06.09.2022

როგორ დაასაბუთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძის და სხვა თავმჯდომარეების დანიშვნა?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის ივნისი-ივლისის თვეში სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნების დასაბუთება

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკისრია ინდივიდუალური ხასიათის გადაწყვეტილებების წერილობითი დასაბუთების ვალდებულება.1   საინტერესოა, როგორ არის ფორმულირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიც სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნაა.

რით ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას და რის საფუძველზე მიიჩნევს ამა თუ იმ პირს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის ღირსეულად?

2022 წლის ივნისსა და ივლისში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 5 წლის ვადით დანიშნა პირველი ინსტანციის რამდენიმე სასამართლოს, აგრეთვე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები. 

  • 27 ივნისს  მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო არარატ ესოიანი – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.
  • 18 ივლისს კი – ირაკლი ბონდარენკო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო მამია ფხაკაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარედ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, დასაბუთებული გადაწყვეტილებები დროულად გამოაქვეყნოს საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი.

თითოეული გადაწყვეტილების შინაარსი, პირობითად, შეიძლება, რამდენიმე ნაწილად დავყოთ: 1. ფორმალური ნაწილი; 2. გადაწყვეტილების დასაბუთება და 3. სარეზოლუციო ნაწილი – გადაწყვეტილება დანიშვნის შესახებ.

გადაწყვეტილების ფორმალური ნაწილი ყველა შემთხვევაში  მსგავსია და მოიცავს:

ა. განსახილველი საკითხის დასახელება;

ბ. საკითხის ინიცირების თარიღი;

გ. ორგანული კანონის შესაბამის მუხლი და პუნქტი, რომელიც საბჭოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს.  

ამასთანავე, ყველა გადაწყვეტილება შეიცავს მითითებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე კონსულტაციებს გადის შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან.

რაც შეეხება დასაბუთების ნაწილს – თითოეული პირის დანიშვნის დასაბუთება, ძირითადად, იდენტურია და ეყრდნობა მსგავს არგუმენტებს. ყველა მათგანი მწირ ინფორმაციას შეიცავს, ზოგადი  ხასიათისაა და საკმარისად არ ასაბუთებს კანდიდატის შესაბამისობას დაკავებულ თანამდებობასთან.

ამონარიდები საბჭოს გადაწყვეტილებებიდან

მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის დასაბუთება

„მას აქვს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და მის ამ საქმიანობას [მოსამართლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციებში] აფასებენ მხოლოდ დადებითად. მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ იგი არის კარგი მენეჯერი, მისი თავმჯდომარეობის დროს აპარატი მუშაობდა გამართულად, შეფერხების გარეშე. ასევე აღინიშნა, რომ მ. ჩინჩალაძის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნით თანამშრომელთა შორის შენარჩუნდება ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.“

ირაკლი ბონდარენკოს დანიშვნის დასაბუთება

„მას აქვს მენეჯერად მუშაობისათვის აუცილებელი თვისებები, აქვს კარგი რეპუტაცია და მოკლე ხანში, რაც ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს, მასა და მოსამართლეებს, ასევე სასამართლოს აპარატს შორის ჩამოყალიბდა ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობა.“

მამია ფხაკაძის დანიშვნის დასაბუთება

„იგი არის გამორჩეული პიროვნული თვისებების მენეჯერი, რომელიც მუდმივად ზრუნავს სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის. იგი მოსამართლეებსა და სასამართლოს აპარატს შორის სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით.“

დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებებში ყველა კანდიდატთან მიმართებით  უცვლელი არგუმენტია მენეჯერული თვისებები და სამოსამართლო საქმიანობის სტაჟი. საგულისხმოა, რომ მამია ფხაკაძისა და ირაკლი ბონდარენკოს შემთხვევაში ხაზგასმულია სასამართლოში მათი კარგი რეპუტაცია და ავტორიტეტი, მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით კი მსგავსი არგუმენტი არ გვხვდება.

არარატ ესოიანის დასაბუთების შესახებ

არარატ ესოანის შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში პროფესიული თუ პიროვნული უნარები არ არის მითითებული, გარდა თანამდებობაზე ყოფნის 15-წლიანი გამოცდილებისა.


სხდომაზე ოთხივე მათგანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. 
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებთან კონსულტაციების ჩატარების შემდგომ იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილებები სასამართლოების თავმჯდომარეების შესახებ. 

სქოლიო

1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“,  მუხ. 47, პუნქ. 162

ფოტო: unsplash.com
courtwatch.ge- მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენსსაქართველოს სასამართლოს გუშაგისსაკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოსსაქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

 

ქეთი გაჩეჩილაძე