ადვოკატი მაია უტიაშვილი გაჭიანურებული საქმეების შესახებ

03.04.2024

 „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები 2024 წლის 1-ელ მარტს გურჯაანში ადვოკატებს შეხვდნენ და საქმეების გაჭიანურებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი ადვოკატი მაია უტიაშვილი „სასამართლოს გუშაგს“ უყვება, რომ ხშირად სარჩელის განხილვა იმდენად ჭიანურდება, რომ აზრსაც კარგავს დავა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სარჩელის განხილვამდე მოსარჩელე გარდაცვლილა.

ადვოკატი მაია უტიაშვილი:

"მართლა გული მტკივა, რომ ვხედავ, როგორ იკარგება ყოველდღიურად ნდობა სასამართლოს მიმართ. მოქალაქეებში სასამართლოს მიმართ ნდობა თითქმის აღარ არსებობს, რადგან შემოაქვთ სარჩელი თავიანთ პრობლემაზე, სასამართლოს იმედი აქვთ, რომ მოგვარდება მათი პრობლემა ცივილურად და კანონის საფუძველზე, მაგრამ ხედავენ, რომ გადის წლები და სასამართლო მართ სარჩელებს არ იხილავს.

ჩემს პრაქტიკაში მაქვს 2018-2019 წლების სარჩელები, დღეს უკვე 2024 წელია. ეს სარჩელები დევს სასამართლოს შენობაში, არ ვიცი თაროზე თუ სეიფში, მაგრამ ფაქტია, რომ არ იხილავენ, არ გვეძახიან საერთოდ. 

ეს [გაჭიანურებული საქმეები] ყველა ადვოკატისთვის პრობლემაა, რადგან მოქალაქეები შემდეგ ჩვენ მოგვმართავენ პრეტენზიით, რატომ აქამდე არ განიხილესო ჩემი საქმე. საერთოდ, ჩანიშნულიც კი არ არის ზოგიერთი საქმე. 

მარტო გურჯაანის სასამართლოში არ არის ეს პრობლემა. მაგალითად, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მაქვს ისეთი სარჩელი შეტანილი, რომელიც ბავშვის ნახვის დღეებს ეხება. ამ დროს თვითონ კანონი ავალდებულებს სასამართლოს, რომ დაჩქარებულ ვადაში გადაწყვიტონ მსგავსი კატეგორიის საქმეები, თუმცა 5 წელი გავიდა, ეს ბავშვები უკვე გაიზარდნენ ისე, რომ მამამ ვერ მიიღო შედეგი. საერთოდ განხილვაც კი არ ყოფილა, რომ ბავშვის ნახვის დღეები ღირსებოდა მოსარჩელეს. 

კიდევ უფრო რთული შემთხვევა მქონდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც სამ საქმეზე მოსარჩელე გარდაიცვალა სარჩელის განხილვამდე და უფლებამონაცვლეა დასადგენი, რადგან ვერ მოესწრო მოსარჩელეების სიცოცხლეში მათ მიერ შემოტანილი სარჩელების განხილვა. თითქმის ყველა ადვოკატი გეტყვით მსგავს შემთხვევას, ზოგ შემთხვევაში მოსარჩელე გარდაიცვალა საქმის განხილვამდე, იმდენი წელი გავიდა, ზოგან - მოპასუხე.

ნოტარიუსი გვაძლევს რწმუნებულებას, რომ ვიყოთ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში. რწმუნებულების ვადა იყო, მაქსიმუმ, 3 წელი და ეს ვადებიც კი გასულია ხშირ შემთხვევაში, ანუ სასამართლომ რომ დანიშნოს საქმის განხილვა, მე უკვე მხარის წარმომადგენლად აღარ ვითვლები და ახალი რწმუნებულება მჭირდება, ეს კი ზედმეტ ხარჯებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული. 3-წლიანი მინდობილობა რომ მქონდა და 5 წელი გავიდა, მაგრამ საქმის განხილვა ჯერ არ დანიშნულა, ვის უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი?!"

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი