NGO-ების განცხადება საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე

27.12.2022
ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲐᲡ ᲛᲘᲔᲡᲐᲚᲛᲔᲑᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲡ ᲛᲘᲡᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲡᲙᲔᲜ ᲛᲝᲣᲬᲝᲓᲔᲑᲔᲜ.

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერებულ მოსამართლეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულებაში არაჯეროვანი ჩარევის, ნეპოტიზმის და მოსამართლეების მხრიდან შემოსავლის დამალვის სავარაუდო ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიგვაჩნია. შესაბამისად, მივესალმებით პარლამენტის წევრების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული კომისიის შექმნას. გამოვთქვამთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილს და გამოვხატავთ მზადყოფნას, წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე, დავეხმაროთ დამატებითი წყაროების მოძიებაში.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.



ამავე თემაზე იხილეთ დამატებითი ინფორმაცია


2022 წლის 14 სექტემბერი - საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ანა ღელეყვასთან, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო პარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების განცხადებებს.


2022 წლის 14 სექტმებერი - ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამართეს ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატებმა პროკურატურისგან მოითხოვეს კანონის შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გამოძიების დაწყება.


2022 წლის 22 სექტემბერი - სამოქალაქო საზოგადოებამ გაავრცელა განცხადება. 


www.courtwatch.ge-ზე 14 სექტემბერს, ყოფილ მოსამართლესთან, ანა ღელეყვასთან, გამოქვეყნებული ინტერვიუს შედეგად ღელეყვა გამოკითხეს.