საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე დანიშნულ თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ივლისში ეწურება. შესაბამისად, მომავალ წელს ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრი უნდა დანიშნოს.
სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა დანიშნა, რაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უარყოფითად შეფასდა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ თამარ ღვამიჩავას როლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ე.წ. კლანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში (2021-2023 წლები), როდესაც საბჭო 10 წევრის შემადგენლობით საქმიანობდა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი არ ირჩევდა ახალ არამოსამართლე წევრებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ ასე შეძლო, მიეღო ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება (მაგ. მოსამართლის დანიშვნისთვის საჭიროა საბჭოს სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის ანუ 10 წევრის მხარდაჭერა).
რეალურად, თამარ ღვამიჩავას მხარდაჭერის გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ დროისთვის (27.06.2022) ვერ შეძლებდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას.
აღსანიშნავია, რომ თამარ ღვამიჩავას, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არა თუ კრიტიკული ხედვა არ ჰქონია, არამედ საკუთარი აზრიც თითქმის არ გამოუხატავს (იხ. მდუმარების 2 წელი). ამასთანავე, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ღვამიჩავა ნათესაურად არის დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლესთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 20 დეკემბერს განაცხადა:
„მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს. მისი არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. არა ეკონომიკური და არა ყოფითი საკითხები, უფრო - უსამართლობა. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს... რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის [კანდიდატის] სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ.“
აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მომავალ წელს, როდესაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს.
სამწუხაროდ, დაკარგულია ის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც 2021-2023 წლებში პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს სისტემაში პოზიტიური როლის შესრულება შეეძლო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრეზიდენტი, შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ერთი კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან - 8 მოსამართლე წევრს, რომელთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენს თითოეული ინსტანციის სასამართლოს, ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია; 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი; ხოლო 1 არამოსამართლე წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კიდევ 1 მოსამართლე წევრი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.