განცხადება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით

17.10.2023
დღეს, 2023 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი  არამოსამართლე წევრი აირჩია. მათგან ერთ-ერთია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, და საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილი გოგა კიკილაშვილია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის ნორმების დარღვევას.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იმ ექვს მოსამართლეს შორის არის, რომლებმაც გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტმა მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი, 90 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე აირჩია.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე არამოსამართლე  წევრიც აირჩია - ლევან ნემსაძე. ამ შემთხვევაში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ კენჭისყრა, „ტექნიკური გაუმართაობის“ საბაბით, ორჯერ გაიმართა. პირველად ლევან ნემსაძემ 89 ხმის მიღება შეძლო,ხოლო მეორედ გამართულ კენჭისყრაზე მას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა (მათ შორის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც).
საგულისხმოა, რომ არცერთ ახალარჩეულ წევრს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე არ წარმოუდგენიათ ისეთი ხედვები, რომლებიც შეიძლებოდა თანამდებობაზე მათი  დამსახურებულად არჩევის ერთ-ერთი წინაპირობა გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობაა. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება აღნიშნული პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის.
განვითარებული მოვლენები ნეპოტიზმის აშკარა მაგალითია სასამართლო სისტემაში, რაც, სხვა ხარვეზებთან ერთად, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს  როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას და აძლიერებს კლანურ მმართველობას.