კიდევ ერთი ახალი არამოსამართლე წევრის, ტრისტან ბენაშვილის ცოლი, რუსუდან ძმანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს

31.07.2023

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს – საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. თითქმის 2 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემადგენლობით წარმართავდა საქმიანობას, რადგან პარლამენტმა არ შეასრულა მასზე კანონით დადგენილი ვალდებულება და შესაბამის ვადებში არ აირჩია არამოსამართლე წევრები.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 17 მაისის პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით). აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობას წარმოადგენს.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ არამოსამართლე წევრების არჩევის შემდეგ მალევე გააცნო მკითხველს ახალი არამოსამართლე წევრები და მათი ბიოგრაფია, თუმცა ამჯერად გვინდა, მათ ფინანსურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე (რომელიც პარლამენტს სამოტივაციო წერილის სახით წარუდგინა) გესაუბროთ და კიდევ უფრო დეტალურად მოგითხროთ მათ გამოცდილებაზე.

ტრისტან ბენაშვილი

ფინანსური დეკლარაციით ირკვევა, რომ ტრისტან ბენაშვილის მეუღლე, რუსუდან ძმანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. საბჭოს წევრის სახელზე არაერთი ქონება ფიქსირდება, კერძოდ, მის სახელზეა თბილისში მდებარე ბინა და ავტოფარეხი, რომელიც 2018 წელს მამისგან საჩუქრად მიიღო, მამის ნაჩუქარია მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთიც, თავად ტრისტან ბენაშვილმა კი 2023 წელს 81 418 ლარად შეიძინა ბინა ბათუმში. თბილისში ბინას ფლობს საბჭოს წევრის მეუღლეც, რუსუდან ძმანაშვილი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ოჯახის საკუთრებაშია 2 ავტომობილი. ასევე, მოძრავ ქონებას შორის, რომელთა ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება, ვხვდებით სხვადასხვა ავეჯს, მაჯის საათსა და რამდენიმე ფერწერულ ტილოს, რომელიც, ძირითადად, ოჯახის წევრებისა და მეგობრების საჩუქარია. თუმცა, გარდა მოძრავი ქონებისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახის წევრები თანხითაც ასაჩუქრებენ. მაგალითად, 2022 წელს ტრისტან ბენაშვილს მამამ საჩუქრად 60 000 ლარი გადასცა, ხოლო მეუღლემ, რუსუდან ძმანაშვილმა ძმისგან საჩუქრად 30 000 ლარი მიიღო.

ტრისტან ბენაშვილი 2022 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დირექტორის მოადგილე იყო, რის შედეგადაც ხელფასის სახით 81 933 ლარი მიიღო. 14 086 ლარი მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ტრისტან ბენაშვილის მეუღლემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე. შემოსავლების, მიღებული საჩუქრებისა და გასავლის პარალელურად ყურადღებას იქცევს ტრისტან ბენაშვილისა და მისი მეუღლის დანაზოგიც. ოჯახის დანაზოგი საერთო ჯამში შეადგენს 54 000 ლარს, 27 700 აშშ დოლარსა და 3 500 ევროს.

საინტერესოა, რა გახდა ტრისტან ბენაშვილის მოტივაციის საფუძველი, მისი საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაეგრძელებინა. თუმცა პარლამენტში წარდგენილ და საბჭოს მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტებში სამოტივაციო წერილი მხოლოდ გიორგი გზობავასთან გვხვდება, ხოლო ტრისტან ბენაშვილისა და ზურაბ გურასპაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს სამოტივაციო წერილი არ ერთვის.

რაც შეეხება მის გამოცდილებას, ტრისტან ბენაშვილმა პროფესიული საქმიანობა 1999 წელს თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის პოზიციით დაიწყო და 2006 წლამდე ამავე სასამართლოში მუშაობდა ჯერ ექსპედიციის განყოფილების გამგედ, შემდეგ კი - საერთო განყოფილების უფროსად. 2006-2008 წლებში ის საქართველოს პარლამენტში მუშაობდა, რის შემდეგაც, 2008-2011 წლებში საქმიანობა საქართველოს კონტროლის პალატაში განაგრძო, სადაც ჯერ პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, შემდეგ კი მთავარი აუდიტორი იყო. 2011 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევამდე ის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მათ შორის იყო: კომისიის მრჩეველი, კომისიის მთავარი სპეციალისტი, დირექტორის მოადგილე და ხარისხის მართვის კოორდინატორი.

ზურაბ გურასპაშვილი

ზურაბ გურასპაშვილი კიდევ ერთი არამოსამართლე წევრია, რომლის მეუღლეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს.

ზურაბ გურასპაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. მის საკუთრებაშია თბილისში მდებარე ბინა, რომელიც 2020 წელს 134000 ლარად შეიძინა, ასევე, უძრავი ქონების მფლობელია მეუღლე, თამარ ბლიაძეც, რომელმაც საკუთრებაში არსებული სახლი ჩუქებით მიიღო 2020 წელს. ზურაბ გურასპაშვილისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არ ფიქსირდება არც ერთი მოძრავი ქონება, მათ შორის არც ავტომობილი.

განსხვავებით სხვა წევრებისგან, ზურაბ გურასპაშვილის ფინანსური დეკლარაცია დანაზოგისა და ანგარიშების ნაწილში შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება. მას არ უფიქსირდება რაიმე სახის დანაზოგი, ხოლო ანგარიშებზე, ჯამში, დეკლარაციის შევსების ეტაპზე განთავსებული ჰქონდა 28 134 ლარი.

რაც შეეხება პროფესიული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, 2022 წლის განმავლობაში თავად ზურაბ გურასპაშვილმა ხელფასის სახით 47 441 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ - 23 430 ლარი, რომელიც 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნად მუშაობდა, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწე გახდა.

რეზიუმეს მიხედვით, ზურაბ გურასპაშვილის სამუშაო გამოცდილება 2006 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟირებით იწყება. ამის შემდგომ, 2006-2010 წლებში მუშაობდა ისან-სამგორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად, 2017 წლამდე მისი საქმიანობა პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის პროკურორად და პროკურორის მოადგილედ მუშაობას უკავშირდება. 2017 წლიდან კი საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძო და ამავე პოზიციაზე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე.

გიორგი გზობავა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი გზობავა მეუღლესთან, შვილთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობს. თავად გიორგი გზობავას საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ბინის მესაკუთრე სიდედრი და მეუღლეა. მათ შორის, მეუღლემ ბინა თბილისში 2022 წელს შეიძინა 42 000 აშშ დოლარად, რომელიც მას შემდეგ შეიძინა, რაც მის საკუთრებაში არსებული სხვა ბინა 45 000 აშშ დოლარად გაყიდა. 

გიორგი გზობავას საკუთრებაში მოძრავი ნივთის სახით მხოლოდ ავტომობილი ფიქსირდება, რომელიც 2018 წელს 6 000 აშშ დოლარად შეიძინა. საბჭოს წევრის საკუთრებაშია შპს "რუფუსი", თუმცა კომპანიას არასდროს განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა. გიორგი გზობავას ვხვდებით კიდევ ერთ კომპანიაში, „ლედი სიკრეტს/Lady secret“-ში, სადაც წილების 100% მესაკუთრეა, თუმცა, როგორც დეკლარაციაში მიუთითებს, კომპანია 2016 წლიდან აღარ მოქმედებს და ლიკვიდაციის პროცესშია.

რაც შეეხება საბჭოს წევრის ანგარიშებსა და დანაზოგს, დეკლარაციის შევსების დროს გიორგი გზობავას ანგარიშებზე ჯამში 4 530 ლარი და 2 043 აშშ დოლარი ფიქსირდება, ხოლო პირადი დანაზოგის სახით 35 000 აშშ დოლარს ფლობს. მეუღლის, ლეილა ჯანელიძის ანგარიშზე ჯამში 49 369 ლარი ფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავალს, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გზობავას შემოსავალი თითქმის 8 თვის განმავლობაში (03.10.2022-17.05.2023) მხოლოდ 2 000 ლარი იყო.

გიორგი გზობავა სამოტივაციო წერილში მიუთითებს: „წლების განმავლობაში სასამართლოსთან და მოსამართლეებთან ურთიერთობის, არსებული სასამართლო პრაქტიკის, განგრძობადი იურიდიული განათლებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ნათლად ვხედავ საქართველოს სასამართლო სისტემის თავისებურებებსა და საჭიროებებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რაც ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის საბოლოოდ, როგორც წამყვანი ევროპული მართლმსაჯულების სისტემის ანალოგის ჩამოყალიბებისთვის და რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის შემადგენელი ყველა სუბიექტი.“

სამოტივაციო წერილში გიორგი გზობავა აღნიშნავს, რომ მისი გამოცდილება სრულიად აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მისი პროფესიული გამოცდილება დიდწილად საადვოკატო საქმიანობას მოიცავს, სხვადასხვა წელს მუშაობდა კორპორაციულ ადვოკატად და ასევე, ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას. 2010-2013 წლებში ეკავა კომერციული დირექტორის თანამდებობაც, 2006-2008 წლებში კი – გაყიდვების მენეჯერის. კარიერის საწყის ეტაპზე, 1997 წლიდან მუშაობდა პროკურორის ტექნიკურ თანაშემწედ. ამის შემდგომ მომდევნო რამდენიმე წელი, ძირითადად, სწორედ ძალოვან სტრუქტურებში განავითარა კარიერა. 2004 წლამდე მუშაობდა: იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, საქართველოს იუსტიციის დეპარტამენტში, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე მთავარ სამხედრო პროკურატურაში. საადვოკატო საქმიანობა გიორგი გზობავამ 2004 წლიდან დაიწყო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევამდე სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა. საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულმა არამოსამართლე წევრებმა გარკვეულწილად უნდა დააბალანსონ მოსამართლე წევრების ძალაუფლება, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების დროს, ასევე, დისკუსიისა და განსხვავებული მოსაზრებების წარდგენის გზით. თუმცა, როგორც არსებული რეალობა ცხადყოფს, არამოსამართლე წევრების არჩევის შემდეგ წევრთა მხრიდან არ დაფიქსირებულა განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილებები კვლავ ერთხმად მიიღება და ეს ტრადიცია არც საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრების არჩევის შემდგომ შეცვლილა.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი