16.03.2023

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ

14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების პროექტს. 

14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება სასამართლო რეფორმის შესახებ. გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციების აღწერას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ კომისიისგან მიიღო.


საკანონმდებლო პროცესი

2022 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ კანონში ბოლო ცვლილება, რომლის მოტივები და მიზნები გამჭვირვალე არ იყო სწრაფად განხორციელდა ინკლუზიურობისა და ეფექტიანი კონსულტაციების გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების ახალ პროექტს, ვენეციის კომისიას ხელისუფლებამ აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ძალისხმევა მიმართული იყო საპარლამენტო უმცირესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვისკენ. თუმცა, ამ პროცესის ნამდვილი ინკლუზიურობა დამკვირვებლებმა სადავო გახადეს.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარლამენტის მიერ ოპოზიციასთან, ექსპერტებთან ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნამდვილი კონსულტაციების გარეშე ისეთი აქტების მიღება, რომლებიც არეგულირებს სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს, არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედებითი პროცესის სტანდარტებს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი ლიმიტირებულია და არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის სრულ რეფორმას. 

ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, მათ შორის რომელზეც კომისიამ 2022 წლის მოსაზრებაში იმსჯელა, გადაიდო, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო, სადაც გასაჩივრებულია კანონის შესაბამისი დებულებები. ამ ვითარებაში დეპუტატებმა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნიეს თავი შეიკავონ საკანონმდებლო ინიციატივებისგან, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო სამართალწარმოებამ, პრინციპში, შეიძლება ხელი შეუშალოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეფერხება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ამისთვის.

კომისია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ სურთ გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები და კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს გაუმართლებელი შეფერხების გარეშე.



იუსტიციის უმაღლესი საბჭო


2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ დააყენა რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა საქართველოს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის გაზრდისთვის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო შემდეგი:

1. მოსამართლეთა ხელახლა კენჭისყრა: უნდა დაზუსტდეს, რომ მეორე ტურით დანიშნულმა მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული ვაკანსიის ყველა კრიტერიუმი, მაგ. სპეციალიზაციის მოთხოვნა.

2. მოსამართლეთა მივლინება ან გადაყვანა: მოსამართლეთა მივლინება მათი ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს შესაძლებელი და გამართლებული ლეგიტიმური მიზნით. გათვალისწინებული უნდა იყოს მკაფიო და ვიწრო კრიტერიუმები, ასევე მივლინების დროის მოკლე პერიოდები. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღდგეს შემთხვევითი ან ობიექტური პროცედურა გეოგრაფიული შეზღუდვით. 

3. რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ჩამოცილება საქმის განხილვიდან: საქმის განხილვიდან ჩამოცილების სიმძიმის გათვალისწინებით, კრიტერიუმი „დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას“ ძალიან ბუნდოვანი და ფართოა. ასევე, საჩივრის შეტანის (სამი დღე) და საჩივრის განხილვის ვადები (ხუთი დღე), ძალიან მოკლე დროა იმისათვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს საკმარისი დრო დისციპლინური სამართალწარმოების დროს მისი საქმის წარსადგენად. გარდა ამისა, მოსამართლის ხელფასი არ უნდა შეჩერდეს, დისციპლინური სამართალდარღვევის დადასტურებამდე და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა: ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, იუსტიციის საბჭოში კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ, რაზეც
არსებობს უკმაყოფილება, აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

5. დისციპლინური გადაცდომის ახალი საფუძვლები: თუ ფორმულირება მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ დარღვევა შენარჩუნებული იქნება, კანონით უნდა განისაზღვროს დისციპლინური სანქციების საფუძვლები. კერძოდ, რომ ასეთი გადაცდომა ვლინდება მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის აშკარა დარღვევის დროს ან გამორიცხავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმების და საკანონმდებლო საკითხების შესახებ აზრის გამოთქმა.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას მოიცავს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომისია მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები ამ ეტაპზე შესრულებული არ არის.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის მომდევნო ეტაპზე იქნება გათვალისწინებული. ამ კონტექსტში, ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მისი რეკომენდაციების ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, ზოგადი შენიშვნის სახით, ვენეციის კომისიამ განაცხადა: „[...] [A] მართლმსაჯულების საბჭომ, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საბოლოოდ ისე უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება სასამართლო დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხარისხის დასაცავად, რომ გააძლიეროს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაზიანდება, თუ მართლმსაჯულების საბჭო აღიქმება ორგანოდ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი თავის დაცვისა და კრონიზმის საფუძველზე. საბჭოში დაშვებული არ უნდა იყოს კორპორატივიზმი, რომელიც ემსახურება მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფების საზიანოდ.“

ვენეციის კომისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, რაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები დანიშნულები არ არიან. საბჭოს არამოსამართლე წევრი აირჩევა პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ან საკონსტიტუციო ცვლილების გზით ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის შემოღებით ან კანდიდატებზე პოლიტიკური კომპრომისის მიღწევით.

ვენეციის კომისია საუბრობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პლურალიზმის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების როლზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

შესაბამისად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ეფექტიანი მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პარლამენტს გადახედოს საბჭოს შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ბალანსი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრებს შორის.

ასევე, კორპორატივიზიმის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად, ვენეციის კომისია საბჭოს წევრების როტაციის წესით განახლებას მიიჩნევს და იმეორებს 2022 წლის რეკომენდაციას. 

2021 წლის დეკემბერში, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილებებით, იუსტიციის საბჭოს წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ წევრის პოზიციაზე არჩეულ იყვნენ ერთზე მეტი ვადით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია მიუთითებს 2022 წლის მოსაზრებაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, სასურველია ფიქსირებული ვადების დადგენა, რათა უზრუნველყოფილი იქნას საბჭოს წევრების დამოუკიდებლობა და სთავაზობს ხელისუფლებას გადახედოს ორგანული კანონის 47-ე მუხლს მე-12 ნაწილს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული მოსაზრება. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა განიხილოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესის რეფორმაც. 

კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმის მომზადება და განხორციელება, წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებით, სასწრაფოა. 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია


ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებისთვის დაზუსტებულ მოთხოვნებს, როგორც ასაკობრივი, ასევე გამოცდილების ნაწილში. შესაბამისად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, არ არის შესრულებული და კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის ფარგლებში.


კანდიდატების წარდგენა უზენაეს სასამართლოში


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნომინირების შესახებ გადაწყვეტილების ანტი-ჩიხური მექანიზმი

2019, 2020 და 2021 წლებში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ შეიქმნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ შემოკლებულ სიაში შეყვანილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ 2/3-ის უმრავლესობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, შესაბამისად, კომისიის რეკომენდაციები ამ მხრივ შესრულებული არ არის და აღნიშნავს ამ საკითხის განხილვის საჭიროებას შემდგომი საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლილი შემადგენლობა განმეორებითი გასაჩივრების დროს


ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის“ საბჭოს იმ წევრების გამორიცხვით, რომლებიც მიკერძოებულები იყვნენ ან სხვაგვარად არღვევდნენ კანდიდატები უფლებებს. ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია 343-ე მუხლის 131-ე პუნქტის პროექტში. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი კითხვა ამის შესახებ, უნდა იყოს თუ არა იუსტიციის საბჭოს წევრი ჩამოცილებული მომდევნო რაუნდში, მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების მხედველობაში მიღება.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი არ შეეხება კვორუმის პოტენციურ პრობლემებს და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საბჭოს რამდენიმე წევრის ჩამოცილების შემდეგ. კანონი უნდა მოიცავდეს შესაბამის მექანიზმს. რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის შემდეგ, რომელიც მისი რამდენიმე წევრის დისკვალიფიკაციას ახდენს.

გარდა ამისა, განსახილველი დებულების პროექტი ადგენს საბჭოს წევრების ჩამოცილებას იმ შემთხვევაში, რომლებმაც კანდიდატების შერჩევისას გამოიჩინეს მიკერძოება, მათი მიდგომა იყო დისკრიმინაციული ან/და გადააჭარბეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე დაემუქრა სასამართლოს დამოუკიდებლობას“

ამ დებულების ფარგლები საკმაოდ ფართოა, ვინაიდან იგი ჩამოცილებას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვს, როდესაც დაირღვა კანდიდატის უფლებები“, არამედ იმ დროსაც, თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება“. ამ უკანასკნელი კრიტერიუმის ფარგლები და რელევანტურობა არ არის ნათელი ცალკეული კანდიდატების შეფასების კონტექსტში და უნდა იქნას ამოღებული.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი და დანიშვნის პროცედურის შეჩერება

როგორც ვენეციის კომისიამ 2021 წლის დასკვნაში აღნიშნა, მის ახალ გადაწყვეტილებაში იუსტიციის საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მითითებები, რაც აუცილებელია გასაჩივრების უფლების ეფექტიანობისათვის. 

რა თქმა უნდა საბჭოს უფლებამოსილება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის შესახებ არ არის შეუზღუდავი და კანონი უზენაეს სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას შეამოწმოს პროცედურის კანონიერება. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაცია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინსტრუქციების სავალდებულო ხასიათი შეიძლება პირდაპირ იყოს მითითებული.

გარდა ამისა, თუ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება უნდა იყოს მნიშვნელოვანი და უნდა არსებობდეს მკაფიო წესი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალაში დარჩეს დანიშვნის პროცედურა. 

უზენაესი სასამართლოს ინსტრუქციების იუსტიციის საბჭოსთვის სავალდებულო ხასიათის გაძლიერების შესახებ რეკომენდაცია ჯერ კიდევ საჭიროებს სრულად განხორციელებას და კომისია იმეორებს მას, რათა ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს საკანონმდებლო ცვლილების დროს.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა

2019 წლის მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებული 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა იყო ხანგრძლივი და შეიძლებოდა მისი შემცირება. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის ხანგრძლივობაზე, ზოგადი მიდგომაა, რომ ასეთი ვადა არ უნდა იყოს ძალიან მოკლე, რათა არ შეფერხდეს სასამართლოს თავმჯდომარის ეფექტიანი ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, ამავდროულად მყარი და ძლიერი სასამართლო ორგანიზების შენარჩუნება. მეორე მხრივ, შესაბამისი ვადა არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე და გამოიწვიოს სასამართლოში ერთი პირის დომინირება.

ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს რეკომენდაცია რჩება აქტუალური და უნდა იქნას განხილული მომავალში კონსტიტუციაში ცვლილების დროს.


კანდიდატების გადანაწილება


2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ შეაფასა ის ცვლილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს [პირველ ეტაპზე] წარუმატებელი კანდიდატები ისეთ ვაკანსიებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა კონკურსის შემდეგ (ე.წ. კანდიდატების გადანაწილება). კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობებზე „გადანაწილების შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს, რომ მეორე ტურში დანიშნულმა მოსამართლეობის კანდიდატმა დააკმაყოფილოს კონკრეტული ვაკანსიის ყველა მოთხოვნა, მაგალითად, სპეციალიზაციის ნაწილში. 

ვინაიდან ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, კომისია იმეორებს მას, რათა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილების დროს.


მოსამართლეთა მივლინება


2022 წლის მოსაზრება ეხებოდა კანონის 371-ე მუხლში ცვლილებებს, რამაც გაზარდა იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება მოსამართლეთა მივლინება და გადაყვანის თაობაზე მათი თანხმობის გარეშე. ვენეციის კომისიამ ეს დებულებები უაღრესად პრობლემურად მიიჩნია და რეკომენდაციას გასცა, რომ „მოსამართლეთა მივლინება მათი ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყოს შესაძლებელი და ლეგიტიმური მიზნით გამართლებული. უნდა იყოს გათვალისწინებული მკაფიო და ვიწრო კრიტერიუმები, ასევე - მივლინების დროის მოკლე პერიოდები. უნდა აღდგეს შემთხვევითი ან ობიექტური პროცედურა გეოგრაფიული შეზღუდვით.

რადგან ცვლილებების პროექტი არ შეეხება ორგანული კანონის 371-ე მუხლს, ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული და კომისია აღნიშნავს, რომ ეს მუხლი დაუყოვნებლივ შეიცვალოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე.


მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან

2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ კომენტარი გააკეთა მოსამართლეების საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან დისციპლინური სამართალწარმოება.

კომისიამ მიუთითა, რომ ძალიან ბუნდოვანი და ფართოა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძველი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამართლეს არ უნდა შეუჩერდეს ხელფასი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული ცვლილებების პროექტში, შესაბამისად, კომისია იმეორებს მას კანონში შემდგომი ცვლილებისთვის.


დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

ორგანულ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებებმა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გააფართოვა, რომელსაც 711-ე მუხლი დაემატა: მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“. 2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ამ ახალ საფუძვლებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაცია გასცა: თუ ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ შენარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სანქციების საფუძველი მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის დარღვევასთან მიმართებით უნდა დაადგინოს ან გამორიცხოს სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები.“

ვინაიდან ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა, ძალაში რჩება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.



დისციპლინური პროცედურების ინიციირება

2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი წინა რეკომენდაცია იმის დასადგენად, თუ როდის უნდა ჩაითვალოს დისციპლინური სამართალწარმოება ინიციირებულად, რათა მოსამართლემ ადრეულ ეტაპზევე ისარგებლოს ადვოკატის უფლებით. კომისიას სურს გაიმეოროს ეს რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე არ შესრულებულა.


ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი რჩება შემდეგი ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მანამდეც ჰქონდა:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხი, რომელიც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილებების შეზღუდვა მოსამართლის მივლინების ან გადაყვანისას მათი თანხმობის გარეშე, ისე, რომ დაემატოს ვიწრო კრიტერიუმები და შეზღუდვები დროისა და ლოკაციის თვალსაზრისით, და უზრუნველყოფილი იქნას შემთხვევითი სისტემა.
  • მოსამართლეთა საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების პროცედურა გადაიხედოს და შესაბამისი საფუძვლები უფრო ზუსტად განისაზღვროს, მეტი დრო უნდა დაეთმოს ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, ასევე, მოსამართლეს შეუნარჩუნდეს ხელფასი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში;
  • ლიმიტირდეს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, რომლებიც შეეხება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოვალეობის აშკარა დარღვევას მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის დროს, ხოლო მოსამართლეებს უნდა დარჩეთ კომენტირების სივრცე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმები;
  • უზრუნველყოფილი იქნას, რომ უზენაესი სასამართლოს ინსტრუქციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის იყოს სავალდებულო ხასიათის.

კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის მარეგულირებელი დებულებების პროექტი დადებითია, მაგრამ ის რეკომენდაციას იძლევა, რომ პროცესი შემცირდეს და გამარტივდეს, ასევე, უზრუნველყოფილი იქნას წვდომა როგორც წარსულ, ასევე მომავალ გადაწყვეტილებებზე.

ევროკომისიის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მან უნდა განახორციელოს სასამართლოს რეფორმა:

„მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით“. 


---

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.