ირიბი ჩვენების განაჩენში გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები

17.12.2024

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სახელმწიფოებს ეკისრებათ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულება, უზრუნველყონ იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რასაც ითვალისწინებს კონვენცია. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საინტერესოა, რა როლი აქვს საქართველოს სასამართლოებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რამდენად სავალდებულოა ამ სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება საქართველოს სასამართლოებისთვის ეროვნულ დონეზე?

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ იმ საქმეებში, რომლებშიც მხარეს წარმოადგენენ, დაემორჩილებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებას ქართული სასამართლოების მიერ. ამ მოთხოვნის შესაბამისად, პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, ეროვნულ დონეზე სასამართლოებს ექნებათ ვალდებულება, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები პროაქტიულად გაითვალისწინონ განაჩენებში.

სტატიაში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებშიც სასამართლო მსჯელობს ირიბი ჩვენების დასაშვებობაზე და განაჩენში გამოყენებაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ანდობს მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხებს. ამას, ადასტურებს ევროსასამართლოს მიერ ბარბერას და სხვათა საქმეზე გაკეთებულ მითითებას იმაზე, რომ ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია მტკიცებულებების რელევანტურობის განსაზღვრა და მათი შეფასება. აღნიშნული მსჯელობა არ გამორიცხავს იმას, რომ დადგინდეს ირიბი ჩვენების ერთგვარი სტანდარტი, , როგორც მტკიცებულების დასაშვებობასთან, ისე განაჩენში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასეთი სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩამოაყალიბა საქმეში ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენების გამოყენებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა, რომლის გამოც მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში; აგრეთვე, ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს განაჩენის გამოტანისთვის არსებითი ანდა ერთადერთი მტკიცებულება. აქვე, ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტისგან განსხვავებული მიდგომაც იმთავითვე არ ნიშნავს ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას, თუკი დაბალანსებული იქნება ის რისკები, რომლებიც შეიძლება, საქმეში ირიბი ჩვენების გამოყენებით დაცვის მხარეს წარმოექმნას.

დამაბალანსებელ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვისას ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა; ეს ერთგვარი შესაძლებლობაა ორივე მხარისთვის, დააკვირდნენ მოწმის ქმედებებს სასამართლო განხილვის პროცესში .
საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა, მტკიცებულების სანდოობის შეფასების სამართლიანი და ეფექტიანი მექანიზმების არსებობა მთავარი საკითხია იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდება ეყრდნობა მხოლოდ იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ან მეტწილად ეყრდნობა ამ სახის მტკიცებულებას.

ირიბი ჩვენების გამოყენების საკითხის განხილვასთან მიმართებით ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რა როლი ექნებოდა მოწმის სასამართლოში არგამოცხადებას მთლიანი საქმის განხილვის სამართლიანობის საკითხში და რამდენად მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობდა არგამოცხადებისთვის.

განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის განხილვა არ იყო სამართლიანი, რადგანაც მას და არც მის ადვოკატს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე დაეკითხათ დაზარალებულები და დაეკითხათ დანაშაულის ერთადერთი პირდაპირი მოწმე. მოცემულ საქმეზე ევროსასამართლომ არ დაადგინა კონვენციის დარღვევა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებობდა საპატიო მიზეზი, რის გამოც არ გამოცხადდნენ მოწმეები სასამართლოზე. გარდა ამისა, გამოყენებული იყო გონივრული მექანიზმები მოწმეთა დასაკითხად, თუმცა უშედეგოდ. 

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულთა ჩვენებების დაშვებით, დაცვის მხარისთვის შექმნილი სირთულეების საკომპენსაციოდ საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტები არსებობდა. ამდენად, მთლიანობაში საქმისწარმოება შეფასდა, როგორც სამართლიანი.

აღნიშნული საქმე შემდგომ განიხილა დიდმა პალატამ და დაადგინა კონვენციის დარღვევა (მე-6 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის). დიდი პალატის გადაწყვეტილების თანახმად, იმ ფაქტმა, რომ შეუძლებელი იყო მოწმეების დაკითხვა, უსამართლო გახადა მთლიანობაში საქმის სასამართლო განხილვას. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, „დამაბალანსებელი ღონისძიებები“ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სათანადოდ შეფასებულიყო გადაუმოწმებელი მტკიცებულებები. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ერთადერთი მოწმის ჩვენებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს ერთგვარ სტანდარტს, თუმცა ამ სტანდარტიდან გადახვევა შესაძლებელია, თუკი არსებობს საკმარისი დამაბალანსებელი გარემოებები და ისინი ფასდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. 

ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხი ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნებში

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებული დასაშვებობის წესები თუ პრინციპები ერთმანეთისგან განსხვავდება სამართლის სისტემების შესაბამისად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისთვის დადგენილია მინიმალური სტანდარტები, ასეთია, მაგალითად, ესპანეთი. ამ ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ირიბი ჩვენება განიხილება დასაშვებ მტკიცებულებად მაშინ, თუ მოწმეები ასაბუთებენ საკუთარ ჩვენებას, მიუთითებენ და აკონკრეტებენ ფაქტებს ინფორმაციის წარმოშობის შესახებ, მიუთითებენ იმ პირს, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია - სახელს, გვარს ან იდენტიფიცირების ნიშნებს.

საერთო სამართლის ქვეყნებში სასამართლო პრაქტიკა განსაზღვრავს დასაშვებობის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, კანადაში არსებობს ირიბი ჩვენების დაშვების ზოგადი წესი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეუძლია ირიბი ჩვენების დასაშვებობაზე გადაწყვეტილების მიღება. ინკვიზიციური სამართალწარმოების ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ყოველი კონკრეტული საქმისთვის ამ სახის მტკიცებულების ღირებულება.

ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საერთო სამართლის სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება ირიბი ჩვენების საკითხი ამერიკის ფედერალურ წესებში. ამ უკანასკნელში ირიბი ჩვენების დაშვების წინააღმდეგ გამონაკლისების ფართო ჩამონათვალი არსებობს.

იმისთვის, რომ ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იყოს, იგი უნდა შემოწმდეს ორი განსხვავებული მოდელით: პირველი - როდესაც არ არის დამტკიცებული, შეუძლია თუ არა განმცხადებელს სასამართლოში გამოცხადება და მეორე - როდესაც შეუძლებელია განმცხადებელი სასამართლოში დაიკითხოს.

პირველ შემთხვევაში, არსებობს ვრცელი ჩამონათვალი, რა დროსაც ირიბი ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა არ არის გამოკვლეული, ობიექტურად შესაძლებელია თუ არა მოწმის დაკითხვა სასამართლოში.

ირიბი ჩვენების დასაშვებობის მეორე მოდელში, როდესაც შეუძლებელია პირველადი განმცხადებელი სასამართლოში გამოცხადდეს, მოსამართლე ამოწმებს გამოუცხადებლობის საფუძველს და ჩვენების შინაარსობრივ ნაწილს.

ამდენად, თუკი ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მოკლე ჩამონათვალს აკეთებს ირიბი ჩვენების დასაშვებობის საგამონაკლისო შემთხვევებზე, ამერიკულ მოდელში საგამონაკლისო შემთხვევები ბევრად მრავალრიცხოვანია.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა, რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი