეს ფაქტი დადგენილია სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით. აღკვეთის ღონისძიება კი ბრალდებულის მიმართ გამოიყენება, თუმცა პირის ბრალდებულად ცნობა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს ან იარსებებს და ის მსჯავრდადებული გახდება; 
  • არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ძირითადი და დამატებითი სახეები, თუმცა არსებობს ძირითადი და დამატებითი სასჯელი;
  • სასჯელი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო აღკვეთის ღონისძიება არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნაწილი;
  • აღკვეთის ღონისძიების მიზანია საქმის შეუფერხებლად განხილვა, ხოლო სასჯელის – სამართლიანობის აღდგენა.

სასჯელის და აღკვეთის ღონისძიების უკეთ გასამიჯნად თითოეული მათგანი მოკლედ განვმარტოთ.

აღკვეთის ღონისძიება

აღკვეთის ღონისძიება არის უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში გამოყენებული იძულებითი ღონისძიება ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულის დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;

აღკვეთის ღონისძიების მიზნები

  • ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას;
  • აღიკვეთოს ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა;
  • უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული:

  • მიიმალება;
  • არ გამოცხადდება სასამართლოში;
  • გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას;
  • ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
    თუ რომელიმე საფუძველი არსებობს, მაშინ ბრალდებულს შეეფარდება აღკვეთის ღონისძიების ის სახე, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

აღკვეთის ღონისძიების სახეები

  • გირაო;
  • შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
  • პირადი თავდებობა;
  • სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა;
  • პატიმრობა.

პატიმრობა არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და თუ სხვა სახით შესაძლებელია უზრუნველყოფა იმისა, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება, მაშინ არ გამოიყენება პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. 
სანამ სასამართლო ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებასა და მის კონკრეტულ სახეს შეუფარდებს, ითვალისწინებს:

  • ბრალდებულის პიროვნებას;
  • მის საქმიანობას;
  • ასაკს;
  • ჯანმრთელობას;
  • ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას;
  • მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას;
  • ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს;
  • სხვა გარემოებებს.
     

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა, სასამართლომ ბრალდებულს შეიძლება დააკისროს დამატებითი ვალდებულებაც, იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაშაულია ჩადენილი, როგორია ბრალდებულის პიროვნება და რა საფრთხეები არსებობს.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს, მაგალითად: 

  • ბრალდებულის ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;
  • სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.

სასჯელი

სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც გამოიყენება ბრალდებულის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელი ინიშნება სასამართლოს მიერ, სახელმწიფოს სახელით და იწვევს დანაშაულის ჩამდენი პირის კანონით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. სასჯელს აქვს პირადი/ინდივიდუალური ხასიათი, რაც გამოიხატება იმაში, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ დამნაშავეს (პირადად) ეკისრება. სასჯელი იწვევს ასევე დამნაშავის ნასამართლობას.

სასჯელის მიზანი

  • სამართლიანობის აღდგენა;
  • ახალი დანაშაულის თავიდან აცილება;
  • დამნაშავის რესოციალიზაცია.


სამართლიანობის აღდგენა - შეფასებითია, თუმცა ის მაინც პროპორციულობის პრინციპს მიემართება და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამართლიანობის აღდგენა ხდება მაშინ, როდესაც სასჯელი შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - იყოფა ორ ჯგუფად: ზოგად, ანუ გენერალურ პრევენციად და კერძო, სპეციალურ პრევენციად.
გენერალური პრევენცია ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებაში გამოირიცხოს დანაშაულის ჩადენა. პოზიტიური გენერალური პრევენციის თანახმად, ადამიანთა ნაწილი დანაშაულს არ ჩადის იმიტომ, რომ მათ არ სურთ დანაშაულის ჩადენა. 
ნეგატიური გენერალური პრევენციის თანახმად კი - ადამიანი დანაშაულს არ ჩადის იმიტომ, რომ მას სასჯელის ეშინია.
სპეციალური პრევენცია მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ აღარ ჩაიდინოს დანაშაული. პოზიტიური სპეციალური პრევენცია უკავშირდება დამნაშავის გამოსწორებას, ხოლო ნეგატიური - დასჯას. 

დამნაშავის რესოციალიზაცია - იგულისხმება მსჯავრდადებულის რესოციალიზაცია, ინტეგრაცია, გამოსწორება, „საზოგადოებაში დაბრუნება“. 

სასჯელის სახეებია

  1. ჯარიმა;
  2. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
  3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
  4. გამასწორებელი სამუშაო;
  5. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;
  6. შინაპატიმრობა;
  7. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
  8. უვადო თავისუფლების აღკვეთა;
  9. ქონების ჩამორთმევა;
  10. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;
  11. სამხედრო წოდების ჩამორთმევა.


სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახეებზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.



ავტორი: მეგი შამათავა