07.09.2022

რატომ არ ივსება მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილი?

სასამართლოების გადატვირთულობის  პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მოსამართლეთა ადგილი ხშირად ხანგრძლივი დროით ვაკანტურია.

საერთო სასამართლოების მიერ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული გონივრული ვადის მოთხოვნის უგულებელყოფა საქართველოში მიღებულ პრაქტიკად იქცა. „დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას უდრის“.1 მიუხედავად  სამართალწარმოების საბოლოო შედეგისა, გაჭიანურება  მას არაეფექტიანს ხდის.2   მრავალთა შორის, ხშირად დასახელებული მიზეზი  მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. ვითარების პარადოქსულობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათგან ერთ-ერთს -  საკანონმდებლო ბარიერს  სტატიაში მიმოვიხილავთ. 

კონკურსის გამოცხადება პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლის დანიშვნის მიზნით


სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, 2017 წლის 8 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებით, მოსამართლეთა დანიშვნის წესი შეიცვალა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის გამართვის პროცედურა ახლებურად მოწესრიგდა. 

რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში  მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის არსებობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს.3 ორგანული კანონი არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა ვადებში უნდა გამოცხადდეს კონკურსი; უფრო მეტიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, წინასწარ მიიღოს ზომები მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მაშინ გამოაცხადოს კონკურსი, როდესაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება - განსხვავებული წესი


პირველი და მეორე ინსტანციებისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შემთხვევაში კონკურსის გამოცხადების ვადა მკაფიოდ არის განსაზღვრული. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს კანდიდატების შესარჩევ პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.4 ამდენად, სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია, წინასწარ, მოსამართლის ადგილის გათავისუფლებამდე დაიჭიროს თადარიგი.

პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გადაეცა. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც. 2019 წლიდან კი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის დეტალური წესი  აისახა. თავდაპირველად  ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა ვაკანსიის წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას,5 თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვაკანსიის წარმოშობამდე, სულ ცოტა, 3 თვით ადრე აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას.   

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დეტალური წესის განსაზღვრის ინიციატივას კანონპროექტის ავტორები პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობის აუცილებლობით ხსნიდნენ, რაც ხელს შეუწყობდა  მთლიანი პროცესის საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშ წარმართვას.6 განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებული საკითხების კანონით განსაზღვრა საჭირო იყო იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ყველა შესაფერის კანდიდატს მისცემოდა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა.7

მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


საქალაქო (რაიონულ) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ასევე, სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, მისი კომპეტენციაა მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამის ადგილებზე კონკურსის გამოცხადება.

 სასამართლოში ვაკანსიის წარმოშობის სხვადასხვა საფუძველი არსებობს, მაგალითად:

  • მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
  • მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
  • მოსამართლის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა;
  • საბჭოს მიერ შტატების დამატება (საშტატო რაოდენობის გაზრდა).

ჩამოთვლილი ფაქტორების საფუძველზე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ბოლო წლებში ათეულობით ვაკანტური ადგილი ჩნდებოდა, თუმცა საბჭო კონკურსის გამოცხადებას და ვაკანტური ადგილების დროულად შევსებას არ ჩქარობდა. აშკარაა, რომ არ არსებობს რაიმე პოლიტიკა, რომელიც სისტემაში ახალი კადრების შედინებასა და სასამართლო სისტემის განახლებას შეუწყობდა ხელს.

მოსამართლეთა ვაკანსიები წლების მიხედვით


ბოლო წლების მონაცემებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2021 წლის 26 ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა:

  •   2017 წელს - 136 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი და მხოლოდ 98 მოსამართლე დაინიშნა, საბოლოოდ კი, სხვადასხვა საფუძვლით, 55 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი;
  •   2018 წელს - 43 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი და 32 მოსამართლე დაინიშნა თანამდებობაზე. საბოლოოდ, სხვადასხვა საფუძვლით, 45 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი;
  •   2019 წელს - სხვადასხვა საფუძვლით, 99 ვაკანტური ადგილი იყო თავისუფალი, ხოლო საბჭოს კონკურსი საერთოდ არ გამოუცხადებია;
  •   2020 წელს - მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა კონკურსი და 36 მოსამართლე დაინიშნა. საბოლოოდ, სხვადასხვა საფუძვლით, 78 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი;
  •   2021 წელს - ორჯერ გამოცხადდა კონკურსი, ჯამში 88 ვაკანტურ თანამდებობაზე; დაინიშნა 47 მოსამართლე. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 90 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი.

საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლის დანიშვნას შვიდი თვე მოანდომა.

კონკურსი 2021  წლის 5 აგვისტოს გამოცხადდა, ხოლო დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის 7 მარტს იქნა მიღებული. 2022 წელს (აგვისტოს ჩათვლით)  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი საერთოდ არ გამოცხადებულა.

არსებული მონაცემები მოწმობს, რომ მოსამართლეთა ვაკანტური ადგილები კონკურსის შედეგად, როგორ წესი, ვერ ივსება და დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა ვაკანსიებზე ბევრად მცირეა. შედეგად, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც    პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოები მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პირობებში საქმიანობენ. 

გაუგებარია, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. აშკარაა, რომ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა და საბჭოს მიერ მისი გამოყენების პრაქტიკა ვერ ქმნის ეფექტიან მექანიზმს საიმისოდ, რომ სასამართლო დროულად იყოს უზრუნველყოფილი მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობით.

საჯაროობისა და გამჭვირვალობის ორმაგი სტანდარტი


კონკურსის გამოცხადების ვადა ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევას განასხვავებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესისგან. კანონმდებელი საჯაროობისა და გამჭვირვალობის განსხვავებულ სტანდარტს აწესებს ასევე კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ. კერძოდ, ორგანული კანონი იმპერატიულად ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საჯაროობას8 მაშინ, როდესაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების  მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, როგორც წესი, დახურულია, თუ თავად კანდიდატი არ მოითხოვს მის გასაჯაროებას. საინტერესოა, რატომ არ არის განსაზღვრული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა შესარჩევად ისეთი გამჭვირვალე და ღია პროცედურები, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისას.

მოსამართლე მოსამართლეა და საზოგადოების ინტერესი არსებობს ყველა მათგანის მიმართ.


პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დასანიშნად ორგანული კანონი მრავალეტაპიან პროცედურას განსაზღვრავს. ეს კი საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონკურსის  დროულად გამოცხადებას,  შესარჩევი პროცესის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, კიდევ  უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოსამართლეების ვაკანტური ადგილების არსებობა ზრდის მოსამართლეთა ინდივიდუალურ დატვირთვას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათი სამოსამართლო საქმიანობის ტემპსა და ხარისხზე,  საბოლოო შედეგები კი აისახება მართლმსაჯულების მომხმარებელთა მიერ მიღებულ სერვისზე, რომელიც არც სწრაფია, არც საკმარისად ხარისხიანი და შორსაა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის იდეალებისგან. 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ არსებობს ნება სასამართლო სისტემის განახლებისა და მასში ახალი კადრების დროული შედინებისათვის, რათა არსებული გავლენის შენარჩუნების საფრთხე არ დადგეს.

ამრიგად, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნორმის კეთილსინდისიერად განმარტება, ეფექტიანი სამართალწარმოების ინტერესის შესაბამისად.  გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი "რაიონულ(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს" და დადგინდეს კონკურსის გამოცხადების ვადები, რადგან აშკარაა, რომ კანონის არასაკმარისი სიცხადე განაპირობებს მოსამართლეთა ვაკანსიების დიდ რაოდენობას (მიმდინარე წელს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა 100-მდე ადგილი ვაკანტურია).

სქოლიო

1. ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 50375/07; 18.10.2019
2. იგივე.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 35, პუნქ. 1.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 341, პუნქ. 1.
5. ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; 4526-II;  N07-3/301/9;  გვ. 1.
6. განმარტებითი ბარათი ორგანული კანონის პროექტზე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; 4526-II, 11.03.2019, გვ. 8.
7. იგივე. გვ. 9. 
8. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 341,  პუნქ. 8.


courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.



ქეთი გაჩეჩილაძე