სასამართლო სისტემიდან საჯარო ინფორმაციის მიღება სულ უფრო რთული ხდება

28.02.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და - სასამართლოს ანგარიშვალდებულების განმსაზღვრელი ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი. მიუხედავად ამისა, დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება საქართველოს საერთო სასამართლოებიდან დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული.
 
„ზოგადად, საზოგადოებას აქვს კონსტიტუციით დაცული ინტერესი, ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტებზე. ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“.1

კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაც არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან. 

მიუხედავად ამ ვალდებულებისა, საქართველოს სასამართლო გუშაგის მიერ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: 

  • სასამართლოები არათუ პროაქტიულად აქვეყნებენ საჯარო ინფორმაციას, არამედ მოთხოვნის საფუძველზეც კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მიუთითებენ გასაჩივრების უფლებაზე, მაშინ, როდესაც ამ უფლებისა და წესის განმარტება არაიურისტისთვის განსაკუთრებით საჭიროა; 
  • ძალიან ხშირად არ არის დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის/უარის თქმის შესახებ კანონით დადგენილი ვადები.

    ამდენად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, საერთო სასამართლოებში მეტ-ნაკლებად ერთნაირი ტენდენციები გამოვლინდა, თუმცა, როგორც აღინიშნა არის გამონაკლისებიც. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად განსხვავებული მიდგომის გამოსაკვეთად წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების, ასევე - ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პრაქტიკას, საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე მიღებული პასუხების მაგალითზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა ჩამოთვლილ სასამართლოს მივმართეთ ერთი და იმავე რაოდენობისა და შინაარსის წერილებით. 

    ცუდი მაგალითი

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა არაერთხელ გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც ვითხოვდით სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რომლის მიზეზად ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო რესურსების არქონა დაასახელა და დამატებით აღნიშნა, რომ “შესაბამისი რესურსისა და დროის გამოთავისუფლების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ თქვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებას.”

    ამასთან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სასამართლო გუშაგს მიმართვის გაგზავნიდან 11 დღის შემდეგ უპასუხა, კანონის თანახმად კი, უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

    გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პასუხი კანონის კიდევ ერთ მოთხოვნას არღვევდა, კერძოდ – საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, ამ წესის შესახებ არ ყოფილა მითითებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პასუხში.

    თბილისის სააპელაციო სასამართლო

    ანალოგიურად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით გვიპასუხა, რომ ინფორმაციის დამუშავება მოითხოვდა სასამართლოს აპარატის არაპროპორციულად დიდ რესურსს და თუკი შესაბამისი დრო და რესურსი გამოჩნდებოდა სასამართლოში, მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფდნენ. 
    ამ შემთხვევაშიც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სასამართლო გუშაგს 11 დღის შემდეგ უპასუხა და არა დაუყოვნებლივ, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა; ასევე, არ მიუთითებია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შემთხვევაში გასაჩივრების უფლება და წესი. 

    ქუთაისის საქალაქო სასამართლო

    საქართველოს სასამართლოს გუშაგმა საჯარო ინფორმაციაზე წერილობითი მოთხოვნებით მიმართა, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოითხოვდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: 
    არსებობს თუ არა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომელი,რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გაცემით არის დატვირთული? ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვითხოვდით მათ სამუშაო აღწერილობას.

    ამ შემთხვევაშიც, ქუთაისი საქალაქო სასამართლომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, თუმცა წერილში მითითებული იყო მისი გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესის შესახებ. მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე უარი კანონით დადგენილი ვადის გადაცილებით გაიცა იმ პირობებში, როცა, კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ

    კარგი მაგალითი

    რუსთავის საქალაქო სასამართლო

    სასამართლოს გუშაგმა ზემოთ განხილული სასამართლოების მსგავსად, იმავე ოდენობისა და შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. გასაკვირია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლომ განსხვავებული მიდგომით იმოქმედა. 

    როგორც წესი, რუსთავის საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთში ადასტურებს წერილის მიღებას; ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდგომ სასამართლომ გვიპასუხა დაუყოვნებლივ. ვინაიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვდა მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხს მოგვაწვდიდნენ კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში.

    ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლო იცავს კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თუ საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
    რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციაზე სასამართლოს აპარატის არაპროპორციულად დიდ რესურსზე ყოველგვარი მითითების გარეშე, უზრუნველყო პასუხის წერილობითი სახით გაცემა კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში. 

    საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება აქვს ყველას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, გარდა ამისა, ნებისმიერ პირს აქვს უფლება აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს. იმისათვის რომ საჯარო ინფორმაცია მიიღოს პირმა საჭიროა წარადგინოს წერილობით განცხადებას იმ ორგანოსადმი, ვისგანაც ითხოვს აღნიშნულს. 

    საჯარო დაწესებულებას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა, ამასთან, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა, დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის. 

    საქართველოს სასამართლოებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა სასამართლოების მიხედვით განსხვავდება, როგორც ზემოთ აღნიშნულმა მაგალითებმა აჩვენა, არსებობს ცუდი და კარგი გამოცდილება, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო იშვიათად. 

    სასამართლო სისტემის პოლიტიკა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ერთი მხრივ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი დაბალი ანგარიშვალდებულების ხარისხზე მიუთითებს, რადგან ისეთ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა „რამდენი მოსამართლე, თანაშემწე და სხდომის მდივანია სასამართლოში?“ ნამდვილად არ მოითხოვს დიდ რესურსს ინფორმაციის დამუშავების მიზნით.

    სასამართლო ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და არა პირიქით, შაბლონური პასუხებით თავიდან მოიშოროს დაინტერესებული პირი „არაპროპორციულად დიდი რესურსების საჭიროებაზე” მითითებით.


    სქოლიო

    1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018

    -----
    courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

    ავტორი: მეგი შამათავა