"სოციოლოგიურ კვლევებში მთავარ პრობლემად ჩანს უმუშევრობა ან ეკონომიკური გაჭირვება, სასამართლოს დამოუკიდებლობა კი სიის თითქმის ბოლოშია ხოლმე."
იურისტსა და სამართლის ეკონომიკური ანალიზის მაგისტრანტ დავით კლდიაშვილს საბანკო სფეროსთან თანამშრომლობის თერთმეტწლიანი გამოცდილება აკავშირებს. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა.
- როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა და ბიზნესის თავისუფლება? რა კორელაცია არსებობს?
- სანამ უშუალოდ ეკონომიკის განვითარებაში სასამართლოს მნიშვნელობაზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, ზოგადად, რა კავშირშია სამართალი და ეკონომიკა ერთმანეთთან.
ხშირად ვამბობთ, რომ სამართალი ეკონომიკისთვის შეიძლება იყოს ფარული მტერი ან საუკეთესო მეგობარი. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ბიზნესი საქმიანობას წარმართავს სამართლის ფარგლებში. მათთვის მნიშვნელოვანია, მათ მიერ დადებული გარიგებები (ბიზნესის დაწყება, შრომითი ურთიერთობები, პროდუქციის რეალიზება და ა.შ.) სამართალმა გახადოს ქმედითი. რომ არა სამართალი, ეს ტრანზაქციები ქმედითი ვერ იქნებოდა – არ ექნებოდა სავალდებულო ძალა.
ამრიგად, სამართალი ბიზნესისთვის, და შესაბამისად, ეკონომიკისთვის, მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სამ ნაწილად რომ დავყოთ, ეს არის:
მატერიალური ნორმები, რომელთა საფუძველზეც სამართლებრივ ურთიერთობაში შევდივართ, მეორე – დავის განხილვა და გადაწყვეტა, მესამე – ასე ვთქვათ, დამდგარი შედეგის აღსრულება. დავას ხომ აზრი არ ექნება, თუ გადაწყვეტილება არ ან ვერ აღსრულდა?!
- განვმარტოთ, რა როლი აქვს სასამართლოს ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებში?
- დავიწყოთ კომპეტენციის საკითხით. სასამართლო გადაწყვეტილებას აქვს ე.წ. ex-ante ფუნქციაც, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ბიზნესის, ანუ ეკონომიკური აგენტების მომავალ ქმედებებზეც, კონკრეტული ტიპის ბიზნესურთიერთობებზე.
როცა ვამბობთ, რომ სასამართლოს კომპეტენციის პრობლემა აქვს, ვგულისხმობთ, რომ მოსამართლეს ხშირად არ აქვს შესწავლილი კონკრეტული ტიპის ბიზნესურთიერთობების სპეციფიკა.
რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს. მკითხველმა არ იფიქროს, რომ ეს პრობლემა ყველა მოსამართლეს აქვს, მაგრამ თუ არაკვალიფიციური გადაწყვეტილება ბევრია, ზოგადად, სისტემაზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაკვალიფიციური და არაეფექტიანია.
არსებობს საქმეები, რომლებშიც აშკარად ჩანს, რომ მოსამართლე არ ითვალისწინებდა კონკრეტული ბიზნესურთიერთობის ბუნებას (რისგან შედგებოდა, რა იყო რისკი და ამ გადაწყვეტილებას მომავალში რა შედეგი მოჰყვებოდა). ასევე, მოსამართლე არ ითვალისწინებდა, რამდენად ეფექტიანად აღსრულებადი იქნებოდა მისი გადაწყვეტილება.
ასეთია, მაგალითად, საბანკო ბარათის გამოყენებასთან, იპოთეკის ბათილობასა და არასრულწლოვანის მიერ ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემაზე დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
გადავიდეთ შემდეგ პრობლემაზე. ასეთია, მაგალითად, დროში გაწელილი სასამართლო პროცესები.
ეკონომიკაში არსებობს – ტრანზაქციული დანახარჯები და ოქროს წესი, რომ რაც უფრო დაბალია ეს დანახარჯები, მით უფრო სწრაფად ვითარდება ეკონომიკა, მით უფრო შემოდის ინვესტიციები და ა.შ.
ამ საფასურის ერთ-ერთი ნაწილია სავარაუდო დავა – რამდენად ეფექტიანად და სწრაფად დასრულდება ის; რამდენად დაცულია დავის განმხილველი სისტემა გარე ჩარევებისაგან.
საქართველოში ძალიან მაღალი ტრანზაქციული დანახარჯები გვაქვს. ამას ისიც განაპირობებს, რომ სასამართლო პროცესები დროში არალოგიკურად დიდხანს იწელება. მარტივი მაგალითი წარმოვიდგინოთ:
თქვენ გაასხვისეთ პროდუქცია და უნდა მიგეღოთ თანხა, მეორე მხარემ კი ეს ვალდებულება არ შეასრულა. თქვენ მიდიხართ სასამართლოში, მას თანხა რომ მოსთხოვოთ, დავა კი დროში იწელება. კიდევ ერთი მარტივი მაგალითი იჯარაა. დღეს საქართველოში საიჯარო ურთიერთობა ძალიან აქტუალურია – უცხო ქვეყნების ბევრი მოქალაქეა შემოსული. საქართველოს მოქალაქეები მათზე ბინებს აქირავებენ. როგორც იცით, დღევანდელი კანონმდებლობით, თუკი მოქირავნე არ იხდის თანხას და თავისი ნებით სახლსაც არ ტოვებს, გამქირავებელმა სასამართლოს უნდა მიმართოს მის გამოსასახლებლად. ასეთ შემთხვევებში, პირველი შეკითხვა, რაც უჩნდებათ, ვადას შეეხება –
რამდენი ხანი გაგრძელდება ეს საქმე? მიუხედავად იმისა, რომ კანონში განხილვისთვის სავალდებულო მცირე ვადა წერია, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში წელიწადი, წელიწად-ნახევარი მაინც გრძელდება პროცესი პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამას დავამატოთ, თუ მეორე და მესამე ინსტანციებში გასაჩივრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი – აღსრულების მომენტი.
წარმოიდგინეთ, როგორ ფერხდება ამით საიჯარო ურთიერთობები. შეიძლება, რაღაც პერიოდის განმავლობაში შენი ქონება აბსოლუტურად უფუნქციო გახდეს – ვიღაც ცხოვრობდეს და მისგან სარგებლის მიღების შანსიც არ გქონდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს გვიბიძგებს, გავიდეთ სამართლებრივი ჩარჩოდან.თუ სასამართლო ეფექტიანი არაა (იგულისხმება დროის, ასევე კომპეტენციისა და თავისუფლების ასპექტი), ვირჩევთ არასამართლებრივ გზებს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როდესაც პირი მეუბნებოდა, რომ დამქირავებელი არ იხდის თანხას და არც სახლიდან გადის, მე კი ვეუბნები, სასამართლოში უნდა წახვიდეთ-მეთქი, მაგრამ პროცესი წელიწად-ნახევარი ან ორი წელი გაიწელება, ის მიდის და ფიზიკური დაპირისპირებით ცდილობს, გამოასახლოს. ეს უკვე დანაშაულია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ხშირად გვავიწყდება: არაეფექტიანი სასამართლო სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლისკენ გვიბიძგებს.
ადამიანებს გვაქვს სამართლის მოთხოვნილება. სახელმწიფომ კი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდა უზრუნველყოს.
- ამ მაგალითის უფრო მსხვილ გარიგებებზე გადატანა რელევანტურია?
- რა თქმა უნდა, მაგალითად, ხშირია კორპორაციული დავა მოწილეებს შორის, ვის რამდენი პროცენტი და მოგების რა ნაწილი ეკუთვნის. რაც უფრო დიდია გარიგება, უფრო რთული და მძიმე შედეგი აქვს დავის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გადატანას.
შემდეგი საკითხია ე.წ. კლანური მმართველობა სასამართლოში. ხშირად მილაპარაკია ამ თემაზე. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, თავად სასამართლო და სახელმწიფოა.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაწყებული (რომლებიც „ვოჩდოგების“/მეთვალყურის როლს ასრულებენ), დამთავრებული აშშ-ის საელჩოთიც კი, ყველა ამბობს, რომ სასამართლო გავლენისგან თავისუფალი არ არის. ლოგიკურია, რომ სასამართლო და სახელმწიფო თავიანთ თავზე არ იტყვიან, რომ ასეთი პრობლემებია სისტემაში, მაგრამ ყველა გარე დამკვირვებელი ამაზე მიანიშნებს.
- ამ პრობლემაში პოლიტიკის წილი რამდენია?
- კონკრეტულ პროცენტობაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კლანის არსებობას უშვებს სახელმწიფო, ანუ – პოლიტიკური ჯგუფი. კონკრეტული სარგებელი რომ არ არსებობდეს, ასე არ იქნებოდა. სხვა რა მოტივი უნდა გქონდეს, რომ, როგორც პოლიტიკურმა ჯგუფმა, კლანის არსებობა დაუშვა?!
სისხლის სამართლის საქმეებზე უფრო ხშირად საუბრობენ. მაგალითად, ნიკა გვარამიას პროცესი გავიხსენოთ – ისეთი მუხლით ასამართლებენ და უსჯიან, რომლითაც თითქმის არავინ მახსენდება რომ დაეკავებინათ. ასეთი საქმეები წინა პლანზე გამოდის და მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა, მაგრამ ამის უკან ასობით საქმეა, რომელიც ძალიან მარტივ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს ეხება და მასში მიუკერძოებლობის რისკები არსებობს.
ცუდია, რომ ამაზე საჯარო საუბარს ყველა ერიდება. არავინ ამბობს, მაგალითად, რომ კონკრეტულ საქმეში მიუკერძოებლობის კვალს წააწყდნენ. თუ მეორე მხარე „ალაგებს“, თვითონაც ამ გზით წასვლას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს პრობლემაზე ღიად ისაუბრონ.
ბიზნესი, ვითარებას მოკლევადიანი პერსპექტივიდან განიხილავს. მისი მოტივაცია სისტემის გაუმჯობესება კი არაა, არამედ ცდილობს კონკრეტული ინტერესი დაიკმაყოფილოს იმ მომენტში.ამ პრობლემას კარგად ხსნის ე.წ. თამაშების თეორია. რომ წარმოვიდგინოთ – თუ ყველა ბიზნესი ერთდროულად გადაწყვეტს, რომ კარგი სასამართლო სისტემა უნდათ, მეორე დღეს გვექნება კიდეც. მაგრამ აქ არსებობს შიში: შეიძლება, მე გამოვხატო პრეტენზია, მაგრამ სხვები არ ამიბამენ მხარს, შესაბამისად, ისევ მე გამოვალ წაგებული.
კიდევ ერთი ფაქტორი: ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებული შეკითხვები ცნობილია უცხოელი ინვესტორებისთვისაც კი. ყველა მათგანი, ვისთანაც კერძო პრაქტიკით მქონდა შეხება, ამბობს, რომ მათ ეს იციან და ამიტომ აფასებენ მაღალრისკიანად აქ ინვესტირებას.
რატომ უნდა ყველა ბიზნესმენს, რომ მათი დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს? იმიტომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არ არსებობს.
ასევე, პრობლემა უშუალოდ მოსახლეობის მიერ აღქმადი არ არის. მათ არ აქვთ სასამართლოსთან ყოველდღიური შეხება. ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე ფარული მტერი და ფარული მოკავშირე. ხაზი „ფარულს“ გავუსვი. ფარული ნიშნავს, რომ პირდაპირ არ ვლინდება. მარტივი მაგალითი ავიღოთ:
სოციოლოგიურ კვლევებში მთავარ პრობლემად ჩანს უმუშევრობა ან ეკონომიკური გაჭირვება, სასამართლოს დამოუკიდებლობა კი სიის თითქმის ბოლოშია ხოლმე. აღქმის დონეზეა ასე, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქითაა – უმუშევრობა და ეკონომიკური გაჭირვება მხოლოდ გამოვლინებაა პრობლემის, რაც სასამართლოშია. რიგით მოქალაქეს მართალია, აწუხებს ამ პრობლემის გამოვლინება, მაგრამ მისი დაკვეთა ჯანსაღი სასამართლო არ არის, რითაც სახელმწიფო სარგებლობს.
ჩემი აზრით, მთავარი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ავუხსნათ მაქსიმალურად ფართო სპექტრს, რომ მათი პრობლემები სინამდვილეში მხოლოდ შედეგია და მიზეზი სხვაგან არის.
- მოდით, კომპეტენციის საკითხზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. ბიზნეს დავას, ძირითადად, ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები განიხილავენ. კარგია ეს თუ ცუდი?
- პრინციპის დონეზე ვიწრო სპეციალიზაციის არსებობა აუცილებელია. არ შეიძლება, მაგალითად, საოჯახო დავა და საბანკო ურთიერთობების საქმე ერთმა მოსამართლემ განიხილოს. ამას სათანადო ხარისხი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნება. ფიზიკურად შეუძლებელია, კონკრეტულმა მოსამართლემ სამართალი ასე სიღრმისეულად იცოდეს ყველა მიმართულებით. თეორიულად კარგია, მოსამართლეები სპეციალიზებულნი რომ იყვნენ, მაგრამ სიღრმეებში თუ შევალთ, ორი კითხვა ჩნდება: რამდენად საკმარისია იმ მოსამართლეთა რაოდენობა, რომლებიც კონკრეტული ტიპის დავას იხილავენ და მეორე – თავად ამ მოსამართლეების კომპეტენცია რამდენად შეეფერება განსახილველ დავას.
სასამართლო იერარქიაში რაც უფრო მაღლა მივიწევთ, რა თქმა უნდა, მეტი კომპეტენცია მოგვეთხოვება. ისე არ გამოგვივიდეს, რომ პირველ ინსტანციაში განსაკუთრებულად არაკომპეტენტური მოსამართლეები გვყავს. არა, არიან პირველი ინსტანციის კარგი მოსამართლეები.
ასევე, მოსამართლეები, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი საკამათო გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, უცბად აპელაციისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ხდებიან. ამ შეფასებას პირად საუბარში ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა იურისტი იზიარებს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მოსამართლეები იურისტის პროფესიას ტოვებენ უფუნქციოდ. შემიძლია, გავიხსენო გადაწყვეტილებები, რომლებიც კარდინალურად ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რასაც წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სწავლობენ იურისტები. ასეთი გადაწყვეტილებები მინიმალურ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, განჭვრეტადობის ელემენტარულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. არადა, განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამართალი ყოველთვის ისეთი მარტივი არაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ორჯერ ორი არ შეიძლება იყოს ათი და ოთხის გარშემო უნდა იტრიალოს, თუ მათემატიკურად გადავთარგმნით.
როცა მოსამართლის გადაწყვეტილებაში ორჯერ ორი ათია, ეს მთლიანად ანგრევს მატერიალურ სამართლებრივ სისტემას. გამოდის, რომ, როგორც იურისტმა, წლები აბსოლუტურად ტყუილად ისწავლე.
- კომპეტენციის პრობლემა მარტივად გადაჭრადია? შეიძლება, მთელი სისტემის რეფორმირების გარეშე მოგვარდეს?
- მოგვარების კუთხით აბსოლუტურად სხვადასხვაა. თუ, მაგალითად, კლანურობის აღმოფხვრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, კომპეტენციის კუთხით ძალიან დიდ სირთულესთან გვაქვს საქმე. დღევანდელი დღიდან რომ დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, ალბათ, სულ მცირე, ათი წელი დაგვჭირდება.
ეს მხოლოდ მოსამართლეების გადამზადებას არ გულისხმობს, არამედ – მატერიალურ კანონმდებლობაში აუცილებელ ცვლილებებს, სასამართლოზე ასეთი დაწოლა რომ აღარ იყოს. საქმეები სასამართლომდეც უნდა გვარდებოდეს მედიაციით, არბიტრაჟით ან ე.წ. წინა სასამართლო მოსმენით. საქმე ის არის, რომ არსობრივად ვითარების შეცვლა არავის უნდა.
- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ უკეთესი გამოსავალია კომერციული პალატების შექმნა და არა მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრა?
- დიახ, გეთანხმებით, რომ ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრა თვისებრივად არ აგვარებს პრობლემას. გაცილებით უკეთესი იქნებოდა რეფორმის ფარგლებში კონკრეტული პალატების შექმნა. ასე ბევრად სტრუქტურირებული იქნებოდა.
რაც შეეხება სპეციალიზაციას – რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, კონკრეტული პროფესიები დროის მოკლე მონაკვეთში აითვისონ, მაგრამ, როცა მსხვილ საქმეებზე ვლაპარაკობთ, სხვა გარემოებებია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ზოგიერთი კორპორაციული დავა მოითხოვს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ნორმების, სხვადასხვა ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის ღრმა ცოდნას.
- ხელისუფლება საერთაშორისო რეიტინგებში კარგი პოზიციონირებით იწონებს თავს. როცა ინვესტორი აქაურ ბაზარზე აპირებს შემოსვლას და შესაბამის ბიზნესგეგმას წერს, ასეთ რეიტინგებს ეყრდნობა, თუ რაიმე სხვა წყაროებს?
- მოდი, ასე ვთქვათ: როცა ინვესტორს ერთ მხარეს ეს რეიტინგი უდევს, მეორე მხარეს კი – ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ამერიკის საელჩოს შეფასებაც კი, რომ სასამართლოში კლანი მოქმედებს, რეიტინგი მისთვის ფარატინა ქაღალდად რჩება. არც ერთი ინვესტორი რამდენიმე მილიონიან პროექტს მხოლოდ რეიტინგის საფუძველზე არ განახორციელებს.
- უკვე მოქმედ ბიზნესოპერატორებთან რამდენად ხშირად გადიან კონსულტაციას? ეკითხებიან ხოლმე მას, ვისაც საქართველოში ბიზნესის კეთების გამოცდილება უკვე აქვს?
- ჩემი პირადი დაკვირვებით, საქართველოში, ძირითადად, მაღალრისკიანი თანხები მოდის, თანაც იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართული სასამართლოს პრობლემები ჩვეულებრივი ამბავია.
- რატომაა ეს ცუდი?
- იმიტომ, რომ ჩვენთან შემოდის სამართლებრივი კულტურა, რომელიც არ არის კავშირში დასავლურთან. თუ დავუკვირდებით, დასავლური ინსტიტუციური ინვესტიციები ჩვენთან ძალიან ცოტაა. არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც კორუფცია და კლანურობა უცხო არ არის, ორგანული ამბავია და, შესაძლოა, პირიქით, კარგადაც კი გრძნობენ თავს.
- პოლიტიკური კორუფცია იმასაც გულისხმობს, რომ ბიზნესი ეხმარება პოლიტიკურ აქტორებს საარჩევნო მიზნების მიღწევაში?
- საერთოდ, ყველაფერი ლოგიკის საფუძველზე მუშაობს. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ბიზნესმენი და გარკვეული თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაქვთ გადახდილი მმართველი გუნდისთვის. ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ინვესტიციაა, რომლიდანაც უკუგებას ელით. უკუგება შეიძლება, ბევრნაირი იყოს. მაგალითად, რაც თვალსაჩინოა – ტენდერებში გამარჯვება. ესეც ერთ-ერთი უკუგებაა.
როცა პოლიტიკური კლასი რაღაცით დავალებულია, ინვესტორს, რომელიც სასამართლო დავას აპირებს, შეუძლია, მათთან მივიდეს და დახმარება სთხოვოს. ეს ხომ ლოგიკურად მოსალოდნელია – თუ პოლიტიკური კლასი ჩემგან მატერიალურად დავალებულია, მე მას უკუგებას მოვთხოვ.
- შეიძლება, ასე დავყოთ – მსხვილი ბიზნესი უფრო პოლიტიკური კორუფციისათვის არის მოწყვლადი, საშუალო და მცირე კი – უფრო ყოველდღიური, ბანალური კორუფციისთვის?
- რა თქმა უნდა. დიდი ბიზნესი უფრო მფარველობისკენაა მიდრეკილი, პატარა ბიზნესი სხვა გზით ცდილობს ფონს გასვლას.
- აქ დამკვიდრებული პრაქტიკით, არსებობენ სისხლის სამართლის ადვოკატები, რომლებიც პროკურატურასთან თანამშრომლობენ და საქმეების არაფორმალურად „დალაგებაც“ შეუძლიათ. ასეთი „დამლაგებელი“ ადვოკატები თქვენს სფეროშიც არიან?
- როცა მოსამართლეებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ადვოკატთა კორპუსი, რომლებიც არასამართლებრივი გზებით თანამშრომლობენ სისტემასთან.
- მათი ვინაობა ცნობილია დაინტერესებული მხარეებისთვის, ხომ?
- როცა არსებობს პასუხის გამცემი, იარსებებს ის, ვინც მას მიმართავს.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა პუბლიკაზე:
---
საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’
სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.