08.02.2024

ადმინისტრაციული სამართლის 5 საქმე, რომელთა განხილვასაც დიდი დრო დასჭირდა


სასამართლოს გადატვირთულობა საქართველოსთვის მწვავე და დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. „დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მასზე უარის თქმის ტოლფასია. სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების მიუხედავად, საქმის განხილვის გაჭიანურებამ შესაძლოა, საერთოდ აზრი დაუკარგოს დამდგარ შედეგს. ამ მიზეზით, მოქალაქეებმა შესაძლოა, უარიც კი თქვან სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე.“ 
„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ დაამუშავა მონაცემები 50-მდე ადმინისტრაციული საქმეზე, თუ რა დრო დასჭირდა ამ საქმეების განხილვას პირველი ინსტანციიდან საბოლოო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სტატიაში განხილული იქნება იმ საქმეების შინაარსი და სამართალწარმოების ეტაპები, რომელთა განხილვასაც, გამოკვლეული საქმეებიდან, ყველაზე დიდი დრო დასჭირდა.

საქმე №ბს-376(კ-22)

მოსარჩელეებმა თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს სარჩელით 2007 წელს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2022 წლის 18 ოქტომბერს გამოიტანა და საქმე (ნაწილობრივ) ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ამდენად, დაახლოებით 15 წლის შემდეგაც კი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიისგან.
„მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2007 წლამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ჰქონდათ საკუთრების უფლება 154 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 494 კვ.მ. შენობაზე წილების შესაბამისად. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ შენობა აშენდა კანონიერად, ნებართვის საფუძველზე და 2003 წელს მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. შემდგომ, 2007 წლის 30 იანვარს ქ. თბილისის მერიის მიერ განხორციელდა შენობის დემონტაჟი, რაც უკანონო იყო. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია წერილობითი გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის შესახებ, ამასთან, არც ზიანის გამომწვევი ქმედების განხორციელებამდე და არც მისი განხორციელების შემდეგ მესაკუთრეებისთვის არ განუმარტავთ შენობის დანგრევის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, მესაკუთრეებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო საქმიანობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.“
პირველი ინსტანცია:
მოსარჩელეებმა 2007 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 2009 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მეორე ინსტანცია:
მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. მოსარჩელეები ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე მოპასუხემ, ქ. თბილისის მერიამ. მოპასუხე ითხოვდა სარჩელების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით:
  • არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ლ. ხ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები (სხვა მოსარჩელეთა საჩივრები განჩინებებით განუხილველად იქნა დატოვებულ ხარვეზის შეუვსებლობის გამო);
  • მოპასუხის, ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2009 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელეთა (იმ ნაწილის, ვისი სარჩელიც დასაშვები იქნა) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მესამე ინსტანცია:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. კ-ის, ლ. ხ-ის და ლ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჩ-ის, გ. კ-ისა და ლ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სასამართლოს.

საქმე №ბს-1245(2კ-18)

თავდაპირველად მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა სარჩელით 2016 წლის 11 აგვისტოს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება თითქმის 8 წლის შემდეგ, 2022 წლის 12 ოქტომბერს გამოიტანა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

სასარჩელო მოთხოვნა:
მოთხოვნის შინაარსი იყო ფინანსთა სამინისტროსათვის ისეთი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნება ქ. თბილისის მერიისათვის მიზნობრივი დანიშნულებით 5 730 000 მანეთის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა (სს „ლ...ს“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად).
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პირველი ინსტანცია: 
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 11 აგვისტოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მეორე ინსტანცია:
მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მესამე ინსტანცია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც თავდაპირველი მოსარჩელის, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „ლ...ს“ (თავდაპირველი მოსარჩელე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმე №ბს-281-279 (კ-16)

თავდაპირველად მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით 2013 წლის 28 მარტს, თუმცა ამ საქმეზე სასამართლო განხილვები თითქმის 9 წლის შემდეგაც მიმდინარეობდა და საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016 წლის გადაწყვეტილება) ბოლო გადაწყვეტილება 2022 წლის 22 მარტს მიიღო.
სასარჩელო მოთხოვნა:
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 5 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და კერძო აღმასრულებელ მ. ზ-ეის მიერ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების უკანონოდ ცნობა.

პირველი ინსტანცია: 
მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტს მიმართა სარჩელით, მოპასუხეების მ. ზ-ეის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს „...“-ს წინააღმდეგ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. მ-ეის სარჩელი დააკმაყოფილა.

მეორე ინსტანცია:
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მესამე ინსტანცია:
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საკასაციო სასამართლოს 2015 წელის 29 ოქტომბრის განჩინებით, გ. ა-ეის, მ. ზ-ეის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, „გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს“. 

ხელახალი განხილვის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გ. ა-ეის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლის - მ. ზ-ეის სააპელაციო საჩივრები დააკმაყოფილა 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით. 

ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, გ. ა-ის და მ. ზ-ის სარჩელების განხილვას სამივე ინსტანციაში, დაახლოებით, 3 წელი დასჭირდა, თუმცა შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა მიღებული გადაწყვეტილება კასატორის, მ. მ-ეის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. საბოლოოდ კი, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, მ. მ-ეის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი ხელახალი გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის 6 წლის შემდეგ, 2022 წლის 22 მარტს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქმე №ბს-243(კ-20)

მოსარჩელემ თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა სარჩელით 2015 წლის 1-ელ ივლისს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება თითქმის 7 წლის შემდეგ, 2022 წლის 17 მარტს მიიღო.
სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ა...სათვის“ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 2008 წლის 14 მარტის №12 საოქმო გადაწყვეტილების №11 პუნქტის ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანცია: 
მოსარჩელემ 2015 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ტ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მეორე ინსტანცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ტ.ნ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით, ტ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 

მესამე ინსტანცია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ტ.ნ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტ.ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქმე №ბს-142(კ-19)

მოსარჩელემ თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა 2016 წლის 11 თებერვალს, ხოლო საბოლოო ინსტანციამ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თითქმის 6 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სასარჩელო მოთხოვნა:
ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 სექტემბრის №23.25.913 დადგენილების, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 2 ნოემბრის №E-11-6122 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა (ადმინისტრაციული დაპირება) და 2013 წლის 13 მაისის №2183 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანცია: 
მოსარჩელემ 2016 წლის 11 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნის და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიუთითა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მეორე ინსტანცია:
ვ. ფ-იმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 

მესამე ინსტანცია:
ვ. ფ-იმ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო სასამართლომ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
მეგი შამათავა