2005 ან 2006 წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს. სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიჯექი, სადაც ჩემი მეგობრის მამას ასამართლებდნენ მფლანგველობის თუ კორუფციულობის გამო. აღარც ეს მახსოვს ზუსტად, რაზე.
ის კი გამოჩნდა მოგვიანებით, რომ ცილს სწამებდნენ, რადგან წლების შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა და ჩვენს ქვეყანას კომპენსაციაც კი დაეკისრა მის სასარგებლოდ. კონტექსტი კი ისეთი იყო, რომ სადაც მუშაობდა, მისი მოშორება უნდოდათ იქიდან და ეს კი ჯიუტობდა... ამავდროულად მისი შვილიც, ჩემი მეგობარი, ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას და ეს კი ნერვებს უშლიდათ... ერთ-ერთი ასეთი საჯარო კრიტიკის მერე ეს კაცი, მამამისი, იმავე ღამით წამოაგდეს თავის საკანში და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, რაც უთუოდ შვილის დასჯასაც ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ავხსენით მაშინ...
მაგრამ ამბავი ამაზე არცაა, ეს ცალკე ისტორიაა. ჩემი შთაბეჭდილება იმ სასამართლო სხდომას უკავშირდება, როცა მორიგ მოსამართლედ მოულოდნელად ახალგაზრდა და უაღრესად მგრძნობიარე კაცი შემოვიდა. ის არც ერთ წინა მოსამართლეს არ ჰგავდა, ცნობისმოყვარედ და პატივისცემით უსმენდა ბრალდებულს, ბრალმდებლებს ეკამათებოდა და საერთოდაც, უაღრესად ადამიანური იყო, რაც სულაც არ გამორიცხავდა მის პროფესიონალიზმს, უფრო პირიქით, კვალიფიკაციაც ეტყობოდა და არც მგრძნობელობისგან იყო დაცლილი. შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტდა, მაგრამ უდავოდ კონტრასტული ექსპონატი იყო, თავის სხვა კოლეგათაგან რაღაცით გამორჩეული, თუნდაც პროცესში ჩართულობის სურვილით. მიკროფონიც კი ახლოს მიჰქონდა პირთან, რათა ხმა გაგვეგონა, რადგან სხვები, თითქოს განზრახ, ამითაც არ იწუხებდნენ თავს.
მერამდენე სხდომა იყო ამ საქმეზე და არასდროს მტოვებდა იმის განცდა, რომ ფორმალურ წარმოდგენას ვესწრებოდი, ყალბ, მოსაწყენ და უღიმღამო პერფორმანსს, სადაც ყველას წინასწარ ჰქონდა როლი და ფუნქცია გაწერილი.
მახსოვს, მოწყენილობისგან იმაზეც ვფიქრობდი, ვინ და რა იყო ჩემთვის ზოგადად მოსამართლე და ერთადერთი, ვინც წესიერი მოსამართლის მაგალითად წარმომიდგა იმწუთას, რეალობაში არც კი არსებული ბერიკაცი აღმოჩნდა - კულტურის პირმშო, აზდაკი ბრეხტის ცნობილი პიესიდან, მყრალი ენის მქონე ცინიკოსი, რომლის დაფლეთილი მანტიის მიღმაც წესიერი ადამიანის გული ფეთქავდა.
მით უმეტეს, შორს იყო ამ სასამართლოდან ლიტერატურაში აღწერილი პირველი ღვთაებრივ-ადამიანური სამსჯავრო - ესქილეს „ორესტეას“ ტეტრალოგიის დასასრული, სადაც ათენა და აპოლონი დედის მკვლელი ორესტეს განაჩენის გამოძერწვის პროცესში არიან ჩართული...
ესქილემ ჯერ კიდევ 25 საუკუნის წინათ შექმნა მოდელი, სადაც სამართალი სამყაროსეული წესრიგის სინონიმია.
აქ კი სრული უწესრიგობა სუფევდა, პირველქმნილი ქაოსის მსგავსი...
მაგრამ აი, უეცრად ამ მოსამართლეში ადამიანური ინტონაცია გაისმა, კაცმა არც დამალა გაოგნება, როცა ბრალმდებლის არადამაჯერებელი არგუმენტები მოისმინა და განაჩენის მისაღებად გასვლის წინ ღია ტექსტით, სკანდალური გულწრფელობით დაუდასტურა ბრალდებულს თავისი ადამიანური და მოქალაქეობრივი კეთილგანწყობა. დიდ პატივს გცემთო, ესეც დასცდა.
დაუჯერებელი იყო... რევოლუციას ვესწრებოდით. მკვდარ სისტემაში ადამიანიც ყოფილა! Ecce Homo!
შემდეგ მოსამართლე გავიდა და ჩვენც დიდხანს ვუცადეთ განაჩენს. განაჩენის გამოცხადებისას კი, მართალია, იგივე კაცი შემობრუნდა, მაგრამ უკვე არა ძველებური კეთილგანწყობით - ის თითქოსდა ზომითაც დაპატარავებულიყო და ახლა უკვე აღარც მიკროფონთან პირის მიტანით იწუხებდა თავს. თითქოს შეცვალეს. მოსამართლემ სხაპასხუპით ჩაარაკრაკა განაჩენი (სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პროკურორის მიერ თქმული) და შემდეგ რაღაცნაირი ცხოველური სისხარტით, ვალმოხდილი და მობუზული, გაძვრა გასასვლელისკენ.
აქ უკვე სისტემა ლაპარაკობდა მისი პირით, მანამდე კი, ყალბი ადამიანურობის ჩვენებით, რაღაც პერსონალურის, კაცურის (ეს სიტყვაც კი აღმოხდა მანამდე) წარმოჩენა სცადა... თითქოს გვეუბნებოდა, ნამდვილი მე ეს ვარ, ვინც თქვენნაირად ვბრაზობ უსამართლობაზეო. სინამდვილეში კი ეს კაცი ყველაზე წარმატებული ჭანჭიკი აღმოჩნდა ბოროტების ბანალურობის იმ სისტემურ მექანიზმში, რასაც ძველ-საბჭოური და ნეოსაბჭოთა, ვერრეფორმირებული ქართული სასამართლო ქვია, კაცი ნიღბით, ქამელეონი, რომელიც ყველგან და ყველასთან წარმატებით ცდილობდა, ახერხებდა და დღესაც წარმატებით ახერხებს ადაპტაციას...
მრავალი წელი გავიდა, რაც ეს მოსამართლე უკვე ოლიგარქიული ხელისუფლების უმთავრეს ფავორიტთა შორის აღმოვაჩინე. სახელი არ ვიცოდი, მაგრამ სახით კი ვიცანი, იმის მიუხედავად, რომ ესეც მისი პლუსი იყო: სახით, წესით, არ უნდა დაგმახსოვრებოდა, ის ხომ ყველას უნდა მგვანებოდა და თან - არც არავის.
ახლა კი მისი სახელიც ვიცი - ეს აწ უკვე ეპითეტად ქცეული ლევან მურუსიძეა, სისტემის კაცი, მომრგები და სამართლიანობის იდეის დისკრედიტაციის ეპოქალური სიმბოლო; მოსამართლე ხელისუფლებისთვის და არა სამართლისთვის...
წესიერი მოსამართლეები ჩემთვის კვლავაც ლიტერატურის სივრცეში მყოფობენ...