01.07.2023

რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ივნისში


2023 წლის ივნისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 7-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 3-ჯერ (სხდომები დაიწყო 2 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 4-ჯერ.

ძირითადი მიგნებები

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრების არჩევის შემდგომ კვლავ გაგრძელდა ყველა გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პრაქტიკა. გარდა ამისა, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • საერთო ჯამში ჩატარდა სამი სხდომა, აქედან ორი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა. აღსანიშნავია, რომ 2 ივნისის სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კანონით დადგენილი ვადების დაცვით - 5 დღით ადრე;
  • ივნისის თვეში გამართულ სხდომებს არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე;
  • თანამდებობიდან გადადგა ორი პირი - დამოუკიდებელი ინსპექტორი და მოსამართლე.

2 ივნისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 30 მაისს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ 2-ჯერ გადადების შემდეგ 2 ივნისს ჩატარდა. საკითხების განხილვას საერთო ჯამში 23 წუთი დაეთმო.

სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა მოსამართლეებისათვის ბინის ქირისთვის განკუთვნილი თანხის გაზრდას. დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქალაქების მიხედვით წარადგინა ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ბინის ქირისთვის საჭირო თანხები თითქმის ყველგან გაზრდილია. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბინის ქირის თანხას გაზრდის შემთხვევაში დეპარტამენტს ჰქონდა შესაბამისი ბიუჯეტი, რათა მოსამართლეთა საცხოვრებლებისთვის გაზრდილი ქირის თანხა აენაზღაურებინა. საბჭოს წევრი დაინტერესდა მოსამართლეთა საერთო რაოდენობით, რომლებსაც სჭირდებოდათ საცხოვრებელი ფართისთვის ქირის თანხის გაზრდა, თუმცა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ამ კითხვას ვერ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას დააზუსტებდა. საცხოვრებელი ბინის ქირის თანხის გაზრდას წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი;
  • მეორე საკითხი შეეხებოდა მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას. დაგეგმილი იყო 40 მოსამართლის გასვლითი სამუშაო შეხვედრა, კერძოდ მიმდინარე წლის 12-14 ივნისს. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად გასცა ნებართვა;
  • მესამე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზების განმარტების გარეშე;
  • მეოთხე საკითხი ეხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, შოთა გეწაძე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ დეპარტამენტში, მინისტრის 1 ივნისის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტას წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

9 ივნისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 7 ივნისს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ 9 ივნისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 24 წუთი დაეთმო.

სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი: 

  1. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი ეხებოდა მოსამართლე ირინა ზარქუას გარდაცვალებას, კანონის თანახმად მიიღეს პროცედურული გადაწყვეტილება მოსამართლის გათავისუფლების შესახებ.
  • მეორე საკითხი - შესაბამის კანონში ცვლილებას შეეხებოდა, კერძოდ, ცვლილების თანახმად - თუ პირი სასაქონლო ნიშნის ბათილობით მიმართავს სასამართლოს და უარს მიიღებს, სხვა საფუძვლით ისევ მიმართვა აღარ უნდა შეეძლოს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაუზიარა მოსამართლეებს, რომლებსაც შენიშვნები და მათი მოსაზრებები უნდა გაეზიარებინათ, თუმცა, სხდომაზე არც ერთ პირს არ დაუფიქსირებია მოსაზრება. 
    დიმიტრი გვრიტიშვილმა კითხვა დასვა ცვლილების მიზნებზე, რადგან კანონი სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას სხვა არც ერთ შემთხვევაში არ ზღუდავს, სასაქონლო ნიშანი რატომ არის ასეთი განსაკუთრებული, რა განაპირობებს მისი ასეთი შეზღუდვის აუცილებლობას. 
    ასევე, ლევან მიქაბერიძემაც ისაუბრა და სამართლებრივი არგუმენტები მოიყვანა, რატომ არ არის საჭირო მსგავსი ჩანაწერი კანონში. 
    განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გადაედოთ ამ საკითხზე მსჯელობა, რადგან საბჭოს წევრების მხრიდან იყო შენიშვნა და კითხვები, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხი გადაიდო, უმაღლესი საბჭოს ეტყობოდა წაკითხული და გააზრებული არ ჰქონდათ ცვლილების პაკეტი, ასე რომ დრო ითხოვეს უკეთ გასაცნობად.
  • მე-3 და მე-4 საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ განუმარტავთ.
  • საორგანიზაციო საკითხები შეეხებოდა 37-ე მუხლით მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანას. ვინაიდან, 37-ე მუხლით მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე არც ერთი განაცხადი არ შემოსულა, განაცხადის წარდგენის ვადა გადაწიეს 4 კალენდარული დღით. 

16 ივნისი, 2023

თავდაპირველად სხდომა 14 ივნისს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ 2-ჯერ გადადების შემდეგ 16 ივნისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 18 წუთი დაეთმო.

სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები;

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი - „საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი“, შეეხებოდა გორის სასამართლოში შიდა და გარე ფასადის რემონტს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად განაცხადა თანხმობა სარემონტო სამუშაოების ნებართვის თაობაზე;
  • მეორე საკითხის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. საბოლოოდ, აღნიშნული საკითხის დეტალური განხილვა გადადეს იმ არგუმენტით, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამ კანონპროექტებს უფრო დეტალურად განიხილავდა, საბჭოც შემდგომში ისაუბრებს აღნიშნულ საკითხზე უფრო საფუძვლიანად;
  • მესამე და მეოთხე საკითხი გადაიდო, მიზეზი არ დაუსახელებიათ;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი გადადგომის შემდეგ გამოაცხადა კონკურსი ვაკანსიაზე. განცხადების მიღების საბოლოო თარიღად 2023 წლის 25 ივნისი განისაზღვრა;
  • მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ინსპექტორი გადადგა თანამდებობიდან, იმავე სხდომაზე ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე წარსადგენად მას ჰქონდა ზურაბ აზნაურაშვილის თანხმობა. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საბჭოს წევრებს ჰკითხა, საჭირო იყო თუ არა გასაუბრება, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგანაც ყველა მათგანი იცნობდა ზურაბ აზნაურაშვილს, როგორც ყოფილ დამოუკიდებელ ინსპექტორს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი ამ სხდომას არ დასწრებია სადაც თანამდებობიდან მისი გათავისუფლების და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხი განიხილეს.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

მეგი შამათავა