არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

09.03.2023

ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს ძალადობა და არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ვინც მთელი საზოგადოების ნებას გამოხატავენ და რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან;
  • ყურად იღოს საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს პარტნიორების და მეგობრების, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები და გაიწვიოს კანონი.

მოვუწოდებთ პოლიციელებს - არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები, ნუ დაარბევთ ადამიანებს, ვინც თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის მშვიდობიანად და არაძალადობრივად იბრძვიან.
პოლიციელების ოჯახის წევრებს, მათ მშობლებს, შვილებს, ახლობლებს გთხოვთ, ესაუბროთ მათ, რათა თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი არ იქცეს უსამართლობისა და ტერორის ინსტრუმენტად, რომელიც თქვენი და თქვენი შვილების მომავლის განადგურებაში შეიტანს წვლილს.

ჩვენ დარბევების არ გვეშინია. ეს ქვეყანა არის ჩვენი. რამდენჯერაც არ უნდა გვესროლონ მხუთავი გაზის ყუმბარები ან დაგვიმიზნონ წყლის ჭავლი, ჩვენ დავბრუნდებით და გავაპროტესტებთ პარლამენტისა და მთელი ქვეყნის ღირსების შემლახველ რუსულ კანონს.

ფოტო: რადიო თავისუფლება.