ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - 13 წელი საქართველოში

07.03.2024

„მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული.“
ილია ჭავჭავაძე


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩამოყალიბება პირველი რესპუბლიკის მონაპოვარია. საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1919 წლის 17 იანვარს მიღებულ იქნა დებულება ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 1921 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის 81-ე მუხლში ქვეყნის უმაღლესი კანონის დონეზე განისაზღვრა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მძიმე სისხლის სამართლის და, აგრეთვე, პოლიტიკური და ბეჭდვითი დანაშაულისათვის. ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო არ შედიოდა. შესაბამისად, სხვა მრავალი ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის წართმევის შემდეგ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არსებობა შეწყვიტა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა 2010 წლის ოქტომბრიდან, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში დაიწყო. თავდაპირველად ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდნენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში. ამჟამად კი, მოქმედი კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები ამოქმედებულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში.

შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მე-14 წელია, რაც მოქმედებს. ინფორმაციის სახით, გთავაზობთ 13 წლის მონაცემებს (2011-2023) ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების შესახებ.

ამ 13 წლის განმავლობაში ნაფიცმა მსაჯულებმა სულ განიხილეს 88 სისხლის სამართლის საქმე 105 პირის მიმართ. 34 პირის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი დადგა, ხოლო 71 შემთხვევაში – გამამტყუნებელი. ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობით თბილისის საქალაქო სასამართლო ლიდერობს.

2011-2021 წლების სტატისტიკა ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე არსებულ მონაცემებს, ხოლო 2022-2023 წლების მონაცემები „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიიღო. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - მონაცემები by Salome Kvirikashvili

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ:

რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: სალომე კვირიკაშვილი