რა შეცვალა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის შექმნამ?

20.02.2023

პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებაა. 

მოსამართლეობის კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უარი ეთქვა მოსამართლედ დანიშვნაზე, შეუძლია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
 
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა 2014 წელს შეიქმნა. ის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 354, 365 და 366 დადგენილი წესით განიხილავს იმ კანდიდატთა საჩივრებს რომელთაც:

  • უარი ეთქვათ თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებაზე; 
  • უარი ეთქვათ თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე.


ვინაიდან უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს საჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ორგანული კანონი კრძალავს, ერთსა და იმავე პირს ერთდროულად ეკავოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის თანამდებობა. 

საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობა და დაკომპლექტება


საკვალიფიკაციო პალატაში 3 წევრია, რომელთაც 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საკვალიფიკაციო პალატის წევრის ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება პლენუმის ნებისმიერ წევრს აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი, არაუმეტეს 6 თვის ვადით. 

საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კიდევ ერთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს: როდესაც საკვალიფიკაციო პალატის წევრს კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი, ის ვალდებულია, ამ საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას. ასეთ ვითარებაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 

საკვალიფაკაციო პალატის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით. 

რამდენად გაამართლა საკვალიფიკაციო პალატამ პოზიტიური მოლოდინი?

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმის, შექმნა პროგრესული ინიციატივა იყო, რომელმაც გააჩინა მოლოდინი, რომ სამოსამართლო კონკურსებში მეტად იქნებოდა უზრუნველყოფილი სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპები. თუმცა საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივრების განხილვის პრაქტიკა საპირისპირო სურათს წარმოაჩენს.

2017-2021 წლებში საკვალიფიკაციო პალატაში განსახილველად შევიდა 11 საჩივარი, რომელთაგან 4 არ დაკმაყოფილდა, 5 საქმე კი პალატამ წარმოებაში არ მიიღო. 

11-იდან 4 საჩივარი ეკუთვნოდათ კანდიდატებს, რომლებიც კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდნენ, საკვალიფიკაციო პალატამ კი უარი თქვა მათი საჩივრების წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ კანდიდატებს, რომლებიც კენჭისყრის ეტაპზე არ იყვნენ დაშვებულნი, არ ჰქონდათ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კანდიდატის უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება შერჩევის მთლიანი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე და არა მხოლოდ კენჭისყრის ეტაპზე მიღებულ უარზე.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სამოსამართლო კონკურსის მონაწილენი ნაკლებად იყენებენ კონკურსის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს. ამას ადასტურებს 2014 წლიდან დღემდე საკვალიფიკაციო პალატისთვის მიმართვიანობის მწირი სტატისტიკა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაშიც, საკვალიფიკაციო პალატა ან წარმოებაში საერთოდ არ იღებს საქმეს, ან უცვლელად ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე