მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სექტემბერში ჩატარდება

14.07.2023

2023 წლის 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომაზე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მსურველები საბუთების წარდგენას და გამოცდაზე რეგისტრაციას 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად: “მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.”

მოსამართლეობისაკენ მიმავალ გზაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი საფეხურია, რომლის გავლაც მოსამართლეობის მსურველ პირს უწევს. ორგანული კანონი საგამონაკლისო წესის სახით განსაზღვრავს პირთა იმ წრეს, რომლებიც თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდისაგან, კერძოდ:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი;
  • უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი;
  • საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე − სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.

თუმცა, სხვა ყველა მოსამართლეობის მსურველი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. თავად გამოცდაზე გასვლა შეუძლია 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ისევე, როგორც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საკითხზე ამ შემთხვევაშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია მთელი რიგი ძალაუფლება, რადგან სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს.  ასევე, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქმნის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას, რომელიც იქმნება გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების შედეგების დამტკიცებამდე.

გამოცდა 2 ეტაპისაგან შედგება, პირველი ეტაპი მოიცავს ტესტურ გამოცდას, ხოლო მეორე ეტაპი წერით გამოცდას. ტესტური გამოცდის შემთხვევაში არსებობს 75-ქულიანი ზღვარი, ხოლო წერითი გამოცდის შემთხვევაში ზღვარი 15 ქულას შეადგენს.

საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემის განახლებისათვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გამოცდის დანიშვნისა და ჩატარების ბერკეტები, დიდწილად მასვე შეუძლია კადრების სისტემაში შემოდინების გაკონტროლება.

ბუნებრივია, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პრობლემაზე საუბრის პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, უზრუნველყოს სასამართლოს განახლება სისტემაში ახალი კადრების შემოდინებით. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ინტენსივობა, რაც (წლის მანძილზე ჩასატარებელი გამოცდის მინიმალური მაჩვენებელი) კანონით განსაზღვრული არ არის. მათ შორის საკითხის კანონი მოუწესრიგებლობამ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებულმა დისკრეციულმა მექანიზმმა გამოიწვია ის, რომ 2016, 2017 და 2021  წლებში გამოცდა არ ჩატარებულა. შესაბამისად მოსამართლეობის კარიერით დაინტერესებულ პირებს 3 წლის მანძილზე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

ბოლო 9 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 9-ჯერ მიიღო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გადაწყვეტილება. ეს იმ ფონზე, როდესაც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის არსებობის შესახებ და პარალელურად მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილები არ ივსება.  

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი