მოსამართლეთა შეუვსებელი ვაკანსიები - ახალი ვალდებულების მიუხედავად, ვითარება უცვლელია

26.12.2023
მოსამართლის 100-ზე მეტი  ვაკანსია დღემდე არ არის შევსებული.

სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისა და სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, ვაკანტური ადგილების საჭირო რაოდენობის განსაზღვრას, შემდეგ კი მათ შევსებას შესაბამისი კადრებით.   
2023 წლის ივნისამდე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ვაკანსიის წარმოშობის ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის დაწყების ვადას განსაზღვრავდა, ხოლო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების კონკრეტულ ვადას არ ითვალისწინებდა (იხ. რატომ არ ივსება მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილი?);
2023 წლის 13 ივნისს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში იყო ინიციირებული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ. ერთ-ერთი პოზიტიური ინიციატივა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში სამოსამართლო კონკურსის გამოცხადების ვადის განსაზღვრა იყო. კერძოდ, ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახლა უკვე ვალდებულია, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა და მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა, გამოაცხადოს კონკურსი მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად.  
საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები ნორმის ამოქმედების დროისთვის სასამართლო სისტემაში უკვე არსებობდა მოსამართლის 100-ზე მეტი ვაკანსია.
ნორმა არ არის საკმარისად ნათელი და მისი შინაარსიდან მკაფიოდ არ განიმარტება, ვრცელდება თუ არა მისი მოქმედება უკვე არსებულ ვაკანსიებზე და აკისრია თუ არა ვალდებულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ნორმის ამოქმედებისთანავე გამოაცხადოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი არსებული ვაკანსიების შესავსებად. ახალი საკანონმდებლო წესი უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს (2023 წლის 13 ივნისიდან), მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი. 
მიუხედავად იმისა, თუ როგორ განმარტავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ნორმას, იგი ორივე შემთხვევაში არღვევს ვალდებულებას:
  1. თუკი ახალი ნორმა მის ამოქმედებამდე არსებული ვაკანსიების დროულად შევსების ვალდებულებას ითვალისწინებს, გამოდის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 2023 წლის 13 ივნისამდე არსებულ 100-ზე მეტ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი უნდა გამოეცხადებინა. ჩვენი შეფასებით ეს იქნებოდა რელევანტური პრაქტიკა, სასამართლო სისტემის ახალი კადრებით შესავსებად, სხვა შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ რა მიზანს ემსახურება საკანონმდებლო ცვლილება; 
  2. თუკი ახალი საკანონმდებლო წესი მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ ვაკანსიებს ეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების დარღვევა ამ შემთხვევაშიც სახეზეა შემდეგი გარემოების გამო: 2023 წლის 2 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, თამარ ჭუნიაშვილს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აღნიშნული პოზიცია გახდა ვაკანტური. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაშიც ეკისრებოდა ვალდებულება, არაუგვიანეს 2023 წლის 2 სექტემბრისა, გამოეცხადებინა კონკურსი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. საბჭოს აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი არ გამოუცხადებია. 
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ბოლოს 2022 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდა, სადაც მოსამართლეობის მსურველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. კერძოდ, გამოცხადებული იყო კონკურსი 76 ვაკანტურ ადგილზე, ხოლო განაცხადების რაოდენობა საერთო ჯამში 21-ს არ აღემატებოდა (იხ. მოსამართლეობა, როგორც ნაკლებად სასურველი თანამდებობა). 
მაშინ, როდესაც საქმეთა დიდი ნაკადით გამოწვეული გადატვირთულობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა სასამართლო სისტემაში, სამოსამართლო კადრების დეფიციტი მნიშვნელოვნად აზიანებს მოქალაქეთა უფლებას სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე და აფერხებს სისტემის ფუნქციონირებას. ასეთ ვითარებაში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სასამართლოში საჭირო რაოდენობის ვაკანტური ადგილების განსაზღვრა და სასამართლოების დროულად დაკომპლექტება საკმარისი რაოდენობის მოსამართლეებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი არსებული ვაკანსიების შევსებასაც კი არ ცდილობს და ხელს უწყობს სასამართლოში კრიზისის შენარჩუნებას. 
ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ კანონის ნორმების შეცვლა, შესაბამისი იმპლემენტაციის გარეშე, ვერ უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას. 
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე