გაუპატიურების საკანონმდებლო ჩანაწერი ისევ არ არის სრულყოფილი

17.12.2024

ევროკავშირის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობას მიემართება. ამ პრიორიტეტის ფარგლებში ცვლილებების მოლოდინი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გაუპატიურების ცნების სტამბულის კონვენციასთან ჰარმონიზებას უკავშირდება.

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი იქნება გაუპატიურების ფორმები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და ეროვნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული ფორმების მიმართება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ფორმებთან. 

სისხლის სამართლის კოდექსში დღეს არსებული ჩანაწერის თანახმად, გაუპატიურება არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსი გამოყოფს გაუპატიურების მხოლოდ სამ ფორმას: 

  • ძალადობას;
  • ძალადობის მუქარას;
  • დაზარალებულის უმწეობის გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობა ბევრჯერ შეიცვალა, სისხლის სამართლის კოდექსში დღემდე არ არის გათვალისწინებული „თანხმობის არქონა“ როგორც გაუპატიურების ერთ-ერთი ფორმა, მაშინ, როცა დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ნებაყოფლობითი თანხმობის არქონას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანხმობის კომპონენტი აუცილებელია გაუპატიურების, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის. შესაძლებელია, არ არსებობდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გაუპატიურების არცერთი ფორმა, თუმცა პირი არ იყოს თანახმა სქესობრივ კავშირზე. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად თანხმობის არარსებობისა, სქესობრივი კავშირის დამყარება, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, არ ჩაითვლება გაუპატიურებად, ხოლო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - ჩაითვლება. ეს განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, გაუპატიურების ფორმად მიიჩნევა თანხმობის არქონაც, ეროვნულ კანონმდებლობაში კი აღნიშნული ფორმა არ არის გათვალისწინებული.

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (შემდგომში − „სტამბოლის კონვენცია“) რატიფიცირდა საქართველოში 2017 წელს. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ნიშნავს იმას, რომ მას იურიდიული ძალა გააჩნია. სწორედ ამიტომ საქართველო ვალდებულია, ეროვნული კანონმდებლობა მოიყვანოს შესაბამისობაში სტამბოლის კონვენციასთან. ამ ვალდებულების თანახმად, სქესობრივ კავშირზე თანხმობის არქონა გაუპატიურების ფორმად ითვლება, სხვა ფორმებთან ერთად.

საქართველოს პროკურატურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში მითითებულია, რომ დევნის დაწყების მაჩვენებელი გაუპატიურებასთან მიმართებით იზრდება წლების მიხედვით, კერძოდ, თუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2020 წელს 44 შემთხვევას შეადგენდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 84 შემთხვევას აღწევს, ხოლო 2022 წელს - 105 შემთხვევას. ვინაიდან გაუპატიურების დანაშაულთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება (რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს დანაშაულის ზრდით, ან/და დანაშაულის გამოვლენის ზრდით), კიდევ უფრო საჭირო ხდება, რომ კანონი ამ დანაშაულთან მიმართებით იყოს ყოვლისმომცველი და ითვალისწინებდეს გაუპატიურების ყველა ფორმას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ ნამდვილ თანხმობას. თუ თანხმობა მიღებულია ადამიანის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებით, მაშინ ეს თანხმობა ვერ ჩაითვლება ნამდვილ თანხმობად.

ამდენად, გაუპატიურების მუხლი თავის თავში უნდა მოიცავდეს ყველა ფორმას. ეს აღმოფხვრის იმ საკანონმდებლო ხარვეზს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა არსობრივად გაუპატიურების დანაშაული გაუპატიურებად ვერ კვალიფიცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მუხლის შინაარსის არასრული ფორმით არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სტამბოლის კონვენციასთან. ამისათვის კი საჭიროა, საკანონმდებლო ორგანომ გააგრძელოს გაუპატიურების მუხლში ცვლილებების შეტანის პროცესი და სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში გათვალისწინებული იქნეს გაუპატიურების ყველა ფორმა.

გაუპატიურების მუხლში თანხმობის კომპონენტის არსებობით, ერთ მხრივ, ამოივსება ის სივრცე, რაც დარჩენილია შესაბამის მუხლში და, მეორე მხრივ, გადამწყვეტი გახდება პირის ნება სქესობრივი კავშირის დამყარების დროს.


-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.