წინამდებარე სტატიაში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის პროცესისთვის, როგორიცაა ირიბი ჩვენება, მისი გამოყენების შესაძლებლობა განაჩენში და რეალობა, რომლის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა არაერთგვაროვნად ვითარდება.
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (1/1/548) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება ირიბ ჩვენებას და პირის ბრალდებულად ცნობა ვერ მოხდება ირიბი ჩვენების საფუძველზე.
მოწმის ჩვენება არის ის ინფორმაცია, რასაც მოწმე აწვდის სასამართლოს, განსახილველი საქმის გარემოებებზე. მოწმის ჩვენება არის მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი.
პირდაპირი ჩვენება არის მოწმის ისეთი ჩვენება, რა დროსაც მოწმე გადმოსცემს იმ ფაქტს, რასაც თავად შეესწრო.
ხოლო მოწმის ჩვენება ირიბი ჩვენებაა მაშინ, როცა ის თავისი არსით დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც სხვა პირის მიერაა გავრცელებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმე არ არის პირი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ფაქტს, იმ ინფორმაციას, რასაც გადმოსცემს, არამედ მან ფაქტის შესახებ გაიგო სხვა პირისგან.
სსსკ-ით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენება დასაშვებ მტკიცებულებად განიხილება, კერძოდ, მაშინ, როცა დაკმაყოფილებულია 3 პირობა:
თუკი ირიბი ჩვენება დადასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც თავის მხრივ არ განეკუთვნება ირიბ ჩვენებას, მაშინ ამ სახის მტკიცებულება საქმის არსებით განხილვაზე დასაშვებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სსსკ-ის თანახმად, იმისთვის რომ სასამართლომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებელია იგი დააფუძნოს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აგრეთვე ყოველი მტკიცებულება უნდა იყოს აშკარა და უნდა აკმაყოფილებდეს დამაჯერებლობის სტანდარტსაც. ყოველივე ეს პირის დამნაშავეობას უნდა ადასტურებდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მითითებული ჩანაწერის ის შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილების მიღებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დღემდე არ არის სრულყოფილი. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანომ არათუ ირიბი ჩვენების დასაშვებობის მკაფიო წესი განსაზღვრა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიები უზრუნველყო, არამედ ირიბი ჩვენების დასაშვებობის საგამონაკლისო შემთხვევები საერთოდ არ ჩამოაყალიბა კანონში. კანონის არასრულყოფილად ჩამოყალიბებულმა ნორმებმა კი დატოვა სივრცე იმისთვის, რომ ყველა მოსამართლეს ინდივიდუალურად გადაეწყვიტა, რა ჩაითვლებოდა საგამონაკლისო შემთხვევად და შექმნა რეალობა, რომელშიც ირიბი ჩვენების გამოყენებისა და დასაშვებობის საგამონაკლისო შემთხვევები პრაქტიკაში არაერთგვაროვნად განვითარდა. აქედან გამომდინარე, არაა განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად ირიბი ჩვენება. შესაბამისად, მართლმსაჯულების პროცესი არ არის თანმიმდევრული და ერთგვაროვანი. სასამართლო გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობას ადასტურებს შემდეგი ორი გადაწყვეტილება:
ერთ მხრივ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება - საქმე №440აპ-14 ცხადყოფს, რომ ირიბი ჩვენების დასაშვებობის კონკრეტული წესის დღემდე არარსებობის გამო სასამართლოები პრაქტიკულად მოლოდინის რეჟიმში არიან.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია - „სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს.“
თუმცა, არსებობს ამავე სასამართლოს მიერ უახლოეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებთანაც მოდის წინააღმდეგობაში და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთანაც. მაგალითად საქმე N2კ-1აპ.-23. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში ბრალდებული ცნო დამნაშავედ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაუშვა.
მოცემულ საქმეში უზენაესი სასამართლო მსჯელობს ირიბ ჩვენებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო წესი, რომელიც განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით და პირობებით. საგამონაკლისო წესი არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ პირის მსჯავრდება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებასაც, იმ შემთხვევაში თუ ირიბი ჩვენება წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას და არის „საკმარისად სანდო.“
უზენაესმა სასამართლომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მიუთითა, რომ სახეზეა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება. ამ შეფასებაში უზენაესი სასამართლო ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შეფასებას ირიბი ჩვენების გამოყენების ნაწილში.
ირიბი ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ირიბი ჩვენება იძლევა დასტურდება და არის თანხვედრაში ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ მსჯელობას დასძინა ისიც, რომ საქმეში არსებული ირიბი ჩვენებები არ წარმოადგენენ საქმისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებებს.
საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ ზემოთ მითითებული არგუმენტაციით ირიბი ჩვენებები დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.
უზენაესი სასამართლოს ეს მსჯელობა გაურკვეველია და ბუნდოვანი, მაშინ, როცა სხვა საქმეებში, მათ შორის - ზემოთ მითითებულ საქმეებში, პირდაპირ აღნიშნავს, რომ არ აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ირიბი ჩვენება, როგორც მტკიცებულება, მანამ სანამ საგამონაკლისო შემთხვევები არ იქნება კანონით გათვალისწინებული. ბოლოს განხილულ საქმეში კი ნათლად ჩანს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეითავსა საკანონმდებლო ორგანოს როლი და თავად დაადგინა რა შეიძლებოდა საგამონაკლისო შემთხვევად ჩათვლილიყო.
შესაბამისად, მიუხედავად მცდელობისა, რომ პრაქტიკა ერთნაირად განვითარდეს, არის შემთხვევები, როცა ირიბი ჩვენების დაშვება და გამოყენება განსხვავებული წესით ფასდება სასამართლოს მიერ, სწორედ ამიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ირიბი ჩვენების გამოყენების საგამონაკლისო შემთხვევებისა და წესის ზუსტად განსაზღვრა.
შემდეგ სტატიაში იქნება მსჯელობა მოცემულ საკითხზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტექსტშიც.