პირობითი მსჯავრი

08.05.2024

პირობითი მსჯავრი არის დანიშნული სასჯელის პირობითი გამოყენება. იგი არ არის სასჯელის სახე. შეიძლება ითქვას, რომ პირობითი მსჯავრი  „გაყინული“ სასჯელია, რომელიც მსჯავრდებულს დაეკისრება, თუ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდენს დანაშაულს. ნებისმიერი სასჯელი  შეიძლება პირობითად ჩაითვალოს, მათ შორის – არასაპატიმრო სასჯელიც.

პირობითი მსჯავრი განსხვავდება გამოსაცდელი ვადისგან. პირობითი მსჯავრი ამოქმედდება გამოსაცდელი ვადის პერიოდში ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მაგალითად, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეიძლება ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადად განესაზღვროს 5 წელი. თუ მსჯავრდადებული 5 წლის განმავლობაში, ანუ გამოსაცდელი ვადის პერიოდში არ ჩაიდენს დანაშაულს, 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც პირობითად ჩაეთვალა) გაუქმდება.

იმავე მაგალითის პირობებში, თუ მსჯავრდადებული 5-წლიანი გამოსაცდელი ვადის მეოთხე წელს ჩაიდენს დანაშაულს, გავლილი 4-წლიანი გამოსაცდელი ვადის მიუხედავად, პირობითი მოხდილად არ ჩაეთვლება და ვალდებული იქნება, მოიხადოს 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.

პირობით მსჯავრდადებულის ყოფაქცევას აკონტროლებს და მას დახმარებას უწევს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. თუ პირობით მსჯავრდადებული სამხედრო მოსამსახურეა, ამ ფუნქციას მის მიმართ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ასრულებს.

ამდენად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

კანონის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, მაგალითად ვალდებულება, რომ მსჯავრდებულმა: 

  • პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
  • მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს;
  • გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის... მკურნალობის კურსი;
  • სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

აგრეთვე, პირობითი მსჯავრის დროს მსჯავრდებულს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი სასჯელი. 

გამოსაცდელი ვადა:

  • თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას ვადა უნდა იყოს, მინიმუმ, 1 წლიდან, მაქსიმუმ, 3 წლამდე;
  • თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – მინიმუმ, 1 წლიდან, მაქსიმუმ, 6 წლამდე;
  • დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას – მინიმუმ, 2 წლიდან, მაქსიმუმ, 6 წლამდე;
  • თავისუფლების უვადო აღკვეთის დროს, როდესაც პირმა მოიხადა 20 წელი და ამის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდა – მინიმუმ, 2 წლიდან, მაქსიმუმ, 7 წლამდე.

ძველი კანონმდებლობით, მოსამართლეს შეეძლო, საკუთარი ინიციატივით ჩაეთვალა მსჯავრდებულისთვის სასჯელი პირობითად, თუმცა დღეს მოქმედი რედაქციით, მოსამართლის ეს უფლება გარკვეულ პირობებს უკავშირდება, კერძოდ, პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველია მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ასეთ დროს სასამართლო უფლებამოსილია დანაშაულის სასჯელი ჩათვალოს პირობითად.

საპროცესო შეთანხმების არსებობის პირობებში – არ აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაულს ედავება ბრალდება მსჯავრდებულს, – მოსამართლეს ყველა შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს პირობითი მსჯავრი, გარდა გამონაკლისებისა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის სქესობრივი დანაშაული:

  •  გაუპატიურება;
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება;
  • პირის სხეულში სხვაგვარი სექსუალური ხასიათის შეღწევა ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება;
  • არაძალადობრივი ხასიათის სქესობრივი დანაშაული - გარყვნილი ქმედება;
  • ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველ პირთან;
  • პროსტიტუციაში ჩაბმა;
  • პროსტიტუციის ხელშეწყობა;
  • პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება;
  • არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში;
  • არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის.

მოსამართლეს შეუძლია, საპროცესო შეთანხმების გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს პირობითი მსჯავრი იმ შემთხვევაში, თუ:

  • მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული ან გაუფრთხილებელი დანაშაული;
  • აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან;
  • წარსულში არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი.

თუ მსჯავრდადებული წარსულში ნასამართლევი იყო 2 ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, პირობითი მსჯავრის გამოყენება დაუშვებელია. ასევე, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

პირობითი მსჯავრის საკითხი არასრულწლოვანებთან მიმართებით
თუ არასრულწლოვანი, რომელიც არ ყოფილა ნასამართლევი განზრახი დანაშაულისთვის, ჩაიდენს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელი პირობითად ჩაუთვალოს.

პირობითი მსჯავრის შეცვლა, გაუქმება, გაგრძელება,  სამოქალაქო შეთანხმება

პირობითი მსჯავრის ბრალდებულის სასარგებლოდ გაუქმება

თუ პირობითი მსჯავრდადებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს, რომ გამოსწორდა, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას   პირობითი მსჯავრდადებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ, პირობითი მსჯავრდადებულის ყოფა-ქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. თუ კომისია უარს იტყვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე, უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს.  ამ საკითხს ადრე მოსამართლე იხილავდა.

პირობითი მსჯავრის ბრალდებულის საუარესოდ გაუქმება

თუ მსჯავრდადებული არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არ ცხადდება პრობაციის ბიუროში და სხვა, მაშინ პრობაციის ბიურო უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს პირობითი მსჯავრის გაუქმება და დანიშნული სასჯელის აღსრულება. სასამართლოს უფლება აქვს, გააუქმოს ან დატოვოს პირობითი მსჯავრი.

თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გააუქმოს პირობითი მსჯავრი ან დატოვოს ძალაში.

თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა სხვა ახალი განზრახი დანაშაული, პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნავს სასჯელს (პირობითი მსჯავრის დროს დანიშნული სასჯელი და ახალი განზრახი დანაშაულის სასჯელის ერთობლიობა). 

არსებობს გამონაკლისიც: თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე და პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვება. 

სასამართლოს მიერ გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/ შემცირება

ადრე მოქმედი კანონმდებლობით, გამოსაცდელი ვადის გაგრძელების და შემცირების საკითხი არ იყო გათვალისწინებული. დღეის მდგომარეობით, პრობაციის ბიუროს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს პირობითი მსჯავრის დროს დანიშნული გამოსაცდელი ვადის გაგრძელების ან შემცირების შესახებ.

თუ მსჯავრდადებული ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, პრობაციის ბიურო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს გამოსაცდელი ვადის შემცირებას. ის, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს გამოსაცდელი ვადა , მოსამართლის გადასაწყვეტია.
თუ მსჯავრდადებული არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ პრობაციის ბიურო სასამართლოს მიმართავს გამოსაცდელი ვადის არაუმეტეს 1 წლით გაგრძელების შესახებ. ამ შემთხვევაში ვადა კანონით არის განსაზღვრული.

სამოქალაქო შეთანხმება

პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობითი მსჯავრდადებული ნათლად შეასრულებს სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრულ მოვალეობებს. ამასთან, არ უნდა არსებობდეს კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები და სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ. გარდა ამისა, მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. 

სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაზე  ზედამხედველობას პრობაციის ბიურო ახორციელებს. პრობაციის ბიურო პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო შეთანხმება და საპროცესო შეთანხმება ერთმანეთისგან განსხვავდება; საპროცესო შეთანხმება სასჯელის დანიშვნამდე ფორმდება.

სტატისტიკის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს პირობითი მსჯავრის გამოყენების ძალიან მაღალი მაჩვენებლია, რასაც მოწმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირობითი მსჯავრის არსის სწორად გააზრება.

პირობითი მსჯავრის გამოყენების სტატისტიკა, 2012-2022 წლები

2012 წელი

სულ მსჯავრდადებულია 10922 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 5305 პირის მიმართ, რაც 48.5%-ს შეადგენს;

2013 წელი 

სულ მსჯავრდადებულია 15166  პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია  8639  პირის მიმართ, რაც 57%-ს შეადგენს;

2014 წელი

 სულ მსჯავრდადებულია 16776  პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია  7581 პირის მიმართ, რაც 45.2%-ს შეადგენს;

2015 წელი

 სულ მსჯავრდადებულია 15139 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 6922 პირის მიმართ, რაც 45.7%-ს შეადგენს;

2016 წელი

 სულ მსჯავრდადებულია 15640  პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია  6730 პირის მიმართ, რაც 43%-ს შეადგენს;

2017 წელი 

სულ მსჯავრდადებულია 14517 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 6461 პირის მიმართ, რაც 44,5%-ს შეადგენს;

2018 წელი

სულ მსჯავრდადებულია 15846 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 7740 პირის მიმართ, რაც  48.8 %-ს შეადგენს;

2019 წელი

 სულ მსჯავრდადებულია 16748 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 8291 პირის მიმართ, რაც 49.5 %-ს შეადგენს;

2020 წელი

სულ მსჯავრდადებულია 12980 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 6556 პირის მიმართ, რაც 50.5%-ს შეადგენს;

2021 წელი 

სულ მსჯავრდადებულია 15412 პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია 8242  პირის მიმართ, რაც 53.5 %-ს შეადგენს;

2022 წელი

სულ მსჯავრდადებულია 18850  პირი, მათგან პირობითი მსჯავრი გამოყენებულია  9785 პირის მიმართ, რაც 51.9 %-ს შეადგენს.


 
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა