2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ამავე დღეს დააკავეს კომიკოსი ონისე ცხადაძე.
თუმცა დაკავებებს წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამ განცხადებამ, ცხადია, უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც გამოიხატა მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, გაფიცვებით… მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც გაფიცულ მსახიობებს შორის არის.
სამართლიან პროტესტს უსამართლო პასუხი მოჰყვა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადამიანების დაკავებებითა თუ ფიზიკური ძალადობებით.
ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის შემთხვევა სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში მოექცა. საქართველოს პროკურატურა მათ და კიდევ რამდენიმე პირს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება. უფრო კონკრეტულად, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.
2024 წლის 7 დეკემბერს იყო ბრალდებულების პირველი წარდგენა სასამართლოს წინაშე. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
სასამართლო პროცესი ემოციური იყო როგორც დაკავებულების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, ასევე დამკვირვებლებისა თუ, უბრალოდ, დაინტერესებული პირებისთვისაც. მთელი დღის ლოდინის შემდეგ საბრალდებო სკამზე 6 ბრალდებული ვიხილეთ, რომლებიც იმ ზღვარს მიღმა მყოფნიც ცდილობდნენ, საკუთარი დედები, მამები, ცოლები, ძმები და დები გაემხნევებინათ ხან ღიმილით, ხანაც ჩუმი მისალმებით, მაგრამ არ გამოსდიოდათ, რადგან დარბაზში ყველას თვალები ცრემლიანი ჰქონდა, მზერა გაბრაზებული და ტუჩები გაფითრებული… ან სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?!
მოსამართლემ ერთდროულად განიხილა 6 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა. თავის მხრივ, ერთი შინაარსის შუამდგომლობა, ერთნაირი დრამატურგიითა და რისკებით, ერთნაირი ამოსუნთქვით წაიკითხა ბრალდების მხარემ, ყოველგვარი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე. არ ვიცი, ალბათ ისე დაემთხვა, რომ ამ 6 ბრალდებულს ერთნაირი შესაძლებლობა ჰქონდა მიმალვის, მტკიცებულების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების; ექვსივეს ერთნაირად წარმატებით შეეძლო, თურმე, ყოველივე ეს, ამიტომ, პატიმრობის გარდა, სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების განხილვა, თურმე, აზრს კარგავდა, ასე ამბობდნენ. მოსამართლემაც ვერ ნახა სხვა გზა და... აბა, რაღას იზამდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სხვა გზა არ დარჩენიათ, თურმე, არც პროკურატურას და არც სასამართლოს, თორემ აბა, ისე ხომ სულ ცდილობენ-ხოლმე გამოსავლის პოვნას, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას და ამ ერთხელ არ ეცდებოდნენ, განა?!
სხდომის დაწყებას რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდა, შეიძლება - რამდენიმე ასეულიც კი, რთული იყო ამის აღქმა, რადგან პროცესზე მოსახვედრად წინა რიგებში დამჭირდა დგომა. სხდომაზე დასწრების მსურველთა სიმრავლის მიუხედავად, სასამართლოში ყველაზე დიდი დარბაზი მაინც ჩაკეტილი იყო და ამ საქმეს მხოლოდ 50 ადამიანზე გათვლილი დარბაზი დაეთმო. აღსანიშნავია ისიც, რომ დარბაზის თითქმის ½ პოლიციელებმა დაიკავეს, უსაფრთხოებისთვის - იქ მისული ხალხი ხომ ძალიან „საშიში“ იყო.
ასე თუ ისე, ბრალდებულების ოჯახების თითო წევრმა მაინც მოახერხა შემოსვლა, სხვები გარეთ დარჩნენ. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა სთხოვეს მოსამართლეს, რომ იქნებ დიდი დარბაზი (150 ადამიანს იტევს) დაეთმოთ ამ საქმისთვის, თუმცა მოსამართლემ დარბაზში მხოლოდ 1 სკამის დამატება ითხოვა და ასე გადაჭრა პრობლემა. ის არგუმენტი, რომ სასამართლოში სხვა სხდომებიც იმართება და ამიტომ შეუძლებელია ამ სხდომის დიდ დარბაზში გამართვა, დაუჯერებელია, რადგან ყველაზე დიდი დარბაზი, უბრალოდ, ჩაკეტილი იყო და, ალბათ, გადანახულიც უფრო მეტი ბრალდებულისთვის, სადაც პოლიციელიც ბევრად მეტი იქნება. თანაც, დარბაზსაც ხომ ახასიათებს ცვეთა - სკამი რომ გაფუჭდეს, ნათურა გადაიწვას, კარი რომ უხეშად მოიხუროს ვინმემ და დააზიანოს, მერე?!
სხდომის დაწყების პირველივე წუთებში თავი საკლასო ოთახში გეგონებოდათ - აბა, სხვა რა ასოციაცია უნდა გამოეწვია სხდომის მდივნის თხოვნას, ბრალდებულების სახელებს ჩამოვთვლი და მიპასუხეთ, რომ აქ ხართო; ბრალდებული სხვაგან სად იქნებოდა?!
სხდომის შემდგომი ეტაპი პროკურატურის მხრიდან ფორმალური, იდენტური ტექსტით და ადვოკატების მყარი პოზიციით გაგრძელდა. ყველა შემთხვევაზე, როდესაც პროკურორები საუბრობდნენ ჯოხის სროლაზე, დარბაზში სევდანარევი ჩაცინება ისმოდა. გაუგებარი იყო, რატომ ჩამოთვალა პროკურორმა, მტკიცებულებებთან ერთად, ანდრო ჭიჭინაძეს სახლიდან ამოღებული ნივთიერება, მაშინ როდესაც, ადვოკატის თქმით, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. გაუგებარი იყო, რით ასაბუთებდა ლუკა ჯაბუას (ერთ-ერთი ბრალდებული) მიმალვის საფრთხეს პროკურორი, როდესაც მას პასპორტიც კი არ ჰქონდა და ფინანსური სიდუხჭირის გამო სტუდენტის სტატუსიც შეუჩერდა, რადგან სწავლის გადასახადი ვერ გადაიხადა, არც ნაცნობები ჰყავს საზღვარგარეთ და არც აქამდე უმოგზაურია. გაუგებარი იყო, რა შუაშია რეციდივი, რომელზეც პროკურატურა უთითებდა და საერთოდ ყველა გაუგებარ არგუმენტზე ადვოკატების ხანგრძლივ, დეტალურ დაზუსტებულ პასუხებზე და პოზიციებზე პროკურორების რეაქცია „მძიმედ სუნთქვით“ გამოიხატებოდა. საინტერესოა, კონდიციონერის მაღალი ტემპერატურა აწუხებდათ, თუ სინდისი?!
მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება, დაკმაყოფილებულიყო პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. აქვე, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. მოსამართლემ ეს საფრთხეები დაინახა.
ამდენად, ექვსივე ბრალდებული: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია და გურამ მირცხულავა ოთხ კედელში გამომწყვდეული შეხვდება ახალ წელს, ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების გარეშე.