ზეგავლენით ვაჭრობა და მისი საფრთხეები საქართველოში არსებული არაფორმალური მმართველობისას

17.01.2023
ზეგავლენით ვაჭრობა საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში მწვავე პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ სტატიაში წარმოგიდგენთ ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაულის ძირითად ასპექტებს.

საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობა არაერთი კვლევის შედეგმა დაადასტურა. გამოვლინდა სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების ცალკეულ პირთა ხელში კონცენტრაციის აშკარა ნიშნები, აგრეთვე, არაჯეროვანი ზეგავლენა ხელისუფლების ძირითად ინსტიტუტებზე, რაც მათდამი ნდობას ძირს უთხრის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროებისა და სამართალდამცავი უწყებების, საკვანძო თანამდებობებზე ის პირები ინიშნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან ან წარსულში მის კომპანიებში მუშაობდნენ. მაგალითად, ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მანამდე ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებში, სს „ქართუ ბანკსა“ და ფონდ „ქართუში“, წამყვანი პოზიციები ეკავათ. არაფორმალურ მმართველობას ამტკიცებს, ასევე, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი ივანიშვილისადმი, რომელშიც ის ადასტურებს მჭიდრო კავშირებს მის ოჯახთან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ „ფაქტობრივად, [პოლიტიკური] ძალაუფლება, მანდატი ეკუთვნოდა, ბატონ ივანიშვილს და ეკუთვნის. ეს ყველას ავიწყდება. და „ყველაში“ ყველას ვგულისხმობ“. ყოველივე ეს კი ქმნის არაფორმალური მმართველის მხრიდან ზეგავლენით ვაჭრობის საფრთხეებს, რაზეც ბიზნესსექტორის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებიც მიუთითებს

ზეგავლენით ვაჭრობა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით


სტატიაში მიმოვიხილავთ ზეგავლენით ვაჭრობის პრობლემას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციისა და კორუფციის შესახებ ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენციის საფუძველზე. აღნიშნული ინსტრუმენტებით დაცულ სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს საჯარო ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის დაცვა.

ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაულად გამოცხადება მიზნად ისახავს იმ პირთა კორუფციული ქმედებების პრევენციას, რომლებიც სახელმწიფო „ძალაუფლებასთან ახლოს იმყოფებიან“ და მიისწრაფვიან, რომ არსებული სიტუაციიდან მიიღონ სარგებელი; აგრეთვე, იმ კერძო პირების უკანონო ქმედებების თავიდან არიდებასაც, რომლებსაც კარგი კავშირები აქვთ ხელისუფლების ზედა ეშელონებთან. 

კონვენციებით გათვალისწინებული ზეგავლენით ვაჭრობის სახეები 

 
არსებობს ზეგავლენით ვაჭრობის ორი სახე: პასიური და აქტიური. ზეგავლენით ვაჭრობა წარმოადგენს სამმხრივ კორუფციულ ურთიერთობას: ზეგავლენით მოვაჭრე თავად არ არის გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ბოროტად იყენებს თავის რეალურ ან მოჩვენებით გავლენას იმ პირზე(პირებზე), რომელთაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილების მიღება სხვა პირისთვის, რომელიც ამ უკანონო უპირატესობის მისაღწევად მიისწრაფვის.

ზეგავლენით ვაჭრობის აქტიური ფორმა გულისხმობს საჯარო მოხელის ან ნებისმიერი სხვა პირისთვის, პირდაპირ ან ირიბად, გაუმართლებელი უპირატესობის დაპირებას, შეთავაზებას ან მიცემას, რათა საჯარო მოხელემ ან ამ პირმა ბოროტად გამოიყენოს მისი რეალური ან ნაგულისხმევი ზეგავლენა იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციისგან ან საჯარო ხელისუფლებისგან მიიღოს არასათანადო უპირატესობა ქმედების საწყისი წამქეზებლისთვის ან სხვა პირისთვის (გაერთიანებული ერების კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მე-18 მუხლი, კორუფციის შესახებ ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენციის მე-12 მუხლი).

პასიური ფორმა ზეგავლენით ვაჭრობის გულისხმობს საჯარო თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, პირდაპირ ან ირიბად, გაუმართლებელი უპირატესობის თავისთვის ან სხვისთვის მოთხოვნას ან მიღებას, რათა საჯარო მოხელემ ან ამ პირმა ბოროტად გამოიყენოს მისი რეალური ან ნაგულისხმევი ზეგავლენა იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციისგან ან საჯარო ხელისუფლებისგან მიიღოს არასათანადო უპირატესობა (გაერთიანებული ერების კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მე-18 მუხლი, კორუფციის შესახებ ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენციის მე-12 მუხლი).

ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაულის ელემენტები 


დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი

ქმედების ჩამდენი შესაძლებელია, იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელე ან კერძო პირი, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არასათანადო გავლენის განხორციელება. დანაშაულში მონაწილე პირი ვერ აირიდებს შუამავლის გამოყენებით გამოწვეულ შედეგს. 

გაუმართლებელი უპირატესობა

ტერმინი „გაუმართლებელი უპირატესობა“ განიმარტება, როგორც სიკეთე, რომლის მისაღებადაც პირი კანონით არ არის უფლებამოსილი. მაგალითად, კანონით დაშვებულ საჩუქრებზე არ ვრცელდება ეს ცნება და შესაბამისად, არ არის დასჯადი.

ტერმინი „უპირატესობა“ მოიცავს ნებისმიერ სარგებელს, რომელიც პირს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე დანაშაულის ჩადენამდე იმყოფებოდა. 
„უპირატესობების“ სპექტრი ფართოა: მატერიალური (მაგ. ფული, ძვირფასი ნივთები, საგზური და სხვ.) და არამატერიალური (სტრუქტურის შიდა ინფორმაციაზე მისაწვდომობა, დასაქმება, სექსუალური და სხვა უპირატესობა და სხვ.). 
 
შეთავაზება, დაპირება ან გაცემა

აქტიური ზეგავლენით ვაჭრობის ელემენტებია (პირდაპირ ან ირიბად): დაპირება, შეთავაზება ან მიცემა.

ზეგავლენით ვაჭრობის პასიურ ფორმასთან მიმართებით ქმედება სავალდებულოდ მოიცავს უპირატესობის მოთხოვნას, აღიარებას, მიღებას ზეგავლენის ბოროტად გამოყენების სანაცვლოდ; განსხვავებით აქტიური ფორმისაგან, რომლის შემთხვევაშიც „შეთავაზება“ არ საჭიროებს პოტენციურ მიმღებთან შეთანხმებას. 

მოთხოვნა და მიღება

მოთხოვნა გავლენის გამყიდველის (ზეგავლენით მოვაჭრის) ცალმხრივი ქმედებაა, რათა პოტენციურ კლიენტს აცნობოს, რომ შეუძლია, „დაეხმაროს“ მას. იმისთვის, რომ მიღება მოხდეს, აუცილებელია მხარეებს შორის კონსენსუსი. დანაშაულის ელემენტები შესრულებულია მაშინაც კი, თუ გავლენის გამყიდველი მოგვიანებით დაარღვევს შეთანხმებას.

mens rea (ქმედების სუბიექტური მხარე)


ზეგავლენით ვაჭრობის სუბიექტური მხარის შემადგენლობა ზეგავლენით მოვაჭრის კორუფციულ განზრახვას საჭიროებს. განზრახვა მოიცავს ზეგავლენით ვაჭრობის ქმედების ობიექტური მხარის კომპონენტებს – ცოდნას, გაცნობიერებას, სურვილსა და მიზანს. ის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევისა და და სამართლებრივი შეფასების შედეგად დგინდება. ქმედების ჩამდენს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ უპირატესობის გაცემა ან მიღება დაკავშირებულია ზეგავლენის არალეგიტიმურ გამოყენებასთან. ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაული ჩადენილია, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი. 

განსხვავება ქრთამის აღების შემადგენლობასთან


საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაული უკავშირდება ქრთამის აღების ტრადიციულ დანაშაულებს, მაგრამ ორი არსებითი ნიშნით განსხვავდება მექრთამეობის კლასიკური შემადგენლობისგან:

პირველი – მისგან განსხვავებით, ზეგავლენით ვაჭრობა მოითხოვს მრავალმხრივ ურთიერთობას, რომელშიც საჯარო ხელისუფლება იძულებულია, იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისგან.

მეორე – თანამდებობის პირი, რომელიც მიმართავს ქმედებას, არ არის ქრთამის აღების პროცესის მონაწილე. 


დასკვნა


მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მოახდინა კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის, ასევე, ევროპის საბჭოს კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის რატიფიცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ზეგავლენით ვაჭრობის ორივე – აქტიური და პასიური ფორმას (სსკ-ის 339-ე (1) მუხლი), ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ზეგავლენით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. 

მიუხედავად ორი გახმაურებული შემთხვევისა, კერძოდ, ხაზარაძისა და ოქუაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებისა, ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაულის აშკარა ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის გადამოწმებული და არც საბოლოო დასკვნები გაკეთებულა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

კორუფცია კვლავ საკვანძო პრობლემად რჩება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ევროკომისიამ მკაფიოდ განგვიმარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომელსაც სურათის დიამეტრულად შეცვლა შეუძლია, ანტიკორუფციული რეფორმების გატარება (განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად), დეოლიგარქიზაცია და მართლმსაჯულების სისტემური რეფორმაა.




გამოყენებული მასალები:

The Criminalization of Trading in Influence in International Anti‐Corruption Laws, J. Philipp, 2009
Explanatory Report on the CoE Convention.
Opinion on the EU membership application by Georgia, Brussels, 17 June, 2022.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: თამარ ლალიაშვილი