სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით და ის საჯაროა, მიუხედავად იმისა, სხდომა დახურულად მიმდინარეობდა თუ არა.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე -13 პრიმა მუხლის შინაარსის თანახმად, სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე შესაძლოა განიხილებოდეს დახურულ სხდომაზე.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ეს გადაწყვეტილება იძენს საჯარო ინფორმაციის სტატუსს და გაიცემა იმ წესით, რაც დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის , ასევე, გადაწყვეტილების დეპერსონალიზებული ტექსტი კანონიერ ძალაში შესვლისთანავე სათანადო ვებგვერდზე (ecd.court.ge) ქვეყნდება. აღნიშნული წესი ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, არამედ ასევე საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება.
მიუხედავად კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულებისა, 2020 წლის შემდეგ დღემდე შესაბამის საიტზე, სამწუხაროდ, არ გამოქვეყნებულა არცერთი გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სასამართლოს გუშაგის სტატია „სასამართლო გადაწყვეტილებები ისევ არ ქვეყნდება“
რაც შეეხება დეპერსონალიზაციას, აქ იგულისხმება სასამართლო აქტში (როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე ნებისმიერ აქტში) მითითებული ისეთი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია (ე.წ. დაშიფვრა პერსონალური მონაცემების), როგორიცაა:
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ნაწილით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გაიზარდა და გაჩნდა კიდევ ერთი ბერკეტი, რის საფუძველზეც საჯარო ინფორმაციის გაცემა ან/და მისი სრული (დაშიფვრის გარეშე) ხელმისაწვდომობა შესაძლოა გართულდეს.
თავდაპირველად განვმარტოთ, რას მოიცავს საჯარო ინფორმაციის დეფინიცია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციაა ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასამართლოს გადაწყვეტილებაც კანონიერ ძალაში შესვლისთანავე განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.
ამავე კოდექსითაა განსაზღვრული საქვეყნოობის ცნება, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას და მიიღოს მისი ასლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია/ღიაა ყველასთვის, თუმცა ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი – კერძოდ, ეს წესი არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონით განსაზღვრული წესით.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებას აქვს ვალდებულება, განსაზღვროს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისთვის მისაღები ფორმით; ასევე ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს საფრთხე, რომ დედანი დაზიანდება, საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს ამ რისკების თავიდან არიდებას კანონით განსაზღვრული წესით.
იმისთვის, რომ პირმა მიიღოს საჯარო ინფორმაცია, აუცილებელია, წარადგინოს წერილობითი განცხადება იმ დაწესებულებაში, საიდანაც ითხოვს საჯარო ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია მოთხოვნა ელ. ფორმითაც , საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსით (ელ.ფოსტით, მათ შორის).
კანონის თანახმად, დაუშვებელია რაიმე სახის საფასურის დაწესება საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხისა.
თუკი პირი ითხოვს ისეთ ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება სხვის კომერციულ საიდუმლოებას, მან უნდა წარადგინოს იმ პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობა, რომელსაც შეეხება ეს კომერციული საიდუმლოება, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სასამართლო, ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხისთვის საჭიროა ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ან ინფორმაცია მოცულობითია და საჭიროებს დოკუმენტების მოძიებას და დამუშავებას, ან საჭიროა კონსულტაცია სხვა სტრუქტურულ თუ სხვა საჯარო დაწესებულებასთან.
თუკი არსებობს ზემოთ მითითებული წინაპირობები და საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ამის შესახებ მოთხოვნისთანავე აცნობოს განმცხადებელს.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ საჯარო დაწესებულება აქვეყნებს საჯარო ინფორმაციას, ეს არ გაათავისუფლებს მას ამავე ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან, მოთხოვნის შემთხვევაში. ხოლო, თუ საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სასამართლო, უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მაშინ ის ვალდებულია, უარის შესახებ აცნობოს განმცხადებელს (ვინც მოითხოვა საჯარო ინფორმაცია) დაუყოვნებლივ. ამასთან, უარიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით უნდა განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ჩართული იყო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ამას აწესებს კანონი. რაც შეეხება გასაიდუმლოების პერიოდს, თუ კანონით არ არის გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევები, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. ხოლო კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც გასაიდუმლოვდა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.