სასჯელი პირს დაენიშნება, თუ მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა დანაშაულის მოტივი, მიზანი, წარსული ქმედება და სხვ. ადრე მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც დამამძიმებლად მიიჩნეოდა. დღეის მდგომარეობით, კოდექსი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება, პირობითად ორ ნაწილად დაიყოს:
- დანაშაულის ჩადენა კანის ფერის, რასის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებების, და სხვა ნიშნით.
- დანაშაულის ჩადენა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ;
- არასრულწლოვანის მიმართ;
- განსაკუთრებული სისასტიკით
- და ა.შ.
შემამსუბუქებელი გარემოებები კანონით არ არის გაწერილი და შესაბამისად მოსამართლე წყვეტს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას აუცილებელია შემდეგი წესის გათვალისწინება: თუ კონკრეტულ მუხლში ან მუხლის ნაწილში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს შორის არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები, ისინი ცალკე, დამატებითად სასჯელის დანიშვნის დროს აღარ მიიღება მხედველობაში. დამატებით პირის სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება არ უნდა მოხდეს იმავე გარემოებებით, რომლებიც მუხლის შინაარსში უკვე გათვალისწინებულია; ხოლო თუ მუხლი დამამძიმებელ ან შემამსუბუქებელ გარემოებებს არ მოიცავს, მაგრამ ისინი არსებობს, მაშინ ხდება მათი გათვალისწინება სასჯელის დანიშვნის დროს.
თუკი პირს ენიშნება სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და დანაშაული შეიცავს დამამძიმებელ ნიშნებს, მაშინ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს ემატება 1 წელი (ანუ ასეთ შემთხვევაში სასჯელის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება მინიმალურ სასჯელს + 1 წლით), თუმცა თუ ეს დამამძიმებელი ნიშანი დანაშაულის მაკვალიფიცირებელია ანუ მუხლი (კონკრეტული ნაწილი და ქვეპუნქტი) ისედაც მოიცავს ამ დამამძიმებელ გარემოებას, მაშინ ზემოთ მითითებული წესი – „მინიმალურ ზღვარს +1 წელი“ – არ გამოიყენება.
რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს: თუ პირი დანაშაულის შემდეგ ცხადდება ბრალის აღიარებით, ხელს უწყობს დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, ანუ თუ ეს სამივე პირობა კუმულატიურად (ერთად) არსებობს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური სასჯელის 3/4-ს.
როდესაც კონკრეტული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია რამდენიმე სახის სასჯელი, უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისთვის, დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, ამსრულებლისთვის
დაუმთავრებელი დანაშაული არის დანაშაულის მომზადება და მცდელობა, ანუ დანაშაულის ის წინარე ეტაპი, რა დროსაც დასრულებული არ არის ქმედება ან მხოლოდ ქმედების განხორციელებისთვის მომზადების პროცესია. დაუმთავრებელი დანაშაულის დროს სასჯელის დანიშვნა სხვაგვარად წესრიგდებოდა, კერძოდ:
- დანაშაულის მომზადების დროს სასჯელის ზომა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმალური სასჯელის ნახევარზე მეტი;
- მცდელობის შემთხვევაში სასჯელის ზომა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმალური სასჯელის ¾ ზე მეტი.
დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული მსგავსი „შეზღუდვა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ მცდელობისთვისაც და მომზადებისთვისაც შეიძლება დანიშნოს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი.
დაუმთავრებელი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას კანონში არის ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერი:
- მხედველობაში მიიღება ის გარემოება(ები), რის გამოც დანაშაული ვერ დასრულდა;
- არ შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა დანაშაულის მომზადებისა და მცდელობისთვის.
სასჯელის დანიშვნა რეციდივის, დანაშაულთა ერთობლიობის და განაჩენთა ერთობლიობის დროს
რეციდივი არის განზრახი დანაშაულისთვის წინათ ნასამართლევი პირის მიერ კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენა. თუ პირი ნასამართლევია გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის და შემდგომ ჩაიდენს განზრახ დანაშაულს, ეს მოცემულობა არ იძლევა რეციდივს. გარდა ამისა, ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
არაერთგზისობა რეციდივისგან იმით განსხვავდება, რომ არაერთგზისობის შემთხვევაში პირი იმავე მუხლით უნდა იყოს ნასამართლევი, რა დანაშაულსაც ხელახლა ჩაიდენს ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.
ყველა განზრახი დანაშაულის არაერთგზისობა არის რეციდივიც, თუმცა ყველა რეციდივი არაერთგზისობა არ არის.
დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მოქმედებს შემდეგი წესი: დანაშაულისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს უნდა დაემატოს 1 წელი. ანუ თუკი კონკრეტული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია, მინიმუმ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რეციდივის დროს მინიმალური სასჯელი შეიძლება იყოს 3+1 წელი. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნასამართლობა ანუ ის მდგომარეობა, როცა პირს ადრე ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული და ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული, ისედაც მოიაზრება დანაშაულის მუხლში (კონკრეტულ პუნქტში), სხვაგვარად რომ ვთქვათ – თუ ნასამართლობა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, მაშინ ეს წესი არ მოქმედებს, რადგან ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი ისედაც ამძიმებს.
დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა
დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს რამდენიმე დანაშაულის ერთობლივად ჩადენას. ასეთ დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.
ადრე მოქმედი კანონმდებლობით, გამოიყენებოდა სრული შეკრების წესი და დანაშაულთა ერთობლიობის დროს მოსამართლე ვალდებული იყო, პირის მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ყველა დანაშაულით გათვალისწინებული სასჯელი შეეკრიბა. დღეს მოქმედი წესის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი სხვაგვარად ინიშნება, კერძოდ:
2019 წლიდან მოქმედებს სასჯელის შთანთქმის წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაზე მკაცრი სასჯელი შთანთქავს სხვა სასჯელს (თუ პირს რამდენიმე დანაშაულთან მიმართებით დაენიშნა სასჯელი).
დანაშაულის რეციდივის დროს, როდესაც ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული, მოქმედებს სასჯელის დანიშვნის 3 წესი:
- სასჯელის სრული შეკრების წესი;
- ნაწილობრივ შეკრების წესი;
- შთანთქმის წესი.
მოსამართლეს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი წესი გამოიყენოს. თუ მოსამართლე გამოიყენებს სასჯელის შეკრების წესს, ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულს შეიძლება დააკისროს მაქსიმალური სასჯელი 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს მოქმედებს ასევე 3 წესი:
- სასჯელის სრული შეკრების წესი;
- ნაწილობრივ შეკრების წესი;
- შთანთქმის წესი.
განაჩენთა ერთობლიობის დროს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენის/სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა ნაწილობრივ ან სრულად უნდა შთანთქას სხვა სასჯელი, თუ მოსამართლე იყენებს სრული ან ნაწილობრივი შთანთქმის წესს.
განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის ვადის ათვლა იწყება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, მაგალითად: თუ მსჯავრდებულის მისჯილი ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და აქედან 1 წელი უკვე მოხდილი აქვს, რა დროსაც სხვა დანაშაულისთვის განაჩენით მიესაჯა, მაგალითად, 3 წელი, მაშინ წინა სასჯელიდან დარჩენილ 1 წელს დაემატება ახალი სასჯელით განსაზღვრული 3 წელი და ვადის ათვლა ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყება.
ერთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ გაირკვა, რომ პირი დამნაშავეა სხვა დანაშაულის ჩადენაშიც, მაშინ ეს პირი არა განაჩენთა, არამედ დანაშაულთა ერთობლიობით უნდა გასამართლდეს.
თუ პირს პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი და ამ დროს ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასჯელის ათვლა დაიწყება ახალი დანაშაულის გამო დაკავების მომენტიდან.
განაჩენთა ერთობლიობის დროს შესაძლებელია დაინიშნოს არასაპატიმრო სასჯელი და ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვადა არ უნდა იყოს არასაპატიმრო სასჯელისთვის დაწესებულ მაქსიმალურ ვადაზე მეტი. მაგალითად: შინაპატიმრობა ინიშნება, მაქსიმუმ, 2 წლამდე და თუ მოსამართლე რამდენიმე დანაშაულთან მიმართებით პირს დაუნიშნავს შინაპატიმრობას, მათი ჯამი 2 წელს არ უნდა გასცდეს. იგივე წესი მოქმედებს დამატებით სასჯელებზეც.
დაუმთავრებელი დანაშაულის დროს სასჯელის დანიშვნის საკითხი შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:
- სასჯელი დაუმთავრებელი და დამთავრებული დანაშაულისთვის უნდა იყოს ერთნაირი, ვინაიდან ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენა ვერ დასრულდა, არ ცვლის ამ დანაშაულის საშიშროებას;
- სასჯელი დაუმთავრებელი და დამთავრებული დანაშაულისთვის უნდა განსხვავდებოდეს. დანაშაულის მომზადების შემთხვევა უნდა ისჯებოდეს ნაკლებად მკაცრად, ვიდრე მცდელობა, ვინაიდან მომზადება წარმოქმნის უფრო შორეულ საფრთხეს, მცდელობა კი კონკრეტულს და იმწუთიერს. ასევე, დამთავრებული დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე დაუმთავრებელი დანაშაულის დროს, ვინაიდან დამთავრებული დანაშაულის დროს მართლსაწინააღმდეგო შედეგი უკვე დადგა.
სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და დანაშაულის ამსრულებლობისთვის
დანაშაულში თანამონაწილეობის სახეებია: ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. ყველაზე მკაცრად ისჯება ორგანიზატორი, ვინაიდან სწორედ ის არის დანაშაულის ჩადენის მთავარი მონაწილე.
თანამონაწილეობის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლო ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ დანაშაულის ამსრულებელი და ორგანიზატორი ყოველთვის უფრო მკაცრად დაისჯებიან; ჯგუფის სხვა წევრი იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს უფრო მკაცრად, თუ მას აქვს სუბიექტური ნიშანი, რომელიც მის დანაშაულს ამძიმებს – მაგალითად, ნასამართლევია.
თანამონაწილეობისთვის სასჯელის დანიშვნის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ნიშნები, როგორებიც არის დანაშაულის დამახასიათებელი ნიშანი და დამნაშავის პერსონალური ნიშანი:
- დანაშაულის/ქმედების ნიშანი ახასიათებს დანაშაულს. მაგალითად, ორსული ქალის მკვლელობას ახასიათებს ის, რომ არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. თუ დამნაშავემ იცის მსხვერპლის ორსულობის შესახებ, მაშინ ქმედების ნიშანი – „განსაკუთრებული სისასტიკე“ – დამნაშავეზე გადადის. ამდენად, ქმედების ნიშანი დამნაშავეზე გადავა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნიშანი დამნაშავეს შეცნობილი აქვს;
- პერსონალური ნიშანი დამახასიათებელია პირისთვის (დამნაშავისთვის) და მხოლოდ იმ პირს შეერაცხება, ვისაც ეს ნიშანი აქვს. მაგალითად, თუ დამნაშავე ნასამართლევია, ნასამართლობა არის მისი პერსონალური ნიშანი და მხოლოდ ამ პირს შეერაცხება ( მხოლოდ მისთვის დაამძიმებს სასჯელს და არა სხვა პირებისთვის, თუ დანაშაული ჯგუფურადაა ჩადენილი).
სასამართლო თანამონაწილეობისთვის სასჯელის დანიშვნისას სწორედ ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.