2023 წლის 23 მაისს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გურჯაანში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან სასამართლო სისტემის შესახებ დისკუსია გამართა.
ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა და პროექტის "საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის" პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა მეგი შამათავამ სასამართლოების მონიტორინგთან და სასამართლო სისტემაში არსებული მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა, ხოლო ქეთი გაჩეჩილაძემ სასამართლო სისტემის სტრატეგია მიმოიხილა.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ის პრობლემები, რომლებიც მოსამართლეთა რაოდენობას ეხება. ამჟამად გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 7 მოსამართლის ნაცვლად 3 მოსამართლეა, რაც ბუნებრივია სასამართლოს მუშაობის ხარისხზე, მოსამართლეების გადატვირთულობაზე და საქმეთა გაჭიანურებაზე უარყოფითად აისახება.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.