სასამართლოს გუშაგმა გორში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა

30.05.2023

2023 წლის 30 მაისს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გორში, ჟურნალისტებთან სასამართლო სისტემის შესახებ სემინარი ჩაატარა.

ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა და პროექტის "საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის" პრეზენტაცია გამართა. თავდაპირველად მან მედიის წარმომადგენლებს გააცნო სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები, რომელზეც სასამართლოს გუშაგი მუშაობს. ხოლო შემდგომ მიმოიხილა ბოლოდროინდელი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოსთან დაკავშირებული პირობები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა მეგი შამათავამ სასამართლოების მონიტორინგთან და სასამართლო სისტემაში არსებული მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა, ხოლო ქეთი გაჩეჩილაძემ სასამართლო სისტემის სტრატეგია მიმოიხილა. 

მონაწილეებმა დასვეს კითხვები სასამართლოს საჯაროობის თაობაზე, მათ შორის მედიასთან ურთიერთობის და სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით და გამოითქვა წუხილი, რომ ონლაინ გამოცემებისთვის პროცესების ვიდეო გადაღება დაშვებული არ არის.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.