01.02.2024

საიმედო კაცი


2011 წლის თებერვალში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში პროექტის იურისტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.

საწერი და საკითხავი თავიდანვე მრავლად მქონდა, მათ შორის, სასამართლო საქმეები, რომელთა რაოდენობაც მუშაობის დაწყებიდან მალევე, სულ ცოტა, ორ ათეულს მაინც შეადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სხვადასხვა მოსამართლე იხილავდა, თუმცა გადაწყვეტილება ყოველთვის ერთი და იგივე იყო და შენს ყველა მცდელობას, დაახლოებით, ისეთივე გავლენა ჰქონდა საქმის გადაწყვეტაზე, როგორც იმას, სხდომათა დარბაზში მოსახვედრად მეექვსე სართულზე ფეხით ახვიდოდი თუ ლიფტით. არადა, ყველა საქმე, რომელიც 2011-2012 წლებში წარმოებაში მქონდა, ინფორმაციის თავისუფლების თემაზე დაწყებულ დავებს უკავშირდებოდა და კანონით, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, სანერვიულოც არაფერი უნდა ყოფილიყო.

ზემოთ სიტყვები: „კანონი“ და „დამოუკიდებელი სასამართლო“ ვახსენე. მაშინ არც კანონი იყო მთავარი და არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდა. ისე არ გამიგოთ, თითქოს, წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოს რომ ვაკრიტიკებ, დღევანდლის დამოუკიდებლობით ვიყო მოხიბლული. არა, არავის გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი არაერთი უკანონობის თანამონაწილე პროკურორი და მოსამართლე წლებია, სასამართლო სისტემაში აგრძელებს საქმიანობას. სხვათა შორის, დაწინაურებული და გაუმჯობესებული პირობებით.

მთავარ სათქმელს მივუბრუნდები. 2011-2012 წლებში ჩემს წარმოებაში არსებული სასამართლო საქმეებიდან ყველზე მეტი ერთ კონკრეტულ მოსამართლეს ეწერებოდა. პირველად, როცა მასთან მთავარ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს იოლად ვაჯობე, ოდნავაც კი არ ჩარეულა ახნა-განმარტებებისა თუ მხარეთა პაექრობის ნაწილში. მაშინ ვიფიქრე, აი, მოსამართლე! აი, პიროვნება! აი, დამოუკიდებელი სასამართლოს ზეიმი! სამწუხაროდ, ჩემი პირველი ნაფიქრი მალევე გაქარწყლდა, როცა მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. ვერაფრით ვიგებდი, რატომ იყო საჭირო ასეთ მარტივ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება, თუ გადაწყვეტილება სადმე „სხვაგან“ არ უნდა შეთანხმებულიყო.

ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და, მართალია, მოკრძალებით, მაგრამ მაინც თქვა - „სარჩელი არ დაკმაყოფილდესო“. იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ყველა საქმე, რომელსაც ის მოსამართლე იხილავდა, ერთნაირი შედეგით სრულდებოდა - „სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“. ბოლოს ისე ვიყავი, გადაწყვეტილებების გამოცხადების დღეებში სასამართლოში წასვლაც აღარ მინდოდა. სამაგიეროდ ვხდებოდი, რომ ის კაცი, საქმის განმხილველი მოსამართლე რომ იყო, არსებული სასამართლო სისტემის პირობებში, კარიერული თვალსაზრისით, შორს წავიდოდა. წავიდა კიდეც... ის დღეს რომელიმე საქალაქო  სასამართლოს რიგითი მოსამართლე კი არ არის, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და საყრდენია სისტემის შიგნით. საიმედო კაცია! საიმედო, ოღონდ სისტემისთვის.

ცხადია, ყველა იმ სასამართლო საქმის მოყოლას არ ვაპირებ, რომელიც „საიმედო კაცთან“ მქონია. მხოლოდ ორი მათგანი მინდა გავიხსენო.

2011 წლის 5 ივლისი იდგა, „სტუდია მონიტორმა“ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა და მერიის მიერ დაფძუნებულ ერთ-ერთ აიპში 2005-2011 წლებში თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შესახებ მოითხოვა ინფორმაცია, შესაბამისი მიზნობრიობის მითითებით. თბილისის მერიამ ინფორმაცია არ გასცა და საქმე სასამართლომდე მივიდა. უმარტივესი დავა იყო, რომელიც ერთ სხდომაში, მოსარჩელე მხარის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. ერთ მხარეს კანონით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება იდგა, მეორე მხარეს – ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც „საიმედო კაცი“ ვერაფრის დიდებით აწყენინებდა (აბა, მაშინ რისი „საიმედო კაცი“ იქნებოდა?!).

საბოლოდ, მოსამართლემ ასეთი რამ მოიფიქრა ან კიდევ „მოუფიქრეს“ – თბილისის მერიას მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაეცა, მაგრამ როცა დაამუშავებდა, მაშინ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „საიმედო კაცმა“ მერიას უთხრა, შეგიძლიათ არასდროს დაამუშაოთ და, შესაბამისად, არ გასცეთ მოთხოვნილი ინფორმაციაო. ეს გადაწყვეტილება ერთ ქართულ მხატვრული ფილმს მაგონებს – „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, სადაც ერთგან მოსამართლეს ეკითხებიან, ქალი გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნისო? მოსამართლე პასუხობს, „გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამა არ გეკუთვნითო“... ამ საქმეში ყველაზე საინტერესო მაინც „საიმედო კაცის“ მიერ დაწერილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოვიდა, სადაც მოსამართლემ საქმეზე სასამართლოს შეფასება ცხრა ხაზსა და ერთ სიტყვაში ჩაატია. მთელი გადაწყვეტილებისთვის კი სამ გვერდზე ნაკლები იკმარა.

მეორე საქმეს რაც შეეხება, სასჯელაღსრულების სისტემის მაშინდელ სამსახურს ვთხოვდით 2011-2012 წლებში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ იყო ჩავლილი, სასჯელაღსრულების ერთი კონკრეტული დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანილი პატიმრების რაოდენობას. არაფერი განსაკუთრებული, საიდუმლო და საშიში. ტრადიციულად, ინფორმაცია არავინ გასცა და საქმე აქაც სასამართლომდე მივიდა. სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ისეთი მოუმზადებელი მოვიდა, ბოლოს „საიმედო კაციც“ შეწუხდა. მოპასუხესთან სამართლებრივ დავას აზრი არ ჰქონდა და ვკითხე, გულწრფელად გვითხარით, კანონი კრძალავს ამ ინფორმაციის გაცემას, თუ თქვენ მიიჩნევთ პირადად, რომ არ უნდა გასცეთ ინფორმაცია-მეთქი? იმანაც ალალად მითხრა, პირადად მე მივიჩნევ, რომ არ უნდა გაიცეს მოთხოვნილი ინფორმაციაო! სადავო და საკამათო აღარაფერი იყო, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო და რამდენიმე კვირის შემდეგ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, ტრადიციული სიტყვები წარმოთქვა: „სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“.

ამ საქმის შემდეგ წლები გავიდა. ერთ დღესაც, შეხვედრიდან გამოსულმა ტაქსი გამოვიძახე და სახლისაკენ წავედი. გზად მძღოლმა მკითხა:

- თქვენ, ალბათ, ვერ მიცანითო, ხომ?

- დიახ, ვერ გიცანით, – ვუპასუხე მე.

- მე ის ვარ, სასამართლო სხდომაზე რომ მკითხეთ „კანონი კრძალავს ამ ინფორმაციის გაცემას, თუ თქვენ მიიჩნევთ პირადად, რომ არ უნდა გასცეთ ინფორმაციაო“... მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, ხელისუფლება შეიცვალა და სამსახურიდან გამომიშვესო.

სამაგიეროდ, „საიმედო კაცი“ არავის არსად გაუშვია, 2012 წლის შემდეგ კარიერული აღმასვლა აქვს მხოლოდ.

ის „საიმედო კაცი“ დიმიტრი გვრიტიშვილია, დღეს უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. თუმცა, მისი ყველაზე დიდი თანამდებობა, ამხელა კარიერული წინსვლის მიუხედავად, ალბათ, მაინც სისტემისთვის ერთგული, „საიმედო კაცის“ სტატუსია.

სულხან სალაძე