სტატისტიკა აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამართლებრივ დავებში სტაბილურად ინარჩუნებს დაუმარცხებელი მხარის სტატუსს. 2017-2022 წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც მოსამართლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს, განსახილველად, ჯამში, 14 საქმე შევიდა იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ. 4 საქმეზე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ უარი თქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, 5 საქმეზე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, 1 შემთხვევაში უარი თქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო 1 შემთხვევაში საქმე განსჯადობით გადაგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში გასაჩივრების მექანიზმების საკითხი წლების განმავლობაში ხვდებოდა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში და რეკომენდაციებში.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლისთვის საქართველომ მთელი რიგი რეფორმები უნდა განახორციელოს, მათ შორის, ცხადია, სასამართლო რეფორმა. ევროკომისიის შეფასების თანახმად, რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, მიუხედავად მართლმსაჯულების ნაწილში განხორციელებული რეფორმებისა, ცვლილებები არ შეხებია არაერთ საკითხს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის შემოღებას.
გასაჩივრების მექანიზმებზე არაერთხელ გასცა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ. თემები მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ გასაჩივრების სისტემას, არამედ, მათ შორის, მოსამართლის დანიშვნის, გადაყვანა/მივლინების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებსაც. მაგალითად:
2014 წლის 14 ოქტომბერი - დასკვნა N°773/2014
2018 წლის 17 დეკემბერი - დასკვნა N°937 / 2018
2020 წლის 8 ოქტომბერი - დასკვნა N°1001/2020
ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმების არსებობა ხელს უწყობს ნდობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას. სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების, სასამართლოს მიმართ მოქალაქეთა ნდობის ნაკლებობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის პარალელურად, მოსამართლისთვის ან მოსამართლეობის მსურველი პირისთვის გასაჩივრების მექანიზმების არსებობა კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. შესაბამისად, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეუძლია დღეს-დღეობით, ერთი მხრივ, მოსამართლეობის მსურველ პირს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლეს. ამ ეტაპზე ყურადღებას მხოლოდ პირველ ნაწილს დავუთმობთ და განვიხილავთ, თუ რა საფეხურების გავლა უწევს პირს, რომელსაც მოსამართლეობა სურს და რა გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას ანიჭებს კანონმდებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გარდა კანონით დაწესებული გამონაკლისებისა, მოსამართლეობის ყველა მსურველი ვალდებულია, ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამ პროცესში ძალაუფლება დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია თავმოყრილი, რადგან გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. ასევე, ქმნის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით.
რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, ის 2 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი მოიცავს ტესტურ გამოცდას, ხოლო მეორე ეტაპი – წერით გამოცდას. ტესტური გამოცდის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს 75 ან მეტ ქულას. მხოლოდ ტესტური გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ შეუძლია გამოსაცდელს შემდეგ ეტაპზე – წერით გამოცდაზე გადასვლა. წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება 25 ქულაა და გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი შეძლებს, დააგროვოს 15 ან მეტი ქულა.
2015-2023 წლების განმავლობაში საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასული 1443 პირიდან, მხოლოდ 267 პირმა ჩააბარა გამოცდა. შესაბამისად, გამოცდის ჩაბარების მაჩვენებელი, შეგვიძლია ვთქვათ, საკმაოდ დაბალია და 18%-ს შეადგენს. სტატისტიკის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტიანი შეიძლება იყოს გასაჩივრების მექანიზმი.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების“ შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, გამოცდის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია.
საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. საპრეტენზიო ჯგუფის შემადგენლობას საგამოცდო კომისიის წევრებიდან არჩევს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. თავის მხრივ, საგამოცდო კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, 20 წევრის შემადგენლობით.
ტესტურ და წერით გამოცდაში მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს და მოითხოვოს შეფასების გადასინჯვა. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში. ტესტური გამოცდის გადასინჯვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი დააგროვებს, სულ ცოტა, 70 ქულას, ხოლო წერითი გამოცდის შემთხვევაში – სულ ცოტა, 10 ქულას.
საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისგან და ჯგუფის შემადგენლობა ანონიმურია. პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობა. განცხადების განხილვის შემდეგ საბოლოო შეფასება იწერება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
იმ მოთხოვნებიდან, რომლებიც მოსამართლეობის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს, ერთ-ერთი სწორედ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლაა. ამგვარად, მოსამართლეობის მსურველისათვის, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ სავალდებულო საფეხურია სკოლის მსმენელობა და კურსის წარმატებით დასრულება.
თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების თანახმად, სკოლის მიზანია საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. როგორც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, აქაც მკვეთრად იგრძნობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება, რაც, მათ შორის, გამოიხატება სკოლის მართვის ორგანოების დაკომპლექტების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლით.
სკოლის მართვის ორგანოებია სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია. დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისაგან, საიდანაც 3 წევრი აირჩევა მოსამართლეთა კონფერენციაზე, ხოლო 4 წევრს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელი საბჭო განსაზღვრავს სკოლის ძირითად მიმართულებებს, კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს მათ აღსრულებას. ხოლო, სკოლის დირექცია პასუხისმგებელია სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაზე. იგი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, სასწავლო, სტაჟირების და გადამზადების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობებს.
რაც შეეხება სკოლაში მიღებას, იუსტიციის მსმენელად მიღება ხდება საჯარო კონკურსის წესით, რომლის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
სკოლაში მიღების პირველი ეტაპია კანდიდატთა რეგისტრაცია, რა დროსაც დამოუკიდებელი საბჭო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოთხოვნებს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. თუ რომელიმე კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, დამოუკიდებელი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ თითოეულ კანდიდატთან დამოუკიდებელი საბჭო ატარებს გასაუბრებას დახურულ სხდომაზე. იუსტიციის მსმენელად ირიცხება კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ მსმენელად ჩარიცხვის ეტაპია, რის შემდეგადაც იწყება სწავლების პროცესი. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვეს შეადგენს. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.
I – თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსმენელს უწევს თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარება. ტარდება ორ ეტაპად - ტესტური და ზეპირი ფორმით. ტესტური გამოცდის მაქსიმალური შეფასება 70 ქულაა და ჩაბარებულად ითვლება, თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 50 ქულას. ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასება 30 ქულაა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 20 ქულას.
II – თეორიული და ზეპირი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მსმენელი გადადის სტაჟირების ეტაპზე. სტაჟირების კოორდინატორი ყოველდღიურად ქულობრივად აფასებს იუსტიციის მსმენელის მიერ შესრულებულ სამუშაოს და აწარმოებს სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შეფასების ჟურნალს. იუსტიციის მსმენელი ფასდება ერთქულიანი სისტემით. იმისთვის, რომ სტაჟირება იუსტიციის მსმენელის მიერ წარმატებით გავლილად ჩაითვალოს, საჭიროა, მან მაქსიმალური ქულის არანაკლებ 2/3-ის დაგროვება შეძლოს.
III – სკოლის მსმენელისთვის ბოლო ეტაპი სემინარული მუშაობაა, რომლის დასრულების შემდეგაც თითოეულ მსმენელს უწევს დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარება. დამამთავრებელი გამოცდის მაქსიმალური შეფასების ქულაა 100, ხოლო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მსმენელი მოაგროვებს არანაკლებ 85 ქულას.
შესაბამისად, იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვა, ისევე როგორც სკოლის გავლა და წარმატებით დასრულება, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არაერთ ეტაპს თუ გამოცდას მოიცავს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების თანახმად, მსმენელს აქვს თეორიული კურსისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდების შედეგების გასაჩივრების უფლება.
ტესტური გამოცდის შედეგების გადასინჯვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა არანაკლებ 45 ქულა. ზეპირი გამოცდის შედეგების გადასინჯვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი მიიღებს 20 ქულაზე ნაკლებს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა არანაკლებ 80 ქულა.
რაც შეეხება საჩივრის განხილვას, ქულათა გადასინჯვა ხდება საპრეტენზიო კომისიის მიერ. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და შედგება არანაკლებ 3 წევრისგან. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი, გარდა ზეპირი გამოცდის შედეგების გადასინჯვისა.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგი ეტაპი თავად მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაა.
ბუნებრივია, მოსამართლეობამდე გასავლელი საფეხურების მსგავსად, ძალაუფლება და გავლენა დიდწილად ამ შემთხვევაშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას წარმართავს. პირს მოსამართლის თანამდებობაზე, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ორგანული კანონი პირისთვის უარის თქმის შემთხვევაში ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს საჩივარს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებასა/წარდგინებასა.
პირს უფლება აქვს, მოსამართლის თანამდებობაზე მის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება, ის ხელახლა განსახილველად უბრუნდება საბჭოს, რომელიც ვალდებულია, ხელახლა იმსჯელოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე. თუ ხელახალი მსჯელობის შემდეგ საბჭომ კვლავ უარი განუცხადა პირს მოსამართლედ გამწესებაზე, კანდიდატს უფლება აქვს, საბჭოს გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივროს საკვალიფიკაციო პალატაში.
მოსამართლეობისაკენ მიმავალ გზაზე არსებული გასაჩივრების მექანიზმები თითქოს მოჯადოებული წრეა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება ატრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის განმხილველი ორგანოები დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები უნდა იყვნენ, საჩივრის განმხილველი ორგანოების ფორმირების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენები და როლი ნაკლებად იძლევა სრული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოლოდინს.
თუმცა, იქნებ ეს მოლოდინები სრულიადაც უადგილოა და გასაჩივრების მექანიზმი მართლაც ეფექტურია? კითხვაზე პასუხი უმჯობესია ციფრებში ვეძიოთ. მაგალითისთვის: 2012-2022 წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო 33 ადმინისტრაციულ დავაში წარმოადგენდა მხარეს; დავა, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და მოსამართლეთა კონკურსის საკითხებს. 33 საქმიდან ყველა, გარდა ერთი დავისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასარგებლოდ დასრულდა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განსხვავებული სურათი არც საკვალიფიკაციო პალატის მიერ განხილული საქმეების შემთხვევაში გვხვდება. საკვალიფიკაციო პალატაში მიმდინარე საქმეები, როგორც წესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სასარგებლო შედეგებით სრულდება. რაც აჩენს კითხვას, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად (რომელიც კვლავ საჭიროებს დახვეწას), რა შეიცვალა მოსამართლეობის მსურველებისთვის?
დღეისათვის სასამართლოში 100-ზე მეტი ვაკანსიაა, თუმცა მოსამართლეობის მსურველები რაოდენობა როგორც კონკურსებზე დაკვირვება აჩვენებს, ძალიან დაბალია, რაც სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული. ჩვენი შეფასებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მოსამართლეობის მსურველს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ მისი ინტერესები ეფექტიანად დაიცვას სამართლებრივი გზებით. შესაბამისად, ერთია, თუ რამდენად არსებობს გასაჩივრების მექანიზმები, ხოლო მეორე – გასაჩივრების მექანიზმების რეალური ქმედითობა.
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.