მოსამართლეთა თანამდებობაზე კონკურსის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ შესულა

08.02.2023
სასამართლო სისტემაში ამჟამად 100-მდე მოსამართლის ადგილი ვაკანტურია.

2023 წლის 7 თებერვალს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კონკურსი დასრულდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 2022 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა მოსამართლეთა 76 ვაკანტურ თანამდებობაზე. თავდაპირველად გასაუბრება დაინიშნა 21 პირთან, თუმცა რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა.

კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დაინიშნა 8 მოსამართლე, აქედან:

  • 7 არის მოქმედი მოსამართლე. 
  • 1 - მოსამართლის ყოფილი თანაშემწე.

სასამართლო სისტემაში ამჟამად 100-მდე მოსამართლის ადგილი ვაკანტურია; კონკურსის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამოსამართლო კარიერის მიმართ დაბალი ინტერესია. ამ პირობებში საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკას უზრუნველყოფს, რათა სასამართლოები ახალი პროფესიონალი კადრებით შეივსოს.

იუსტიციის საბჭოს მიერ 7 თებერვალს დანიშნული მოსამართლეები

  1. თამარ ჭუნიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 
  2. ზაზა რამიშვილი- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 
  3. ტარიელ ტაბატაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 
  4. გიორგი ლობჟანიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 
  5. ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
  6. ნატა თედეშვილი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 
  7. ქრისტინე კოპალიანი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 
  8. ია ლაბაძე - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

გასაუბრება

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 2023 წლის 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

კითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას; კანდიდატებს სთხოვეს, რომ ესაუბრათ მათთვის საინტერესო ან ცნობილ გადაწყვეტილებებზე.
კანდიდატების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათ გადატვირთულობის გამო არ რჩებათ დრო, გაეცნონ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების პრაქტიკას და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 
სასამართლოს გუშაგის დამკვირვებლების შეფასებით, გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ კანდიდატების დიდი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციიდან დასმულ კითხვებს ვერ პასუხობდა ან მათ მიერ გაცემული პასუხები არ იყო ამომწურავი.


რაც შეეხება სპეციალიზაციებს (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგებს), ამ მხრივ კანდიდატებმა კითხვების უმეტესობას უპასუხეს. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატებს ან საერთოდ არ ჰქონდათ კითხვაზე პასუხი, ან პასუხობდნენ არასრულად. 


კითხვები საქართველოს კონსტიტუციიდან მოიცავდა შემდეგ საკითხებს

  • აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • პოზიტიური და ნეგატიური უფლებები;
  • საკანონმდებლო წინადადების წარდგენა;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევის წესი; 
  • სამართლებრივი სახელმწიფო;
  • ეკონომიკური თავისუფლება;
  • პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
  • მიმოსვლის თავისუფლება; 
  • პირადი ცხოვრების პირადი სივრცის და კომუნიკაციის შეზღუდვა;
  • რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
  • სახელმწიფო მოწყობა;
  • კონსტიტუციური პრინციპები ბრალდებულისათვის და საპროცესო უფლებები;
  • შემოქმედების თავისუფლება; 
  • საკუთრების უფლება; 
  • სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი;
  • უშუალო დემოკრატიის ფორმები.

საკითხები სისხლის სამართლიდან მოიცავდა შემდეგ საკითხებს

  • განსხვავება ფაქტობრივ და სამართლებრივ შეცდომას შორის;
  • ბრალდების შეცვლის ან ბრალდებაზე უარის თქმის უფლება;
  • ხულიგნობა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების მიხედვით;
  • ბრალდების უცვლელობის პრინციპი;
  • არაერთგზისი დანაშაული;
  • მინიმალური სასჯელის დანიშვნის საფუძვლები;
  • წინასასამართლო სხდომის მნიშვნელობა;
  • მტკიცებულებების გაცვლა მხარეებს შორის;
  • აცილების საფუძვლები უზენაეს სასამართლოში; 
  • ბრალდებულის თავის არიდება სასამართლოში გამოცხადებაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან მიმართებაში;
  • ყადაღა სისხლის და სამოქალაქო სამართალში;
  • ყადაღის ვადები;
  • ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლები და მოსამართლის როლი; 
  • ქალთა მიმართ ძალადობა; 
  • აღკვეთის ღონისძიებები; 
  • სასჯელის გადასინჯვის საფუძვლები იმ მსჯავრდებულთან მიმართებაში, ვისაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული;
  • იურიდიული პირის სასჯელები;
  • ჯარიმა, როგორც სასჯელის სახე და მისი დანიშვნის საფუძვლები;
  • ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა; 
  • სამოქალაქო შეთანხმება;
  • მოსამართლის არჩევა ნაფიც მსაჯულად; 
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის მიმართება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან; 
  • განსხვავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის;
  • ბრალის გამომრიცხავი და შემამსუბუქებელი გარემოებები;
  • მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები.


კითხვები სამოქალაქო სამართლიდან მოიცავდა შემდეგ საკითხებს

  • ხელშეკრულების გაფორმების დროს ყადაღის გამოყენება; 
  • საბანკო გარანტია და მისი ფუნქცია;
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება შესაგებლის წარუდგენლობის დროს;
  • მესამე პირების მიმართ უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება;
  • მეუღლის თანხმობის გარეშე განქორწინება;
  • სარჩელის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
  • ultima ratio შრომის სამართალში; 
  • სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებისას უფლებაში აღდგენის მექანიზმები; 
  • უკანონო გათავისუფლებისას კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმები;
  • საკასაციო სარჩელის გამოთხოვის პროცედურა.


კითხვები ადმინისტრაციული სამართლიდან მოიცავდა შემდეგ საკითხებს

  • ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის არსებობა სარჩელის შეტანასთან მიმართებაში;
  • ყადაღის გამოყენება ადმინისტრაციულ პროცესში;
  • ადმინისტრაციული აქტის შეჩერება და სასამართლოს როლი ამ პროცესში;
  • ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხი;
  • ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლები.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.