საერთო სასამართლოების პრაქტიკა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით

29.12.2022

აღკვეთის ღონისძიების მიზანია, ბრალდებული გამოცხადდეს სასამართლოში, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და უზრუნველყოფილი იქნეს განაჩენის აღსრულება. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების  გამოყენების წინაპირობა ასეთი საფრთხეების არსებობაა:

ბრალდებული შესაძლოა, მიიმალოს, ან თავი აარიდოს სასამართლოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

ბრალდებულს უნდა შეეფარდოს ისეთი აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც საკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლოს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს, მათ შორის:  ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის, ჯანმრთელობის, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების, მანამდე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დარღვევის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების შემდეგ სახეებს:

  • გირაო;
  • შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
  • პირადი თავდებობა;
  • სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა;
  • პატიმრობა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი სახის აღკვეთის ღონისძიებებს: 
  • არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა;
  • შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
  • პირადი თავდებობა;
  • გირაო;
  • პატიმრობა.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულს, მათ შორის არასრულწლოვანს, დააკისროს ერთ-ერთი შემდეგი ვალდებულება:
  • დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადება სასამართლოში;
  • გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა;
  • სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება;
  • სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა;
  • ელექტრონული მონიტორინგი;
  • ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ;
  • გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა;
  • სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირია.

2018 წელი

სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 9997 პირს, აქედან:
  • პატიმრობა შეეფარდა 4308-ს, რაც შეადგენს 43,1%-ს.
  • ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები გამოყენებულია 5689 პირის მიმართ, საიდანაც გირაო შეუფარდეს 5460 პირს.




2019 წელი

სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 11031 პირს, აქედან:
  • პატიმრობა შეეფარდა 5205-ს, რაც შეადგენს 47,2%-ს.
  • ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები გამოყენებულია 5826 პირის მიმართ, საიდანაც გირაო შეუფარდეს 5613 პირს.

 

2020 წელი

სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 9419 პირს, აქედან:
  • პატიმრობა შეეფარდა 4471-ს, რაც შეადგენს 47,5%-ს.
  • ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები გამოყენებულია 4948 პირის მიმართ, საიდანაც გირაო შეუფარდეს 4783 პირს.




აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვებით, ცხადი ხდება, რომ დღეს სასამართლო, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიების მხოლოდ 2 სახეს იყენებს - პატიმრობას ან გირაოს. გამომდინარე აქედან, ბოლო წლების განმავლობაში პატიმრობისა და გირაოს ხვედრით წილს აღკვეთის ღონისძიებების სახეების გამოყენების პრაქტიკას ვადარებთ წინა წლების მონაცემებს. 

2010 წელი

 სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 14 959 პირს, აქედან:
  • პატიმრობა შეეფარდა 8109-ს, რაც შეადგენს 54,2%-ს.
  • გირაო შეუფარდეს 6757 პირს, ხოლო სხვა არასაპატიმრო ღონისძიება გამოყენებული იქნა 93 პირის მიმართ.

2011 წელი

სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 13 309 პირს, აქედან:

  • პატიმრობა შეეფარდა 6558-ს, რაც შეადგენს 49,3%-ს.
  • გირაო შეუფარდეს 6726 პირს, ხოლო სხვა არასაპატიმრო ღონისძიება გამოყენებული იქნა 25 პირის მიმართ.

2012 წელი

სულ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება 9120 პირს, აქედან:

  • პატიმრობა შეეფარდა 3819-ს, რაც შეადგენს 41,9%-ს.
  • გირაო შეუფარდეს 5265 პირს, ხოლო სხვა არასაპატიმრო ღონისძიება გამოყენებული იქნა 36 პირის მიმართ.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების დინამიკა მოწმობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პატიმრობის გამოყენების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად მზარდია. პატიმრობის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოა. გასათვალისწინებელია, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელიც შეიძლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ანუ პატიმრობით შეიცვალოს.
აღნიშნული მოცემულობა შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან. ევროპული სასამართლო, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების შეფასების შესახებ თავის მყარად და ფართოდ დამკვიდრებული და ხანგრძლივი პრაქტიკის საფუძველზე, ადგენს: პატიმრობის გამოყენება უნდა იყოს ერთადერთი აუცილებელი საშუალება მიზნის მისაღწევად და აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდებოდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რასაც, თავის მხრივ, ატარებს აღკვეთის ღონისძიება.
საქმეში AMBRUSZKIEWICZ v. POLANDადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა: „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.“ასევე, საქმეში CASE OF KURT v. AUSTRIA ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა - „წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით მოქმედებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი გამართლებულია არსებული დანაშაულის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველზე... შემდგომი დანაშაულის ჩადენის პრევენცია არის უმთავრესი მიზანი წინასწარი პატიმრობის... ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკი შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც წინასწარი პატიმრობის დაწესების ან გახანგრძლივების მიზეზების შეფასების ელემენტი... ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ გონივრული ეჭვის არსებობა არის წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებელი პირობა, ასევე უნდა არსებობდეს სხვა „შესაბამისი და საკმარისი“ მიზეზები - შემდგომი დანაშაულის საფრთხე უნდა იყოს დამაჯერებელი...“
წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, რაშიც სასამართლოს ფორმალური მიდგომა და გადაწყვეტილებების დასაბუთების დაბალი სტანდარტი იგულისხმება, ცხადყოფს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საფრთხის სათანადო შეფასებას და სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების შეფარდების შესაძლებლობის ყოველმხრივ ანალიზს არ ეფუძნება.

ჩვენ მიერ შესწავლილი სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საერთო ტენდენცია ასეთია:  ბრალდებულთა დაახლოებით 50%-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენება პატიმრობა. ინდივიდუალური გარემოებების საკმარისი გამორკვევისა და შეფასების გარეშე, ბრალდებულების ძირითადი ნაწილისთვის პატიმრობის შეფარდება, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის კარნახით, ადამიანის თავისუფლების უფლების სისტემურ დარღვევას წარმოადგენს.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა